სვეტიცხოველი
სვეტიცხოველი
ეს სვეტი ბევრ სასწაულს ახდენდა
მატიანის ცნობით, მტკვრისა და არაგვის შესართავთან მეფე მირიანს მშვენიერი ბაღი ჰქონდა. ერთხანს აქ ცხოვრობდა წმინდა ნინო. ბაღში ერთ ადგილას ქრისტეს კვართი იყო დამარხული. ამ ადგილას ნაძვი ამოსულიყო.

გაქრისტიანების შემდეგ მეფე მირიანმა პირველი ეკლესია აქ ააშენა. ნაძვი მოჭრეს და მისგან დამზადებული სვეტი მშენებლობაში გამოიყენეს. ეს სვეტი ბევრ სასწაულს ახდენდა, ამიტომ მას "სვეტი ცხოველი" უწოდეს. შემდგომ ეს სახელი მთლიანად ეკლესიას დაერქვა.

გავიდა ხანი და სვეტიცხოვლის ხის ეკლესია დაინგრა - ვახტანგ გორგასალმა მის ადგილას ქვის დიდი ბაზილიკა ააგო. ეს ტაძარი აბულ კასიმმა გადაწვა. სვეტიცხოველი მალევე აღადგინეს, მაგრამ შემდეგ კვლავ დაზიანდა.

გიორგი I-ის დროს მოღვაწე მელქისედეკ კათალიკოსმა გადაწყვიტა სვეტიცხვლის ახალი, უფრო დიდი, გუმბათიანი ტაძრის აგება. ხუროთმოძღვარიც შეარჩია - არსუკიძე. ახალი ეკლესიის მშენებლობას 19 წელი დასჭირდა.

არქეოლოგებმა სვეტიცხოვლის იატაკქვეშ ძველ ნაშთებს მიაკვლიეს. გამოჩნდა ხის ეკლესიის საძირკველიც. შემდეგ იატაკზე ალაგ-ალაგ მინის გამჭვირვალე ფილები დააგეს, რათა ძველი ეკლესიის ნაწილები ჩვენც დავინახოთ.

სვეტიცხოველში თუ შეხვალთ, პატარა ნაგებობას შენიშნავთ. იგი აშენებულია კვართის დაკრძალვის ადგილას. ამ ადგილს მორწმუნეები განსაკუთრებულ პატივს სცემენ.

ტაძარში ნახავთ ბევრ საფლავის ქვასაც. აქ ხომ მრავალი მეფე, დედოფალი, უფლისწული თუ კათალიკოსია დაკრძალული. შეგეწიოთ მათი მადლი.
ბეჭდვა
1კ1