რატომ რთავენ საშობაოდ ნაძვის ხეს?
რატომ რთავენ საშობაოდ ნაძვის ხეს?
(ლეგენდა)
ალბათ ყველას გიყვართ საშობაო ნაძვის ხე და გიხარიათ მისი მორთვა-მოკაზმვა, მაგრამ ის თუ იცით, რატომ ვრთავთ ყოველთვის მაინცდამაინც ნაძვს და არა რომელიმე სხვა ხეს? არა?

ყური დამიგდეთ, რა გიამბოთ...

როცა პატარა იესო დაიბადა და ღვთისმშობელმა ჩვილი ბაგაში თივაზე მიაწვინა, ზეციდან ანგელოზები ჩამოვიდნენ მის სანახავად. დაინახეს უბრალო და ღარიბული მღვიმე და ერთმანეთს უჩურჩულეს: იესოს მღვიმეში, უბრალო ბაგაში სძინავს! ეს შეუძლებელია! უნდა მოირთოს აქაურობა რაც შეიძლება ლამაზად, მდიდრულად: აქ ხომ თვით ღმერთს სძინავს!

და აი, ერთი ანგელოზი გაფრინდა სამხრეთისკენ, რომ ეპოვნა რამე სამშვენისი მღვიმის მოსართავად. სამხრეთში ხომ მუდამ თბილა და ყვავილები განუწყვეტლივ ყვავიან.

ანგელოზმა დაკრიფა სისხლივით წითელი ვარდები, თოვლივით თეთრი ზამბახები, მხიარული სუმბულები, ნაზი მიმოზები, მაგნოლიები, კამელიები, მოწყვიტა რამდენიმე მსხვილი, ყვითელი ლოტოსიც და მღვიმეში მიიტანა.

მეორე ანგელოზი კი ჩრდილოეთისკენ გაფრინდა. იქ იმ დროს ზამთარი იდგა. მინდვრები და ტყეები თოვლს დაეფარა და ერთი ყვავილიც არ ყვაოდა.

დაღონებული ანგელოზი უკან დაბრუნებას აპირებდა, როცა უცბად თვალი მოჰკრა ერთ მწვანე ხეს, რომელიც თოვლიდან ნაღვლიანად გამოიყურებოდა.

ანგელოზი შეჩერდა და გაიფიქრა: მერე რა მოხდა, რომ ეს ხე ასე სადაა; დაე, ამანაც, ამ ერთადერთმა ჩრდილოეთის მცენარემ, ნახოს პატარა ღმერთიო და თან წამოიღო თავმდაბალი, მწვანით მოსილი ნაძვი.

რა ლამაზად, რა საოცრად იცვალა ფერი მღვიმემ, როცა ყვავილებით მოირთო! ანგელოზები გაკვირვებით ჩასცქეროდნენ იესოს და ამბობდნენ: სუ, ჩუმად, სძინავს!

პატარა ნაძვის ხე პირველად ხედავდა ამისთანა მშვენიერ ყვავილებს და ნაღვლიანად ამბობდა:

- ოჰ, რად ვარ ასე სადა და ულამაზო? რა ბედნიერი უნდა იყვნენ ეს ყვავილები! მე კი ვერ გავალამაზებ აქაურობას ამ დიდებულ სადღესასწაულო დღეს... - და მწარედ, მწარედ ატირდა.

როცა ღვთისმშობელმა დაინახა, შეებრალა და გაიფიქრა: დღეს ყველა კმაყოფილი და ბედნიერი უნდა იყოს; ცოდვაა, ეს პატარა ხე ნაღვლობდეს!..

და ალერსიანად გაუღიმა, ხელი გააქნია... და მოხდა სასწაული: ზეციდან ნელა დაეშვა ბრწყინვალე ვარსკვლავი და ნაძვის კენწეროზე დაესვენა. მას თანდათან სხვა ვარსკვლავებიც მოჰყვნენ. გაშუქდა და კიდევ უფრო გამხიარულდა მღვიმე!

ამ სინათლისგან გამოეღვიძა პატარა იესოს და გაჩირაღდნებულ ნაძვის ხეს მხიარული სიცილით გაუწოდა ხელები.

ყვავილები კი გაკვირვებულნი შესცქეროდნენ ერთმანეთს და ამბობდნენ:

- რა მშვენიერი და ლამაზი გახდა ნაძვი, ჩვენც კი გვჯობიაო.

ბედნიერი ნაძვის ხე მადლიერი შეჰყურებდა ღვთისმშობელ მარიამს, რომლის მზრუნველ და მოსიყვარულე თვალს უბრალო ხეც კი არ გამოჰპარვია. ის ხომ არავის ტოვებს უნუგეშოდ...

ის დღეა და ის დღე, ყოველ წელს, შობის ღამეს, სანთლებითა და სათამაშოებით მდიდრულად მორთული ნაძვი ინთება და ბრჭყვიალი გააქვს პატარების გასახარად, ნიშნად იმ პირველი შობის ხისა, რომელიც ნამდვილი ვარსკვლავებით იყო მორთული.

ნაძვის ხის გმირობის ამბავი
ჩემო პატარებო, ხომ გახსოვთ ბოროტი მეფე ჰეროდე, ახალშობილი მაცხოვრის მოკვლა რომ განიზრახა და ამისათვის ბეთლემსა და მის შემოგარენში ყველა ახალშობილის ამოწყვეტა ბრძანა? გადმოცემით, მაშინ 14 000-მდე ყრმა ამოწყვიტეს და ისინი ქრისტიანული სამყაროს პირველი წმინდანები გახდნენ.

ყოვლისმხილველმა და ყოვლისმცოდნე უფალმა იესოს მამობილს, წმინდა იოსებს ანგელოზი გაუგზავნა, რომელმაც წინასწარ ამცნო, ღვთისმშობელი ახალშობილთან ერთად ეგვიპტეს წაეყვანა.

გზად მათ ბოროტი ჯარისკაცები წამოეწივნენ, ერთმა უბრალო ნაძვის ხემ კი ლტოლვილნი თავისი კალთის ქვეშ შეიფარა, ხშირი ტოტები დაბლა დახარა და ახლოს ჩავლილმა მდევარმა ვერ შეამჩნია ისინი.

ასე იხსნა ნაძვის ხემ წმინდა ოჯახი გასაჭირისგან და მადლიერი ხალხიც ალბათ ამიტომ რთავს და ამშვენებს ასე ლამაზად კოხტა ნაძვის ხეს.

მოამზადა
ნათია ჭუმბურიძემ
ბეჭდვა
1კ1