ბერები
ბერები
მამა გიორგის თავისი ასაკი აღარც კი ახსოვდა
ასე მგონია, ამ საყვარელი მოხუცის ფოტოს რომ დახედავ, შენც ჩემსავით სამუდამოდ შეიყვარებ მამა გიორგი ბულესკირიას.

იცი, რამდენ ხანს იცოცხლა?

როდესაც ასაკს ეკითხებოდნენ, აღარც კი ახსოვდა. თითქმის ას წელს იყო მიტანებული...

გსმენია რამე განდეგილ ბერებზე, უდაბნოებსა და გამოქვაბულებში განმარტოებით რომ მოღვაწეობენ? სწორედ ასეთი ბერი იყო მამა გიორგი ბულესკირია. ძალიან დიდხანს იცხოვრა უდაბნოში, განმარტოებით და მისთვის ამქვეყნიური დრო თითქოს წაიშალა... განდეგილები ხომ მუდმივად ლოცულობენ სამყაროსთვის...

სამურზაყანოს სოფელ ოქუმში დაიბადა. დედისერთა იყო. ახალგაზრდობაში ძალიან ლამაზი ყოფილა. დედამისს მისი დაქორწინება უნდოდა, მაგრამ გიორგიმ წმინდა ალექსი შუშანიასთან შეხვედრის შემდეგ ბერობა გადაწყვიტა და გიორგის სახელით მალე აღიკვეცა კიდეც.

სიცოცხლის ბოლოს აფხაზეთში, ილორის წმინდა გიორგის სახელობის უძლიერეს მონასტერში გადავიდა სამოღვაწეოდ. მისი მოძღვარი მამა იოაკიმე შენგელაია იყო, რომლის მოწამებრივ ცხოვრებაზე ადრეც გიამბე...

საოცარი ხმა ჰქონდა, თავმდაბალი, მოწყალე და უზომოდ უბრალო იყო, მაგრამ ყველა გრძნობდა მამა გიორგის ბუნებრივ დიდებულებას. ისეთი სიმშვიდე და მორჩილება ჰქონდა, ცა რომ ჩამოქცეულიყო, უფალს მაინც მადლობას შესწირავდა.

ძალიან ღარიბი იყო, არაფერი გააჩნდა და როდესაც ერთ-ერთი მღვდლის სენაკში ორი სახარება დაინახა, უთხრა: - თუ ორი ტანსაცმელი გაქვს, ერთი უქონელს მიეცი; მშივრებსაც უწილადე, თუ რამ გაგაჩნია. თუ ორი სახარება მოგცა ღმერთმა, ერთი სხვას უსახსოვრე, ამ წიგნზე ხომ ადამიანის სულის ხსნაა დამოკიდებულიო.

ძალზე მკაცრად მარხულობდა. დიდ მარხვაში, შაბათ-კვირის გარდა, ორად ორ კარტოფილს იღებდა დღეში. ამ დროს პურს არ ეკარებოდა. როგორც ჩანს, ასეთ მარხვას განდეგილობისას მიეჩვია. მეტად სასიამოვნო ხმა ჰქონდა და ძველ ქართულ საგალობლებს ხშირად იგალობებდა ხოლმე. ვისაც მისი ხმა ერთხელ მაინც გაუგონია, აღარასოდეს დავიწყებია.

მისი საფლავი ილორის ტაძრის მახლობლადაა. იმედი მაქვს, ის დროც მალე დაგვიდგება, ილორის მონასტრისა და მამა გიორგის სამარის მოლოცვას რომ შევძლებთ.
ბეჭდვა
1კ1