პატრიარქი
პატრიარქი
"პატრიარქმა კალისტრატემ რომ დამიჩოქა, ყველაფერი დამავიწყდა, რაც გადასახლებაში გადავიტანე..."
გახსოვს, რაზე ვისაუბრეთ წინა შეხვედრისას? ახლაც სიონს უნდა ვეწვიოთ და თხრობა ისევ იქიდან დავიწყოთ.

გინდოდა, ისევ პატრიარქ ეფრემზე მეამბნა? ჩვენ ხომ მხოლოდ ნაწილობრივ გავიხსენეთ მისი ცხოვრება... ამ სურვილს მოგვიანებით აგისრულებ, დღეს კი სიონის მეორე სვეტს დავაკვირდეთ, სადაც კიდევ ერთი პატრიარქი, უწმინდესი კალისტრატე ცინცაძე განისვენებს.

იგი უმძიმეს წლებში იყო ქართული ეკლესიის მამამთავარი, ჯერ კომუნისტური რეპრესიები გამოიარა, შემდეგ მეორე მსოფლიო ომი დაიწყო... უდიდესი ავტორიტეტის მიუხედავად, დევნას და გადასახლებას ვერც მისი ოჯახის წევრები გადაურჩნენ... როცა ქალიშვილიც გადაუსახლეს, უწმინდესი კალისტრატე ვერაფრით დაეხმარა...

მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს მისთვის ხშირად უთქვამთ, - ქართულ ეკლესიას კი ვებრძვით, მაგრამ თქვენ გვიყვარხართო...

ღრმად განათლებული, ძალიან მადლიანი და უშიშარი კაცი იყო უწმინდესი კალისტრატე. ვისაც უნახავს ან მასთან უსაუბრია, ყველა ამბობს, - მართლაც უდიდესი ადამიანი იყოო. მის ცხოვრებაზე დაწვრილებით სხვა დროს გიამბობ.

ბევრი თვლის, რომ არა პატრიარქი კალისტრატე, ქართული ეკლესია, შესაძლოა, ვერც გადარჩენილიყოო.

ერთი ქუთაისელი დიაკვანი იგონებდა: "ბევრ სასულიერო პირთან ერთად მეც დამაპატიმრეს და შორეულ ციმბირში მიკრეს თავი... საშინელი წამება გამოვიარე და შინ რომ დავბრუნდი, პატრიარქ კალისტრატეს ვკითხე: - თქვენო უწმინდესობავ, როგორ შეგეძლოთ ჩუმად ყოფილიყავით, როდესაც იცოდით, სადაც ვიყავით და როგორც გვექცეოდნენო? პატრიარქმა დამიჩოქა და მითხრა: - შემინდეო... მაშინღა მივხვდი, რომ ისიც ჩვენსავით უუფლებო პატიმარი იყო, თუმცა არსად გადაუსახლებიათ... ყველაფერი დამავიწყდა, რაც პატიმრობისას გადავიტანე, მაგრამ უწმინდესმა რომ დამიჩოქა, დღემდე გულს მიწვავს..."

კიდევ ერთ ამბავს გავიხსენებ: როდესაც წილკნელი ეპისკოპოსი, უსაყვარლესი მეუფე ალექსი გერსამია გარდაიცვალა (თუ გახსოვს, მის შესახებაც გიამბე), ხელისუფლებამ წმინდა სინოდს მისი სიონში დაკრძალვა აუკრძალა... მაშინ გამოვიდა უწმინდესი კალისტრატე და თქვა: - თუ ამის უფლებას არ მოგვცემთ, გამოვალთ მთელი სამღვდელოება, მთელ ქალაქს შემოვივლით და ასე დავკრძალავთ მეუფე ალექსისო... მაშინ ამის ხმამაღლა თქმა სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი იყო, მაგრამ, ღვთის შეწევნით, ყველაფერი სხვაგვარად მოხდა - ხელისუფლება ისე შეშინდა, პატრიარქს ნება დართო, ალექსი გერსამია სიონის ეზოში დაეკრძალათ.

უწმინდესი კალისტრატე თურმე ამბობდა: - ისეთი დრო დგას, მე კი დავკრძალე ალექსი, მაგრამ ჩემი დამკრძალავი, ალბათ, აღარავინ იქნებაო...


ბეჭდვა
1კ1