მოძღვარი
მოძღვარი
მამა იოაკიმემ საკუთარი სიცოცხლე გაიღო მოყვასისთვის...
დღეს ერთ მართლაც საოცარ მოძღვარზე, მამა იოაკიმე შენგელაიაზე უნდა გიამბო.

არ ვიცი, გსმენია თუ არა ილორის წმინდა გიორგის ტაძრისა და მის სასწაულთმოქმედ ხატთა შესახებ. ეს ტაძარი აფხაზეთშია. კომუნისტურ პერიოდში ილორი ერთხანს დახურული იყო, მაგრამ ღვთის შეწევნითა და მისი წინამძღვრის, მამა იოაკიმეს წყალობით ტაძარი ამოქმედდა და უამრავი მომლოცველი მოაწყდა. ილორს იმდენი შემოწირულობა უგროვდებოდა, სხვა მონასტრებსა და რეპრესიებს გადარჩენილ მეუდაბნოე, განდეგილ ბერებსაც ინახავდა თურმე.

1954 წლის შემოდგომის ერთ ცივ განთიადს ტაძარში სიკვდილის პირას მყოფი ნათესავის საზიარებლად მღვდლის წასაყვანად ხალხი ამოვიდა.

მამა იოაკიმე ფილტვების ანთებით ლოგინად დახვდათ. ეს ამბავი რომ შეიტყო, სარეცლიდან წამოდგა, შეიმოსა, საკურთხევლიდან წმინდა ძღვენი გამოაბრძანა და ავადმყოფის საზიარებლად წასვლა დააპირა.

როგორ არ ევედრნენ, - მამაო, ავად ხართ, მოდით, მეორე მღვდელმსახურს დაველოდოთო, მაგრამ ამაოდ...

- სიკვდილი კი არ უცდის კაცს, არამედ კაცი უცდის სიკვდილს, ავადმყოფი რომ უზიარებლად გარდაიცვალოს, ეს ცოდვა ხომ ჩემს კისერზე იქნებაო, - და გზას დაადგა...

იმ დილით ამინდი გადაირია, ხანგრძლივმა წვიმამ და ადიდებულმა მდინარემ ხიდიც თან გაიყოლა...

იდგნენ მდინარესთან სულთმობრძავის დაბნეული ნათესავები და გამოსავალს ვეღარ პოულობდნენ...

მაშინ ადგა მამა იოაკიმე, ყინულივით წყალში შევიდა, ფონი მოძებნა და ადიდებული მდინარე გაჭირვებით გადალახა. ავადმყოფს მიუსწრო, აზიარა, შემდეგ ისევ ილორში დაბრუნდა, წმინდა სანაწილე საკურთხეველში ტრაპეზზე დააბრძანა და... ლოგინიდან ვეღარც წამოდგა, მალევე გარდაიცვალა.

მამა იოაკიმემ აღასრულა მცნებათა შორის უპირველესი, - საკუთარი სიცოცხლე გაიღო მოყვასისთვის...

იცი, სად არის მისი სამარე?

თავისივე აღდგენილ ილორის ტაძრის სამრეკლოში.

ენგურს იქით დარჩენილ აფხაზეთს ენგურის ხიდს აქეთ დარჩენილ საქართველოსთან, სხვა უთვალავ რამესთან ერთად, მისი წმინდა საფლავიც ამთლიანებს.
ბეჭდვა
1კ1