წმინდანები
წმინდანები
თეთრი ანგელოსი - გრიგოლ ფერაძე
იცი, ვინ არის გრიგოლ ფერაძე?
მისი ფოტო და ხატი ჩემი ხატების კუთხეს ამშვენებს... იმ ფოტოზე იგი ძალიან ახალგაზრდაა, - ალბათ, იმ დროსაა გადაღებული, როდესაც ბერლინში სასწავლებლად აპირებდა წასვლას... მას განსაკუთრებული თვალები აქვს, ისეთი, როგორიც მხოლოდ წმინდანებს შეიძლება ჰქონდეთ და ვხვდები, რატომ დაარქვეს თეთრი ანგელოსი...

მისი წინაპრები სასულიერო პირები იყვნენ... თურმე ერთ-ერთ მათგანს შობა ღამეს, გამთენიისას, მინდორში ცხვრის მწყემსვისას ანგელოსთა ზარების სასწაულებრივი მელოდია ჩაესმა... ეს იყო ნიშანი, რომ მისი შთამომავლები ადამიანთა სულების მწყემსები გამხდარიყვნენ.

გრიგოლ ფერაძე 1921 წელს წმინდა პატრიარქ ამბროსი ხელაიას ლოცვა-კურთხევით სასწავლებლად ბერლინის უნივერსიტეტში გაემგზავრა, სადაც უამრავ ძველ ენას დაეუფლა, იყო მრავალი ევროპული უნივერსიტეტის პროფესორი, მთელი მსოფლიო მოიარა და საქართველოს ბევრი დაკარგული ნივთი, სიწმინდე და უძველესი ხელნაწერი დაუბრუნა, პარიზში ქართული ეკლესია დააარსა. 1934 წელს აღიკვეცა ბერად, რამდენიმე წელიწადში კი არქიმანდრიტის ხარისხი მიენიჭა, მაგრამ საქართველოში დაბრუნება აუხდენელ ოცნებად ექცა...

ძალიან დიდხანს არავინ იცოდა, რომ სწორედ გრიგოლ ფერაძის თავდადებამ გადაარჩინა ექვთიმე თაყაიშვილის მიერ საზღვარგარეთ ფარულად გახიზნული ქართული საგანძური, - ფაშისტებს უთხრა, - ეს ნივთები მხოლოდ საქართველოსათვისაა მნიშვნელოვანიო... ფაშისტებმა მას დაუჯერეს, მაგრამ საკმარისი იყო, ამ საგანძურიდან ერთი ნივთი მაინც ენახათ, მამა გრიგოლს სიკვდილი არ ასცდებოდა.

იგი ახალგაზრდა გარდაიცვალა და სიკვდილამდე პოლონეთში ცხოვრობდა. როდესაც ვარშავას ფაშისტები ბომბავდნენ, მამა გრიგოლი ქალაქის ქუჩებში უშიშრად გამოდიოდა, დაჭრილებს ეხმარებოდა, მიცვალებულებს აპატიოსნებდა...

1942 წელს ფაშისტებმა დააპატიმრეს, - ებრაელებს ეხმარებიო... იგი ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში დაიღუპა - გაზის კამერაში მრავალშვილიანი პატიმრის ნაცვლად თავისი ფეხით შევიდა...

ქართულმა ეკლესიამ გრიგოლ ფერაძე წმინდანად შერაცხა. იგი პოლონეთის მფარველი წმინდანიცაა.

ახლა ხომ ხვდები, რატომ დაარქვეს ამ საოცარ ადამიანს თეთრი ანგელოსი?!

ბეჭდვა
1კ1