ცხოველთა სამყარო
ცხოველთა სამყარო
იცი, რა ძნელია უდაბნოში სიარული?
ჩემო პატარა მეგობარო, ალბათ იცი, რომ ციყვი ნაძვის ან სხვა ხის ტოტებზე საკუჭნაოს აკეთებს. აქ აგროვებს და ინახავს თხილსა და კაკალს ზამთარში საკნატუნოდ. თაგვი საკუჭნაოს მიწაში იშენებს, სადაც საზამთროდ პურის მარცვალსა და მცენარეების ფესვებს იმარაგებს. აი, აქლემს კი თავისი საკუჭნაო ზურგით დააქვს.

აქლემი უდაბნოში ცხოვრობს. იცი, რა ძნელია უდაბნოში სიარული? მზე სასტიკად აცხუნებს, ირგვლივ ყველგან გავარვარებული ქვიშაა. მხოლოდ აქა-იქ მოწანწკარებს პატარა რუები, რომელთა გარშემოც ხეები და ყვავილები ხარობს. ასეთ ადგილებს ოაზისებს ეძახიან.

თურმე დიდი ხნის წინათ სწორედ ასეთ ოაზისში დასცეს კარვები არაბებმა. აქ დაიბადა აქლემი. ალბათ არ იცი, პატარა აქლემს კოზაკი რომ ჰქვია. ჰოდა, ამ პატარა კოზაკს ეთამაშებოდნენ შავგვრემანი არაბი ბავშვები, ხუჭუჭთმიან თავს რბილ კისერზე ადებდნენ და ასე იძინებდნენ... საჭმელიც ერთი ჰქონდათ - ბავშვებიც და კოზაკიც აქლემის ტკბილი რძით იკვებებოდნენ.

გავიდა დრო, კოზაკი გაიზარდა და ღონიერ აქლემად - თავისი პატრონის ერთგულ დამხმარედ იქცა.

აქლემს ძალიან ხმელი და მაგარი ტუჩები აქვს, ამიტომაცაა, რომ სულაც არ ესერება, როცა მაგარ და ეკლიან მცენარეებს გლეჯს. აქლემი იმ მცირედი საკვებითაც კმაყოფილია, უდაბნოში რომ პოულობს. თურმე, მიღებული საკვების ნაწილს სხეულში ინახავს - იმ დროისთვის, როცა უდაბნოში შორს მგზავრობა მოუხდება. ხედავ, რა წინდახედული ვინმე ყოფილა ჩვენი აქლემი!

აქლემს ქონი ზურგზე ამოსულ კუზში უგროვდება. აფრიკულ აქლემებს მარტო ერთი კუზი აქვთ, სხვებს კი, რომლებიც შუა აზიაში ცხოვრობენ, ორ-ორი კუზი აბიათ. აქლემის კუზი გარედან ხშირი და გრძელი ბეწვითაა შემოსილი, შიგნიდან კი ნაზი და დაცალკევებული კანისგან შედგება. ეს კანი მრავალ პატარ-პატარა უჯრად არის დაყოფილი და ღრუბელს ჰგავს. თითოეული უჯრა პაწაწინა საკუჭნაოა, რომელსაც დღითიდღე ემატება ქონი. თუ აქლემი საკმარის საჭმელს იღებს, კუზი მაღალი და სავსე აქვს.

აქლემს წყლის საკუჭნაოც ჰქონია, რომელიც, დამეთანხმები, საჭმელზე ბევრად საჭიროა ცხელ უდაბნოში. კუჭთან აქლემს კანის მრავალი უჯრა აქვს. ეს უჯრები მჭედლის საბერველივით იღება და იხურება. როცა წყაროზე ჩასვლა მოუხდება, აქლემი გასაოცრად ბევრ წყალს სვამს - წყლის საკუჭნაოს ივსებს. წყალს კი იმ დროისთვის ინახავს, როცა უდაბნოში პირის გასველება ცვრითაც შეუძლებელი იქნება.
ბეჭდვა
1კ1