წმინდანი
წმინდანი
ცეცხლში შესვლის წინ თეკლემ პირჯვარი გამოისახა და უფალი ადიდა
წმინდა თეკლე ქალაქ იკონიაში, მდიდარ და სახელგანთქმულ ოჯახში დაიბადა. გამოირჩეოდა საოცარი სილამაზით. 18 წლის ასაკში ერთ-ერთ შეძლებულ ახალგაზრდაზე დანიშნეს. მაგრამ იმ დღეებში წმინდა ქალწულმა შემთხვევით მოისმინა წმინდა პავლე მოციქულის ქადაგება და დიდი სურვილი გაუჩნდა, სიცოცხლე ქრისტიანული სარწმუნოებისთვის შეეწირა. მას დედამ წინააღმდეგობა გაუწია. ქალაქის მმართველთან უჩივლა წმინდა პავლეს თეკლეს საქმრომაც, რის გამოც მოციქული საპყრობილეში ჩასვეს. ეს რომ შეიტყო, წმინდა თეკლე შინიდან გაიპარა, მივიდა საპრობილეში, მცველს სამკაულები მისცა და შეაღწია თავის მოძღვართან. სამი დღის განმავლობაში წმინდა პავლეს ფეხებთან იჯდა და ისმენდა ქადაგებას. ქალწულს მიაგნეს და ძალით დააბრუნეს შინ, პავლე მოციქულს კი ქალაქიდან გაძევება გადაუწყვიტეს. წმინდა თეკლეს რომ ვერ გადაათქმევინეს განზრახვა, დედამ თავად მიჰგვარა ის ქალაქის მმართველს, რომელმაც ცეცხლში დაწვის განაჩენი გამოუტანა. ცეცხლში შესვლის წინ თეკლემ პირჯვარი გამოისახა და უფალი ადიდა. მოხდა სასწაული, ალმა ოდნავადაც ვერ ავნო ქალწულს. მაშინ თეკლე მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ არც ნადირმა დააკარა პირი. ამის მოწმე მმართველი შეშინდა და გაათავისუფლა წმინდა მოწამე.

თეკლემ ერთ-ერთი ქრისტიანის დახმარებით მიაკვლია თავისი საყვარელი მოძღვრის ადგილსამყოფელს, რომლის ლოცვა-კურთხევითაც მახლობელ უდაბნოში დასახლდა. აქ მრავალი წელი გაატარა. წმინდა თეკლე უამრავ ადამიანს კურნავდა ლოცვით, ასევე არაერთი წარმართი (ურწმუნო) მოაქცია ქრისტეს სარწმუნოებაზე.
ბეჭდვა
1კ1