მცხეთელი ბერები
მცხეთელი ბერები
ამბობენ, მამა აბრაამი ანგელოზივით კეთილი და უმანკო იყოო...
მამა აბრაამი ერთ-ერთი იმათგანია, ვინც განსაკუთრებულად მიყვარს. სიყვარული კი, ჩემო მეგობარო, როგორც ამბობენ, გადამდებია, ამიტომ, იმედი მაქვს, შენც ჩემსავით შეიყვარებ ამ უსათნოეს მოხუცს და მის ცხოვრებას სხვებსაც გააცნობ.

ვინც იცნობდა ანდა ერთხელ მაინც უნახავს მამა აბრაამი, ყველა ირწმუნება, ანგელოზივით უმწიკვლო და კეთილი იყოო. ადამიანებმა კი არა, თითქოს ფოტოებმაც შეიყვარეს ძველი დაკერებული კაბით მოსილი თეთრწვერა მოხუცი...

მამა აბრაამმა ძალიან დიდხანს - 119 წელს იცოცხლა, მაგრამ, ხანდაზმულობის მიუხედავად, თურმე საოცრად სწრაფად მოძრაობდა.

მღვდლებს იგი ძალიან უყვარდათ, ახალ ტანსაცმელსაც ხშირ-ხშირად ჩუქნიდნენ, მაგრამ თავისთვის არასოდეს არაფერს იტოვებდა - ტანსაცმელსაც, შეწირულ ფულსაც და საკვებსაც ჩუმად შეაგროვებდა, შებინდებულზე სვეტიცხოვლის ეზოდან ჩუმად გავიდოდა და ხან რომელ ღატაკ ოჯახს გაუნაწილებდა და ხან რომელს.

მისი ლოცვით უამრავი უკურნებელი სენით დაავადებული ადამიანი განკურნებულა, მაგრამ თავმდაბალი ბერი ამას ყოველთვის მალავდა. მისი ლოცვის ძალაზე ერთ ამბავს გიამბობ: ერთხელ სვეტიცხოველში (სადაც მამა აბრაამმა 40 წელი იღვაწა) ქუთაისიდან მომლოცველები ჩამოსულან, რომლებიც მამა აბრაამს თავის პატარა სენაკში მიუწვევია. ერთ-ერთ ქალს იქიდან ღვთისმშობლის ხატი მოუპარავს. მამა აბრაამს შეშინებია, - ვაითუ, ხატს ვინმე უდიერად მოექცესო და ილოცა: უფალო, გთხოვ, ხატი დამიბრუნეო. მალე ქურდი შეშინებული, ტირილით მობრუნებულა: მამაო, შემინდეთ, ეშმაკმა შემაცდინა, აი, გიბრუნებთ ხატსო. თურმე ყველაფერი ასტკივებია. მამა აბრაამს დაუმშვიდებია: რა ვცოდი, შვილო, ხატი შენნაირ კეთილ ადამიანს რომ ჰქონდა, მის ჩუქებას ისედაც ვაპირებდი და თან წაიღეო.

ლოცვა ძალიან უყვარდა. დარსა თუ ავდარში, წესად ჰქონდა, საათობით ელოცა სვეტიცხოვლის კარიბჭესთან და შემდეგ თორმეტჯერ შემოევლო ტაძრის გარშემო.

ერთხელ, ზამთარში, ნათოვარზე, ტაძარს ლოცვით რომ უვლიდა გარს, წაიქცა და დილამდე თოვლში იწვა. სამწუხაროდ, მალევე გარდაიცვალა...

მამა აბრაამი მამა პართენის გვერდით, სამთავროს მონასტრის ეზოში, განისვენებს. როდესაც ამ მონასტერს ეწვევი, აუცილებლად ინახულე მისი საფლავი და მამა აბრაამს კურთხევა გამოსთხოვე. ნახავ, როგორ გაგითბება გული.

შეგვეწიოს მისი წმინდა ლოცვები!
ბეჭდვა
1კ1