ეს საინტერესოა
ეს საინტერესოა
''აქა ვარ, ძია!"
ჩემო საყვარელო მკითხველო, გახსოვს, დაგპირდი, ვარძიის აშენების ისტორიას მოგითხრობ-მეთქი? ჰოდა, დანაპირების შესრულების დროა...

ერთხელ, როცა პატარა გოგონა იყო, თამარ მეფე ბიძამ დღევანდელი ვარძიის ადგილას წაიყვანა. იქვე, კლდეებთან გაუშვა, თვითონ კი ნადირობას მიეტანა.

ნადირობიდან მობრუნებულმა, თამარი იქ ვეღარ იპოვა. შეეშინდა, ამ კლდეებში სადმე ხომ არ გადავარდაო, და ძახილი დაიწყო, გოგო, თამარ, სადა ხარო. პატარა თამარი კი თამაშ-თამაშით კლდეებს თავზე მოჰქცეოდა. ხმა რომ შემოესმა, ჩამოსძახა: ''აქა ვარ, ძია!"

მერე, როცა ხელმწიფე გახდა, თამარმა იმ კლდეებში საყდარი გამოკვეთა და ვარძია უწოდა.

ვარძია, კლდეში ნაკვეთი დიდი მონასტერი, დიდი მღვიმე-ქალაქი, მეფე თამარმა მარიამ ღვთისმშობელს უძღვნა. ვარძიის კვეთა გიორგი მესამეს დაუწყია, თამარმა კი მამის დაწყებული საქმე დაასრულა.

KARIBCHE


მტრისთვის შეუვალი და უბრძოლველი ყოფილა ვარძია, კლდეში გამოკვეთილი ტაძარი, ოთახები, დარბაზები, ბილიკები... ვარძიის ზემოთ, მინდვრებზე, თამარს ჯოგები დაუდიოდა და იქიდან ვარძიაში რძე მილებით ჩამოედინებოდაო, - ამბობენ. სამასამდე ოთახი გამოუკვეთავთ, ქვევრებისთვის კი კლდე მიწასავით ამოუჭრიათ.

ჩემო პატარა მეგობარო, ვარძია დღესაც აკვირვებს მნახველს. მას ყოველდღიურად უამრავი ადამიანი სტუმრობს. როცა გაიზრდები, დარწმუნებული ვარ, შენც ეწვევი და წინაპრებით კიდევ უფრო მეტად იამაყებ.

ბეჭდვა
1კ1