ცხოველთა სამყარო
ცხოველთა სამყარო
ზანტი კუ
პატარებო, ალბათ გაგიგონიათ, როგორ საყვედურობენ ხოლმე ნელა და ზანტად მოსიარულე ადამიანს, კუს ნაბიჯით ნუ დადიხარო. მართლაც, რა საინტერესოა, რატომ არასდროს არსად ეჩქარება კუს?! რატომ დადის ასე ნელა?!

ერთი კია, საბრალოს ისეთი მძიმე ბაკანი აქვს, მისი ტარება ალბათ არც ისე იოლია. თანაც, კუს სქელი და მოკლე ფეხები აქვს. აბა, ასეთი ფეხებით სწრაფად როგორ ივლი? ასე რომ, კუ ერთ-ერთი ყველაზე ნელი ცხოველია დედამიწაზე.

კუების სხვადასხვა სახეობა არსებობს: ზოგიერთი ხმელეთზე ცხოვრობს, ზოგიც - ზღვაში.

ხმელეთის კუები ძირითადად მცენარეებით იკვებებიან, ისინი თითქმის ყველაფერს მიირთმევენ, რასაც კი წააწყდებიან: გამხმარი ბალახის ღეროებს, ყვავილებს, ხილს... უდაბნოში მცხოვრებ კუებს კი თურმე საკმაოდ დიდხანს მცირეოდენი საკვებით უხდებათ თავის გატანა, სანამ წვიმა არ მოვა და მცენარეებს არ გაზრდის. ნახეთ, როგორი მოთმინება შესძლებიათ ამ ერთი შეხედვით ზარმაც ცხოველებს! ტყის კუებს, ნუ იტყვით და, საოცრად ჰყვარებიათ სოკო. თუ მართლაც ასეა, მათ შხამიანი სოკოების ცნობაც კარგად ეცოდინებათ.

წყლის კუები ძირითადად წყალმცენარეებით იკვებებიან, თუმცა ზოგიერთი ღორმუცელა პატარა თევზებსაც მშვენივრად მიირთმევს.

ხმელეთის კუებს მიწაზე ადვილად გადასაადგილებლად მომრგვალებულბრჭყალებიანი სქელი ფეხები აქვთ, წყლის კუებს კი - აპკიანი ხელ-ფეხი, რათა ზღვაში კარგად იცურაონ. აქტიური ცხოვრების პერიოდში კუები რამდენიმე წუთში ერთხელ აუცილებლად ამოყვინთავენ წყლიდან ჰაერის ჩასასუნთქად, დასვენების დროს კი ორ საათზე მეტხანსაც შეუძლიათ წყალქვეშ ყოფნა.

თურმე მამა კუები ნაპირზე არასოდეს გამოდიან, დედა კუები კი კვერცხების დასადებად ყოველ წელიწადს სტუმრობენ სანაპიროს. ორმოს ამოთხრიან და კვერცხებს შიგ აწყობენ, მერე კი ისე ნიღბავენ, ბუდის კვალსაც ვერავინ შეამჩნევს. დედა კუ კვერცხებს მზისგულზე ტოვებს და აღარც მათზე ზრუნავს და აღარც საკუთარ შვილებზე.

წყლის კუ კვერცხებს ძირითადად სანაპიროზე, წყალთან ახლოს დებს - ისე, რომ ახალგამოჩეკილი პაწიები არც სიარულით დაიქანცონ და არც მოქცევის დროს დაემუქროთ საფრთხე. პაწაწინა კუები იჩეკებიან და გეზს მაშინვე ზღვისკენ იღებენ. ხომ ასე ახლოს არიან წყალთან, მაგრამ თურმე მაინც უამრავი საფრთხე ემუქრებათ: მათზე ნადირობენ ზღვის ფრინველები, ყვავები, კატები, ძაღლები, ხვლიკები, კიბორჩხალები... ზღვაში შევლენ და კვლავ სიფრთხილე მართებთ - ახლა შესაძლოა თევზებმა გადასანსლონ. ნახეთ, ბავშვებო, საბრალო კუებს როგორი ბრძოლა უწევთ სიცოცხლის შესანარჩუნებლად?

თითქმის ყველა კუს პაწაწინა თავი აქვს, რომელსაც საფრთხის მოახლოებისთანავე ბაკანში მალავს.

კუები ძირითადად ერთი სიდიდისანი არიან, თუმცა უზარმაზარებიც არსებობენ. ასეთებს ალიგატორ კუებს ეძახიან. მათი სიგრძე 70 სანტიმეტრსაც კი აღწევს, წონა კი - 90 კილოგრამს. ალბათ, არც ერთს არ გინახავთ ამხელა კუ. მსოფლიოში ყველაზე დიდი კუ თურმე წყნარ ოკეანეში ცხოვრობს, 865 კილოგრამს იწონის და დაახლოებით ორი მეტრის სიგრძისაა.
ბეჭდვა
1კ1