ეს საინტერესოა
ეს საინტერესოა
როგორ გაჩნდა თბილისში მუშტაიდის ბაღი
საყვარელო ბავშვებო, ალბათ ყველას გისეირნიათ მუშტაიდის ბაღში, მაგრამ შესაძლოა არ იცით, როგორ გაჩნდა თბილისში ეს მშვენიერი ბაღი.

ჩემო პატარებო, "მუშტაიდი" ქართული სიტყვა სულაც არ არის; ეს იმ ადამიანის გვარია, რომელმაც ეს ბაღი გააშენა მეცხრამეტე საუკუნის 30-იან წლებში. ის ირანელი იყო, დიდგვაროვანი ოჯახიდან. ბატონი მუშტაიდი დიდად განათლებული, გულუხვი, მიმტევებელი და კეთილი კაცი ყოფილა. ამიტომ იგი ყველას უყვარდა და დიდი სახელიც ჰქონდა გავარდნილი.

ერთ დღესაც ბატონი მუშტაიდი რუსეთის მთავრობამ გადაიბირა და თავის სამსახურში ჩააყენა, რის გამოც ირანის შაჰმა მას სამშობლოში ჩასვლა აუკრძალა. მუშტაიდი ჩვენს დედაქალაქში - თბილისში დასახლდა. ხელისუფლებამ სამშობლოდან გახიზნულ სპარსს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მიწის ნაკვეთიც კი გამოუყო, სადაც მან შესანიშნავი ბაღი გააშენა.

ჩემო პატარა მკითხველო, გამოგიტყდები, არც მე ვიცოდი, თუ მუშტაიდის ბაღის დაარსებას ასეთი სევდიანი ამბავი ედო საფუძვლად: თურმე მუშტაიდს სტამბულის ტყვეთა ბაზარზე ულამაზესი ქართველი ტყვე ქალი - ნინო უყიდია, რომელიც შემდეგ თავდავიწყებით შეჰყვარებია და ცოლადაც შეურთავს. ირანიდან გახიზნულმა სწორედ მისი თხოვნით აირჩია საცხოვრებლად თბილისი. სამშობლოში დაბრუნებულ ნინოს დიდხანს არ უცოცხლია - ექვს თვეში გარდაცვლილა. საყვარელი მეუღლე ბატონმა მუშტაიდმა სახლის წინ დაკრძალა და საფლავზე უამრავი წითელი ვარდი დარგო. ბაღის მოსარწყავად თურმე მტკვრიდან 12-კილომეტრიანი არხიც კი გაიყვანა.

გავიდა ხანი და შაჰმა მუშტაიდი შეიწყალა. ისიც დაბრუნდა სამშობლოში, ბაღი კი ერთ ვაჭარს მიჰყიდა. ამის შემდეგ ბაღმა რამდენჯერმე გამოიცვალა მეპატრონე და ბოლოს სასეირნო ადგილად იქცა. მოგვიანებით ბაღი გაფართოვდა, გალამაზდა, გაიხსნა საზაფხულო თეატრი... ამბობენ, სწორედ მუშტაიდის ბაღის საზაფხულო სცენაზე უნახავს ქართველ მხატვარს ნიკო ფიროსმანს ფრანგი მომღერალი მარგალიტა...

მრავალჯერ უცდიათ ბაღისთვის სახელის შეცვლაც: ხან რკინიგზელთა სახელობის უწოდეს, ხან ორჯონიკიძის, მაგრამ საბოლოოდ მაინც თავისი დამაარსებლის, თბილისელი სპარსის, მუშტაიდის სახელი დაიბრუნა.
ბეჭდვა
1კ1