საინტერესო ამბები
საინტერესო ამბები
როგორ ახერხებენ ფრინველები ასე საოცრად და ლამაზად ფრენას
ბავშვობაში ვის არ უნატრია, ნეტავ ჩიტივით ზეცაში ფრენა შემეძლოსო... ჩემო მეგობარო, გამოგიტყდები, შენს ასაკში ამაზე მეც ბევრი მიოცნებია. მახსოვს, ზაფხულობით ხის ტოტიდან გადმოვეშვებოდი და ვიდრე მიწაზე მოვადენდი ზღართანს, ხელებს ფრთებივით ვაქნევდი. რამდენიმე ასეთი ხანმოკლე "ფრენის" შემდეგ მივხვდი, რომ ჩიტივით ვერასდროს ვიფრენდი, თუმცა ხეზე ცოცვა და იქიდან აკრობატული ნომრების შესრულება არ შემიწყვეტია...

შენც, ალბათ, ხშირად ეკითხები თავს, როგორ ახერხებენ ფრინველები ასე საოცრად და ლამაზად ფრენასო. გიპასუხებ: უფალმა მათ, ჩვენგან განსხვავებით, ძლიერი ფრთები აჩუქა. ფრთოსნები მათ მკლავივით იქნევენ. ფრინველები ძალიან მსუბუქები არიან, რადგან ძვლები წვრილი და ჰაეროვანი აქვთ. მათი სხეული ისეა აგებული, რომ ფრენა შეძლონ. მაგრამ ზოგი მათგანი იმდენად მძიმე ყოფილა, სანამ აფრინდება, დიდხანს უნდა ირბინოს და ფრთები იქნიოს. ფრინველი ფრთების გაშლა-დაკეცვით ჰაერში მიმართულებას იცვლის.

ალბათ იცი, რომ ზოგი ფრინველი შემოდგომაზე თბილი ქვეყნებისკენ მიფრინავს. დარწმუნებული ვარ, ისიც გინდა იცოდე, რატომ იქცევიან ასე. შეიძლება იფიქრო: იმიტომ, რომ ზამთარი უნდა დადგეს და სიცივე აშინებთო. მაგრამ, ჩემო პატარავ, მაშინ ყველა ფრინველი რატომ არ მიფრინავს? საქმე ისაა, რომ ზამთარში, როცა მიწას თოვლი ფარავს, გადამფრენი ფრინველები საკვებს ვეღარ პოულობენ, ისინი ხომ მწერებით, ბალახებითა და თესლებით იკვებებიან. ზამთარში კი მწერების ნაწილი იხოცება, ნაწილი იმალება, ბალახი და თესლიც თოვლის ქვეშაა მოქცეული. სწორედ ამიტომ ფრინველები იძულებულნი არიან, გამოსაზამთრებლად შორეულ ქვეყნებში გაფრინდნენ.

KARIBCHE


ზამთარში ჩვენთან ის ფრთოსნები რჩებიან, რომელთაც საკვების მოპოვება არ უჭირთ. მაგალითად, თოვლის მოსვლა სულაც არ ადარდებს კოდალას. ის ზამთარშიც გულმოდგინედ უკაკუნებს ხეს და ჭია-მატლებისგან ასუფთავებს.

იცოდი, რომ ბუმბული ფრინველების გარდა არც ერთ სხვა არსებას არ აქვს? ბუმბული ბეწვზე გაცილებით თბილი ყოფილა. ჩემო პატარა მეგობარო, ზამთარში ალბათ ხშირად შეგინიშნავს ხის ტოტზე მობუზული ბუმბულაჩეჩილი და სასაცილოდ გაბურძგნილი ბეღურა. თურმე, სიცივეში ფრინველები საგანგებოდ იჩეჩავენ ბუმბულს, რომ მეტი ჰაერი შეაკავონ და გათბნენ.

არ გეგონოს, რომ ფრინველები თავიანთ სამოსზე არ ზრუნავენ! ისინი ხშირად ისუფთავებენ, იბანენ და ცხიმით იპოხავენ ბუმბულს. ალბათ, იკითხავ, ცხიმს საიდანღა შოულობენო. ცხიმი ფრინველების კუდის ზემოთ მოთავსებული ჯირკვლიდან გამოიყოფა.

ბეჭდვა
1კ1