ეს საინტერესოა
ეს საინტერესოა
იმდენი მაყურებელი მოგროვილა, სახლი ძლივს იტევდა
ჩემო საყვარელო მკითხველო, ხომ იცი, რა არის თეატრი? მშობლებთან ერთად ალბათ ხშირად სტუმრობ მას. დარწმუნებული ვარ, თოჯინების თეატრში სიარული გეყვარება. გამოვიცანი?! ჰოდა, ახლა ქართულ თეატრზე გიამბობ.

ისტორიკოსები მოგვითხრობენ, რომ ძველად კოლხეთის სამეფოში, ქუთაისის მახლობლად აშენებული იყო არენა... იცი, რა არის არენა? რა და სცენა ღია ცის ქვეშ. ამ არენაზე თურმე სპორტული შეჯიბრებები და ლამაზი სანახაობები იმართებოდა, რომელთაც ხალხი არაფრის დიდებით არ გამოაკლდებოდა. ისტორიკოსები იმასაც გვიყვებიან, რომ კოლხურ ქალაქ აფსარუში იდგა თეატრის შენობა. როგორც ჩანს, ჩვენი წინაპრები იქ თეატრალურ წარმოდგენებს მართავდნენ. ეს კიდევ ცოტაა: ქართლში კლდეში გამოკვეთილ უძველეს ქალაქ უფლისციხეშიც ყოფილა სცენა, მუსიკოსებისთვის განკუთვნილი ადგილი და მაყურებელთა დარბაზი.

ძველად საქართველოში ხალხურ თეატრალურ სანახაობას ბერიკაობას მართავდნენ. კახეთის ზოგიერთ სოფელში ის დღესაცაა შემორჩენილი. მშობლებს თუ ჰკითხავ, შესაძლოა, ბავშვობაში უნახავთ კიდეც ეს სანახაობა.

ბერიკაობის ყველა მონაწილეს აუცილებლად ნიღაბი უნდა ჰკეთებოდა: ზოგი ცხოველს განასახიერებდა, ზოგი - მეფეს, ზოგი - ვაჭარს, ზოგიც - უცნაურ არსებას. ბერიკაობის მონაწილეებს ბერიკებს ეძახდნენ. თურმე ბერიკაობაში მხოლოდ მამაკაცები იღებდნენ მონაწილეობას. ბერიკები თავიანთ წარმოდგენებს უმეტესწილად სოფელ-სოფელ, კარდაკარ ჩამოვლით, სახლების წინ, ეზოებში ასრულებდნენ. ამიტომაც მაყურებელი მუდამ ჰყავდათ. გადმოცემით, მეფე ერეკლეს სასახლეში ბერიკებისთვის საგანგებო "საოხუნჯო დარბაზიც" კი ყოფილა გამოყოფილი. ჩემო პატარავ, აბა, გაიხსენე კინოფილმი "მაია წყნეთელი"... გაგახსენდა? იქ სწორედ ბერიკები მღერიან და ცეკვავენ უცნაური ნიღბებით.

მოგვიანებით გაჩნდა სახალხო თეატრი, რომელსაც "სახიობა" ერქვა. მეჩვიდმეტე საუკუნეში სასკოლო-საეკლესიო თეატრიც გვქონია, სადაც რელიგიური შინაარსის დადგმებს წარმოადგენდნენ. კიდევ უფრო მოგვიანებით მეფე ერეკლეს კარზე შეიქმნა საერო თეატრი... შემდეგ დიდხანს აღარ ჰქონდათ ჩვენს წინაპრებს მუდმივმოქმედი თეატრი, ერთმანეთის სახლებში იკრიბებოდნენ და იქ მართავდნენ ოჯახურ თეატრალურ წარმოდგენებს, კითხულობდნენ ლექსებს, მღეროდნენ. მხოლოდ 1850 წელს დააარსა გიორგი ერისთავმა ქართული თეატრი. პირველი წარმოდგენა თბილისის კლასიკური გიმნაზიის შენობაში გაიმართა 14 იანვარს, ამიტომ ეს დღე ქართული თეატრის დღედ არის მიჩნეული.

ალბათ, საბავშვო თეატრის შესახებაც გინდა გაიგო. ჩვენი წინაპრები თურმე დიდხანს ფიქრობდნენ საბავშვო თეატრის შექმნაზე. ერთხელ ერთი წარჩინებული ადამიანის სახლში დაუდგამთ კიდეც ორი წარმოდგენა ბავშვებისთვის. იმდენი მაყურებელი მოგროვილა, სახლი ძლივს იტევდა. თეატრის დაარსება გაჭიანურებულა და მხოლოდ 1928 წლის 16 დეკემბერს მიიღო თბილისის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრმა შენი თანატოლი პირველი მაყურებელი.
ბეჭდვა
1კ1