ეს საინტერესოა
ეს საინტერესოა
"მძვინვარე" ცხოველები
ჩემო პატარა მკითხველო, დიდი ხანია ცხოველებზე აღარაფერი მიამბია შენთვის, ჰოდა, გადავწყვიტე, მტაცებელ ცხოველებზე მოგიყვე.

კურდღელს ახლომდებარე ტყეში სეირნობისას შეიძლება გადააწყდე, მაგრამ ლომს, მგელს, დათვსა და ფოცხვერს ასეთ ადგილებში ნამდვილად ვერ შეხვდები. ეს მტაცებლები ადამიანებთან სიახლოვეს ერიდებიან. დამეთანხმები, რომ ამაში გასაკვირი ნამდვილად არაფერია, ადამიანი ხომ მათი ერთადერთი რეალური მტერია, ამიტომ მისი საცხოვრებლიდან შორს უჭირავთ თავი - გაუვალ უღრან ტყეებში ბინადრობენ.

***
მოდი, ლომით დავიწყოთ, ის ხომ ცხოველთა მეფეა, თანაც მტაცებლებში ყველაზე დიდია.

თურმე, კარგად რომ დანაყრდეს, ლომს 20 კილოგრამი ხორცი სჭირდება. შემდეგ ჩრდილში ნებივრობს, საკვები რომ გადაამუშაოს. ამას კი დიდი დრო უნდა, რადგან ლომი ხორცს არ ღეჭავს, ნაჭერ-ნაჭერ გლეჯს და ისე ყლაპავს.

ალბათ იცი, რომ ლომი ცხოველებს შორის ყველაზე ხმამაღლა ღრიალებს.

KARIBCHEმიუხედავად იმისა, რომ ხვადი (მამალი ლომი) "ნადირთა მეფეა", ნადირობა ძუ (დედალი) ლომის მოვალეობა ყოფილა.

***
მგელი ჭკვიანი და ძლიერი მტაცებელია. ჩემო პატარა მეგობარო, იცოდი, რომ ის ხშირად თავისზე ბევრად ძლიერ ცხოველებზე ნადირობს?! მგელი კარგი მორბენალია და შეუძლია, მსხვერპლს დიდხანს სდიოს. ამავდროულად, ძალზე ფრთხილი და ცბიერია, მახეებსა და მონადირეთა ალყას იოლად აღწევს თავს.

მგლები ერთმანეთს ყმუილით ესაუბრებიან. ისინი ხროვებად ცხოვრობენ, თუმცა ისეთი მგლებიც არიან, რომლებსაც მარტოობა ურჩევნიათ. ასეთი მარტოობისმოყვარე მგელი ბევრს ხეტიალობს, რათა მყუდრო ადგილი იპოვოს. მოგზაურობისას სიჩუმეს ამჯობინებს და არ ყმუის - ეშინია, გზად მგლების მოწინააღმდეგე ხროვას არ გადააწყდეს.

KARIBCHE***
ფოცხვერიც მტაცებელი ცხოველია. წარმოიდგინე დიდი, ხალებიანი კატა მოკლე კუდითა და ყურების წვერებზე სასაცილო ფუნჯებით. ის მეტად მომხიბლავია, მაგრამ მოფერებას ნურც იფიქრებ! ფოცხვერი ხომ მძვინვარე მხეცია.

***
მტაცებლებს ხშირად "მძვინვარეებს", "სისხლისმსმელებს" ეძახიან, მაგრამ, ჩემო პატარავ, არც ასეა საქმე. მათ შორის ზოგჯერ მართლაც იმართება სისხლისმღვრელი შეტაკებები, მაგრამ ისინი იშვიათად მთავრდება დამარცხებულის სიკვდილით. დამარცხებული ცხოველი უმეტესად ღრენით ტოვებს ბრძოლის ველს და ჭრილობების მოსაშუშებლად მიდის. გამარჯვებული კი არ ცდილობს მის დაჭერას და აღარც უთვალთვალებს.
ბეჭდვა
1კ1