საბავშვო მოთხრობა
საბავშვო მოთხრობა
"ყველაფერი, რასაც ღმერთი მოგვივლენს, ჩვენთვის უკეთესია"
აღმოსავლეთის ერთი ქალაქის კარიბჭეს გვიან საღამოს მგზავრი მიადგა. მთელი დღე სიცხისაგან გახურებულ უდაბნოში ნასიარულევს დასვენება და დანაყრება ესაჭიროებოდა, მაგრამ ალაყაფის კარი დაკეტილი დახვდა. ბევრი ეხვეწა მცველებს - არ გაუღეს.

მეტი ღონე არ იყო, უსმელ-უჭმელს გარეთ უნდა გაეთია ღამე. "ყველაფერი, რასაც ღმერთი მოგვივლენს, ჩვენთვის უკეთესია", - ჩაილაპარაკა და მიწაზე დაწვა.

იქვე მისი სახედარი მიმოდიოდა. თავთან სამგზავრო ლამპარი ენთო. ამოვარდა ძლიერი ქარი და ლამპარი ჩააქრო. "ყველაფერი, რასაც ღმერთი მოგვივლენს, ჩვენთვის უკეთესია", - გაიმეორა და ძილს მისცა თავი.

ღამე ლომმა სახედარი შეუჭამა. ნადირმა სიბნელეში მგზავრი ვერ შეამჩნია და გვერდით ჩაუარა. დილას მგზავრმა დაინახა ლომის ნასუფრალი და თქვა: - დიდება და მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის, რამეთუ ყოველივე, რასაც ღმერთი მოგვივლენს, ჩვენთვის უკეთესიაო და ქალაქისკენ გაეშურა.

კარიბჭე ღია დახვდა, მაგრამ ქალაქში კაციშვილი არ ჭაჭანებდა - ღამე ავაზაკებს ყველა ტყვედ წაესხა. "ჭეშმარიტად, ყოველივე, რასაც ღმერთი მოგვივლენს, ჩვენთვის უკეთესია", - ერთხელ კიდევ წარმოთქვა ღვთისმოშიშმა მგზავრმა, უფალს მადლობა შესწირა და გზა განაგრძო.

"მიენდე უფალს და ის გამოგზრდის", - გვასწავლის დავით წინასწარმეტყველი. წმინდა მამები უმატებენ, რომ ყოველ დილას ასე უნდა ვილოცოთ: გევედრები, უფალო, არაფერი გამაკეთებინო, არც მათქმევინო და არც მაფიქრებინო ისეთი, რაც შენთვის სათნო არ იქნება. ყველაფერი შენი ნებისაებრ წარმართე და არა ჩემი, და ვითარცა შენ გსურდეს, ისე შემიწყალე მე. გევედრები, წმინდად მატარებინე ნებაი შენი და რაც არ უნდა შემემთხვეს დღევანდელ დღეს, ყველაფერი მადლობით მიმაღებინე.

მოამზადა ლელა ჩხარტიშვილმა
ბეჭდვა
1კ1