ეს საინტერესოა
ეს საინტერესოა
ფრინველი, რომელმაც ფრენა არ იცის
ჩემო საყვარელო მკითხველო, დღეს მინდა ისეთ ფრინველზე მოგიყვე, რომელმაც ფრენა სულაც არ იცის. გაგიკვირდა? ალბათ ფიქრობ: მაშ, რისი ფრინველია, თუ ფრენაც არ იცისო.

გამოგიტყდები, მეც არ ვიცოდი, თუ პინგვინს ფრენის არმცოდნე ფრინველს ეძახდნენ. პინგვინი ცივი ზღვის ტალღებში, ყინულოვან ანტარქტიდაში ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ ადგილას ბინადრობს, ის მცივანა სულაც არ არის, არც ყინვა ადარდებს, რადგან მუდამ ბუმბულის თბილი ქათიბი "აცვია". თურმე პინგვინს კანქვეშ ქონის სქელი ფენა აქვს, ამიტომ დიდხანს შეუძლია ცივ წყალში ცურვა და ხანგრძლივ მოგზაურობებსაც ხშირად აწყობს.

KARIBCHEმართალია, ფრენა არ იცის, მაგრამ ღმერთმა უამრავი სხვა თვისებით დააჯილდოვა. მაგალითად, სიარულისას შეუძლია სხეული ვერტიკალურად ეჭიროს. ჩემო პატარა, ტელევიზორში ალბათ გინახავს, რა ნელა, მოუხეშავად და სასაცილოდ დაბაჯბაჯებს პინგვინი. სამაგიეროდ, ძალიან სწრაფად ცურავს და ასევე სწრაფად მისრიალებს ყინულზე მუცელზე გაწოლილი. თურმე ისე ადვილად შეუძლია აცოცდეს ციცაბო აისბერგზე და ფრიალო კლდეზე, რომ გამოცდილ მთამსვლელსაც კი შეშურდება. დიდი სიმაღლიდანაც უშიშრად ხტება წყალში.

პინგვინებს ერთმანეთი ძალიან უყვართ, ამიტომ ერთად, ჯგუფურად ცხოვრობენ. ერთი კარგი ჩვეულებაც ჰქონიათ: სადილობის შემდეგ, როცა ყინულზე დასასვენებლად წვებიან, როგორც წესი, გუშაგს ტოვებენ სადარაჯოდ. რამდენიმე ხნის შემდეგ "გუშაგი" ერთ-ერთ მძინარე პინგვინთან მიდის და შენჯღრევით აღვიძებს. გამოღვიძებული პინგვინი პოსტს იკავებს, ყოფილი გუშაგი კი იძინებს. ყარაული ყურადღებით აკვირდება ცას, რათა მეგობრები დაიცვას. თუ საფრთხე შენიშნა, მყისვე განგაშს ატეხს და მტერიც ხახამშრალი რჩება.
ბეჭდვა
1კ1