ეს საინტერესოა
ეს საინტერესოა
როგორ შეიქმნა პირველი მულტფილმი
ჩემო პატარა და საყვარელო მკითხველო, იცი, დღეს რა მინდა მოგიყვე? რა და, როგორ შეიქმნა პირველი მულტფილმი. ვიცი, ძალიან გაინტერესებს. ალბათ უამრავი მულტფილმი გინახავს, ბევრი იქნებ ზეპირადაც იცი და საყვარელი გმირებიც გყავს. ჰოდა, ყური მიგდე.

ვიდრე მულტფილმი გაჩნდებოდა, არსებობდა წიგნი, რომლის ყოველ გვერდზე წინასგან ოდნავ განსხვავებული ნახატი ეხატა. როდესაც წიგნს სწრაფად გადაშლიდი, ნახატი მოძრაობდა და ასე ჰყვებოდა რაიმე საინტერესო ამბავს.

პირველი მულტფილმი 1989 წელს ალბერტ სმიტმა შექმნა. მას "ჰამფთი დამფთის ცირკი" ერქვა. თურმე ბატონმა სმიტმა ნახატების ნაცვლად ქალიშვილის თოჯინები გამოიყენა. მულტფილმის გმირებმა მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურეს. ასე დაიბადა პირველი ანიმაციური ფილმი.

მაგრამ, ჩემო პატარა მეგობარო, მთავარი გამომრჩა: პირველი მულტფილმი უხმო ყოფილა, მისი გმირები არ ლაპარაკობდნენ. პირველი მოლაპარაკე პერსონაჟი კი მიკი მაუსი ბრძანდება - პატარა სასაცილო თაგუნა. ის ახალგაზრდა ამერიკელმა ანიმატორმა უოლტ დისნეიმ შექმნა. თურმე ბატონი დისნეი მიკი მაუსს თვითონ ახმოვანებდა. მიკის გარდა დისნეი კიდევ ბევრი შენი საყვარელი მულტფილმის ავტორია. "ფიფქია და შვიდი ჯუჯა", "ტომი და ჯერი", "პინოქიო", "მეფე ლომი"... ყველას რა ჩამოთვლის!..

KARIBCHEშენხელა რომ ვიყავი, ტელევიზორთან მოხერხებულად მოკალათება და საყვარელი მულტფილმის ყურება მეც ყველაფერს მერჩივნა. ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მულტფილი იყო "ნუ პოგადი!" - "აბა დამაცადე", მულტიპლიკაციური სერიალი მგლისა და კურდღლის თავგადასავალზე. მახსოვს, ამ მულტფილმის სახელს სწორად ვერც კი გამოვთქვამდი და "ნუკაბადის" ვეძახდი...

ძალიან მიყვარდა მულტფილმი ჩებურაშკაზე - გამოგონილ პატარა არსებაზე დიდი ყურებითა და ყავისფერი ბეწვით. ჩებურაშკა ერთ დიდ ქალაქში ნიანგ გენას ხვდება, შემდეგ ისინი ერთად ეძებენ მეგობრებს და თან ყველას ეხმარებიან: ხალხსაც და მოლაპარაკე ცხოველებსაც. მათი მთავარი მოწინააღმდეგე ბებერი შაპოკლიაპია...

აი, ასეთ საინტერესო მულტფილმებზე გავიზარდე, თუმცა ახლაც ბევრი ლამაზი მულტფილმია და მჯერა, შენც ხშირად უყურებ მათ. მაგრამ ერთი რამ გახსოვდეს: მულტფილმის კეთილი გმირისგან ბევრი კარგი რამ შეგიძლია ისწავლო. მიბაძე მას სიკეთესა და სიყვარულში.
ბეჭდვა
1კ1