საბავშვო მოთხრობა
საბავშვო მოთხრობა
ნაპირი
ზღვის პირას ერთი პატარა გოგონა ცხოვრობდა. უყვარდა თევზებთან თამაში, სილაში კოტრიალი, ყვავილების კრეფა, მაგრამ ყველაზე მეტად ტყუილები უყვარდა. სად მიცუნცულებ, გოგონა, ზღვაზე თუ ტყეში? - ეკითხებოდნენ ჩიტები. გოგონა თუ ზღვაზე მიდიოდა, ტყეში მივდივარო, იტყოდა, თუ ტყეში მიდიოდა - ზღვაზეო. ეს რა ლამაზი კაბა გაცვია, შენ თვითონ შეიკერე თუ ბებიამო? მე თვითონ შევიკერეო, - უპასუხებდა გოგონა და ბებიას ზღვის წყალში უყრიდა შრომას. მზისა გქვია თუ მთვარისაო? მთვარისაო, - უპასუხებდა გოგო, რომელსაც სინამდვილეში მზისა ერქვა.

ერთ მხიარულ დღეს გოგონა ნავში ჩაჯდა და ზღვაზე გაისეირნა. ფიქრებში გაერთო. ფიქრით კი ისევ თავის მორიგ ტყუილებზე ფიქრობდა. ისე შორს შესცურა თავისი ნავითა და ტყუილებით, რომ გამოფხიზლებულმა ვეღარ გაიგო, საით იყო ნაპირი. გოგონამ თევზებს მოუხმო და ჰკითხა: - თევზებო, თევზებო, მითხარით, საით არის ნაპირი. თევზებმა წყლიდან თავები ამოყვეს, ნაპირის მიმართულებით ერთ მწკრივად მოეწყვნენ და გოგონა იქით გაახედეს. გოგონამ მადლობა გადაუხადა თევზებს, მაგრამ იქით კი არ გასწია, საითაც თევზებმა უჩვენეს, არამედ საწინააღმდეგო მხარეს, რადგან დარწმუნებული იყო, რომ თევზებიც მატყუარები იყვნენ. ჰოდა, გასწია გოგონამ სულ სხვა გზით. მას შემდეგ სრიალებს ზღვაში თავისი ნავით, სრიალებს და მანამდე ისრიალებს, სანამ არ მიხვდება, რომ ტყუილებში ცურვა არასოდეს გაიყვანს სამშვიდობოზე.

მზია ხეთაგური
ბეჭდვა
1კ1