ბერები
ბერები
"ბეთანიელ ბერებს ურწმუნო ადამიანებიც კი ღვთის ანგელოზებად მიიჩნევდნენ..."
ჩასულხარ ფეხით ბეთანიაში? აუცილებლად დაადექი ამ წმინდა ტაძრისკენ მიმავალ ბილიკებს, თამარის ფრესკას თვალებში ჩახედე და უსიტყვოდ მიხვდები, რატომ არის საქართველო დიდი...

ამ ტყის ბილიკებით მრავალ წმინდა მამას უვლია და იქაურობა თითქოს წარუშლელად ინახავს მათ ნატერფალს...

აქაურობამ ორი წმინდა კაცის, მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში ბეთანიაში მოღვაწე ბერების - მამა იოანე მაისურაძისა და მამა გიორგი მხეიძის მადლი და ლოცვებიც შეისუნთქა... ფოტოებზე, ისევე, როგორც ცხოვრებაში, ისინი ერთად დგანან, გამუდმებული შრომითა და ღვაწლით გალეული ორი დაკონკილი, ბერული კაბით მოსილი ბერიკაცი, როგორც ორი წმინდა სანთელი...

მათ უმძიმეს დროს მოუხდათ ცხოვრება, მრავალჯერ გადაურჩნენ აშკარა სიკვდილს და წმინდა ცხოვრებითა და ლოცვით ბეთანიაც გადაარჩინეს და საქართველოც...

ისეთი სიყვარული და სათნოება ჰქონდათ, ვინც კი შეხედავდა, ურწმუნო ადამიანებიც კი აუხსნელი სიმპათიით იმსჭვალებოდნენ ამ საოცარი, თითქოს არაამქვეყნიური, შინაგანად მანათობელი ბერებისადმი... ძალიან ძლიერი ლოცვა შეეძლოთ და მრავალი ადამიანი განკურნეს...

ერთმანეთი ძალიან უყვარდათ. როდესაც მამა გიორგი ოპერაციის გასაკეთებლად თბილისში ჩაიყვანეს, მამა იოანე გამუდმებით ლოცულობდა მისთვის და სულ იმეორებდა: - ნეტავ არ მომიკვდეს ჩემი გიორგიო... მის მკურნალ ექიმს კი წერილებს სწერდა, - გთხოვთ, კარგად მოუარეთო...

დიდი სულიერი სიახლოვის მიუხედავად, ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებოდნენ - მამა გიორგი, სუსტი ჯანმრთელობის მიუხედავად, ფიცარზე იძინებდა და ღუმელს ზამთარშიც არ ანთებდა, ღამით კი ბევრს ლოცულობდა, მამა იოანე კი ძალიან ბევრს შრომობდა, მამა გიორგის უფრთხილდებოდა და მძიმე სამუშაოს ყოველთვის თავის თავზე იღებდა. ღამეს ისიც ლოცვაში ატრებდა...

ხშირად დაურბევიათ ბერები უღმერთო ადამიანებს. ერთხელ მონასტრის გასაძარცვად მოსულებმა ბერებს სასტიკად სცემეს და ხელფეხშეკრულები სენაკში რამდენიმე დღით გამოკეტეს, მაგრამ, ღვთის შეწევნით, გადარჩნენ...

მამა გიორგიმ, სუსტი ჯანმრთელობის მიუხედავად, მამა იოანეზე ხუთი წლით მეტი იცოცხლა და სრულიად მარტო, უმწეო და სნეული შემორჩა ბეთანიას... თურმე ხშირად იტყოდა ხოლმე, - დავობლდი, მამა იოანემ მარტო დამტოვაო...

მამა გორგი მამა იოანეს გარდაცვალებიდან ზუსტად ხუთი წლის თავზე გარდაიცვალა. ორივე ბერი 75 წლისანი გავიდნენ ამ ქვეყნიდან და ბეთანიის ტაძრის აღმოსავლეთ კედელთან არიან დაკრძალულნი...

მამა გიორგი გაბრიელ ბერის მოძღვარი იყო. მამა გაბრიელი ამბობდა, - მას წმინდანად შერაცხავენ, უხრწნელად განისვენებს და გულზე სახარება ადევსო...

მისი წინასწარმეტყველება მართლაც ახდა - ქართულმა ეკლესიამ რამდენიმე წლის წინ ორივე ბერი წმინდანად შერაცხა. მათი ხატის ნახვა გინდა? ანჩისხატის ტაძარში იპოვი.

შეგვეწიოს მათი ლოცვის მადლი, მეგობარო!
ბეჭდვა
1კ1