საინტერესო ამბები
საინტერესო ამბები
რამ აატირა რუსი პოეტი
ჩემო პატარა მეგობარო, ალბათ შეგინიშნავს, რა ლამაზად ამბობენ სადღეგრძელოებს უფროსები - ზოგს ლექსად, ზოგსაც ამბად. სადღეგრძელოების წარმოთქმა ქართული სუფრის ტრადიციაა. ამბობენ, ყველა ქართველი ბუნებით პოეტია. იქნებ ლექსს სულაც არ წერდეს, მაგრამ სათქმელს ზოგიერთ პოეტზე ლამაზად ამბობდესო. ჩემო საყვარელო, ამ ნათქვამის სიმართლეში თავადაც დარწმუნდები, როცა იმ ამბავს მოისმენ, ახლა რომ ვაპირებ მოგიყვე. აბა, ყური მიგდე:

ერთხელ რუსი პოეტი სერგეი ესენინი საქართველოს ესტუმრა. ქართველმა პოეტებმა გულითადად უმასპინძლეს. სტუმარი ჯერ კოჯრის ციხეზე აიყვანეს. დიდებულად მოჩანდა დათოვლილი კავკასიონი, ბებერი თბილისი, მწუხარე მარაბდა, დიდგორის ველი... მერე ბეთანიის მონასტერში დიდებული თამარის ფრესკა ინახულეს.

უკან რომ ბრუნდებოდნენ, სასადილოდ ერთ დუქანთან შეჩერდნენ. სტუმრის თხოვნით, სუფრა გზისპირა მდელოზე გააშლევინეს. გაიმართა დიდი ლხინი. პოეტები ლექსების თქმაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს.

საღამოსპირზე გზაზე ურმები გამოჩნდა - ქალაქში სავაჭროდ ჩასული გლეხები უკან ბრუნდებოდნენ. ესენინმა რამდენიმე გლეხი სუფრასთან მიიწვია.

ერთ-ერთმა ყანწი ჩამოართვა და უთხრა: "გვერდით გადექ, თამარ მეფის ოქროს ქოშის ნაკვალევი არ წაშალო. თუ ვერ ხედავ, დაიჩოქე, მიწას სული შეუბერე და გამოჩნდება. ასეა, ჩემო კარგო, ქართველები ჩვენს წმინდა მიწაზე ვდგავართ. ხშირად ვიჩოქებთ და ვკოცნით წინაპრის ნაფეხურსა. ძალაც იქიდან გვეძლევა. იმიტომაა, რომ მტერი ვარ გვერევა. ეს იმათი დიდებისა იყოს, ვისაც აქ გაუვლია, კეთილი დაუტოვებია, ხატი და სანთელი უდიდებია, თვითონ თავი გაუწირავს და ჩვენი მიწა-წყალი დაუცავს, ჩვენი ჯილაგი დღემდე მოუტანიაო".

მეორე გლეხმა თქვა: "ღმერთმა პურისჭამა ნუ მოგიშალოთ. ვინც თქვენ შემდეგ ამ მდელოზე სუფრას გაშლის და თქვენ გაგიხსენებთ, ვინც მწყურვალს ღვინოს და მშიერს ლუკმას მიაწვდის, პერანგს გაიხდის და სხვას ჩააცმევს, სიკეთის უღელში შეებმევა და სიკეთის კვალს დატოვებს - იმას გაუმარჯოსო".

მესამე გლეხი დაილოცა: "საითაც წადგეთ და წამოდგეთ, ამ დაღლილი მზის მადლი ნუ მოგეშალოთო".

მეოთხემ კი წარმოთქვა: "გაუმარჯოს ხარის ქედს, გუთნის ღვედს, ცის ნამს, დედამიწის მოსავალს, კაცის მარჯვენას და მშობიარე დედაკაცსო".

და უცბად რუსი პოეტი ცხარე ცრემლით ატირებულა.

- რა ატირებს ესენინსო?.. - შეწუხდნენ პოეტები.

- რა მატირებს და ჩემი უძლურება - მე, რუსეთის დიდ პოეტს, არ შემიძლია სადღეგრძელოს ისე ლამაზად თქმა, ეს უსწავლელი გლეხები რომ ამბობენო.

ამ ამბის მოსმენის შემდეგ, ალბათ, შენც აღარ გიკვირს, როგორ ახერხებენ ბაბუა, მამიკო და მათი მეგობრები სუფრაზე ლამაზი სადღეგრძელოების მოფიქრებას, ქართველ კაცს ხომ ეს ყველაფერი სისხლში აქვს.
ბეჭდვა
1კ1