სალოცავი კუთხე
სალოცავი კუთხე
ხატები აღმოსავლეთ კედელზე უნდა განლაგდეს
მას შემდეგ, რაც შენს ლამაზად მოწყობილ სალოცავ კუთხეს კიდევ ბევრი წმინდა ხატი შემატე, ალბათ ძალიან გინდა გაიგო, თუ როგორ განალაგო ისინი. ვფიქრობ, მცირედ დახმარებას მაინც შევძლებ.

ხატები აღმოსავლეთ კედელზე უნდა განლაგდეს. თუ ამის შესაძლებლობა არ არის - ჩრდილოეთ ან სამხრეთ კედლებზე (თუ ჯერ კიდევ ვერ არკვევ ამის მნიშვნელობას, მშობლებს დაეკითხე და მიგითითებენ). შესაბამისად, ქრისტიანიც ლოცვისას პირით აღმოსავლეთისკენ დგება ხოლმე. ეს წესი წმინდა მოციქულებისგან მომდინარეობს. იგი იმიტომ შემოიღეს, რომ უფალი ჩვენი, იესო ქრისტე ან, როგორც მას ხშირად უწოდებენ, "მზეი სიმართლისა" აღმოსავლეთიდან აღმობრწყინდა. წინასწარმეტყველებებში იგი ხშირად "აღმოსავლად" მოიხენიება. ედემის ბაღიც სწორედ აღმოსავლეთით მდებარეობდა და მაცხოვრის მეორედ მოსვლასაც აღმოსავლეთიდან ველით, ამიტომ აღმოსავლეთისკენ მიბრუნება მაცხოვრის მუდმივი მოლოდინის ნიშანია.

ხატები, შეეცადე, ამგვარად განალაგო: ჯვრის ქვემოთ, მარჯვენა მხარეს, მაცხოვრის ხატი უნდა მოთავსდეს, მარცხნივ - ღვთისმშობლის, ქვემოთ - წმინდანების. დანარჩენი კი შენს სურვილზეა დამოკიდებული. კარგი იქნება, თუ წმინდანის ხატი მაცხოვრის ხატის ზემოთ არ მოხვდება. სამღვდელო კურთხევანის მიხედვით, მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატების შემდეგ დაცული უნდა იყოს ხატების განლაგების შემდეგი იერარქია: წმინდა იოანე ნათლისმცემლის, წმინდა წინასწარმეტყველთა, წმინდა პეტრესი, წმინდა პავლესი და თორმეტ მოციქულთა, წმინდა მღვდელმთავართა, სხვა მოციქულთა და წმინდა მოწამეთა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა და დედათა, წმინდა უვერცხლო მკურნალთა, წმინდა იოაკიმესი და წმინდა ანასი.

აუცილებლად უნდა გვქონდეს ყოვლადწმინდა სამების, მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატები. ქართულ ოჯახებში უნდა იყოს ქართველთა განმანათლებლის - წმინდა ნინოს, ქართველი ერის დიდი მეოხისა და მფარველის წმინდა გიორგისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველის, წმინდა ნიკოლოზის ხატებიც.

სასურველია გვქონდეს ოჯახის წევრთა მოსახელე წმინდანების, წმინდა იოანე ნათლისმცემლის, ანგელოზთა დასის, მფარველი ანგელოზის, საუფლო დღესასწაულთა აღმნიშვნელი ხატები, აგრეთვე იმ წმინდანთა, რომელთა მიმართაც განსაკუთრებულ სითბოსა და სიყვარულს განვიცდით.
ბეჭდვა
1კ1