ცხოველთა სამყარო
ცხოველთა სამყარო
ზღარბო, ზღარბო ქაცვია
ჩემო პატარა მეგობარო, გადავწყვიტე, ჩხუტუნა ზღარბზე მოგიყვე. მართალია, ზღარბუნას მოფერება ცოტა სახიფათოა, მაგრამ დამეთანხმე, რომ ძალიან საყვარელი ცხოველია.

ჩვეულებრივ, ზღარბების სხეული საშუალოდ 20-30 სმ-ია და ხშირი წვეტიანი ეკლებითაა დაფარული. ყველა ზღარბს წაგრძელებული ცხვირი აქვს, რომელიც თურმე საკვების მოძიებისას მიწის თხრაში ეხმარებათ. საერთოდ, ზღარბი მწერიჭამია ცხოველია, თუმცა მას ძალიან უყვარს რძე, ვაშლი და თაგვებზეც სიამოვნებით ნადირობს. გამოგიტყდები, მეც არ ვიცოდი, საძაგელ ზღარბს ჩიტუნიებისა და მათი კვერცხების ჭამაც რომ ჰყვარებია. მაგრამ დამშვიდდი, ამას ყოველთვის როდი ახერხებს - ხეზე ცოცვა და ჩიტის ბუდეების ძებნა არც ისე სახალისოა მისთვის.

ზღარბებს ძირითადად მარტო ცხოვრება უყვართ. ისინი ღამის ცხოველები არიან, თუმცა ზოგიერთი მათგანი დღისითაც აქტიურობს. ზღარბი მთელი ღამე საკვების ძებნაშია, დღისით კი სძინავს. საჭიროებისას შეუძლია, დიდი ხნით იძინოს - მაგალითად, მთელი ზამთარი უდარდელად იხვრინოს. მაგრამ ზღარბუნას ზამთარში სიცივის კი არა, თურმე საკვების ნაკლებობის გამო სძინავს. უდაბნოს ბინადარი ზღარბები კი ზაფხულობით იძინებენ, რადგან ეს წლის ყველაზე ცხელი და მშრალი პერიოდია და ამ დროს საკვების შოვნა ძალზე რთულია.

ჩემო პატარა, ზღარბებს პატარა და კარგად განვითარებული ყურები აქვთ, თურმე სულ უმნიშვნელო ფაჩუნიც კი არ გამოეპარებათ. ამიტომ საფრთხის მოახლოებას ადვილად გრძნობენ. ამ დროს ზღარბი თავს მალავს და ეკლიან ბურთად იქცევა. ამაში მას სხეულის სპეციალური რგოლური კუნთები ეხმარება.

"ზღარბო, ზღარბო ქაცვია,
ეს რა ქურქი გაცვია?!
დამიჩხვლიტეს ხელები
მაგ ჩხუტუნა ნემსებმა.
ნეტავ შენი დედიკო
როგორ გეალერსება?!"
ბეჭდვა
1კ1