ანგელოზები
ანგელოზები
ფშავში ერთ დედაკაცს ქოხში სამი დღის ბავშვი მოუკვდა. მელოგინეს ამ დროს არავინ მიჰკარებია, თითქოს დიდი ცოდვა ყოფილიყოს მშობიარის დახედვა ან არავის სცოდნოდეს საბრალო დედის გულისტკივილი. ბავშვის გარდაცვალებამდე მასთან შევიდა მხოლოდ დიაკონის ცოლი სალომე. ქალიკმამ ფეხზე წამოდგომით პატივი სცა და ვიდრე სტუმარი დაჯდებოდა, დაიჩივლა:

- ვაჰმე, შვილი მიკვდება, ნეტავი მღვდელი შინ იყოს, რომ მომენათვლინებინა მაინც ეს საცოდავიო.

სალომემ ჯერ ანუგეშა და მერე უთხრა:

- მერე რა, მღვდელი რომ შინ არ არის, მე ხომ აქა ვარ, მე მოვნათლავო.

- თუკი შეიძლება, მეტი მადლი რაღა იქნებაო, - უთხრა გაკვირვებით ქალიკმამ.

სალომემ მაშინვე წყალი შეათბო და ჩაასხა ხნოში, მერე ბავშვი ჩამოართვა, გაჰხადა ტანისამოსი, დაარქვა სახელი, სამგზის ამოშობა წყალში ამ სიტყვებით: "სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ". მერე პირჯვარი გამოისახა, ბავშვი დედას გადასცა და დაჰპირდა:

- ნათელღებული და ქრისტიანებში ჩარიცხულია შენი ვაჟუნა, ნუღარ გეჯავრიანო.

სალომემ იმ დღეს დაძმარებულ ქალიკმას თავი არ დაანება, ბავშვი კი ორი-სამი საათის შემდეგ უკვე გარდაიცვალა. მართალია, ეს მამამაც შეიტყო, ბიძამაც, რძლებმაც, მეზობლებმაც, მაგრამ იქ არავის გაუვლია, არავინ მოსულა ქალიკმას მაზლისწულის, შვიდი წლის ხვთისოს გარდა, რომელიც სოფლის სკოლაში სწავლობდა. მოვიდა დიაკვნის შვილი სოლოც, თბილისის სასულიერო სასწავლებლის მოწაფე, და კუბო გააკეთა. მერე იმან, ქალიკმამ და სალომემ საფლავი ამოთხარეს და იქვე, ქოხის ახლოს დამარხეს პატარა გვამი. ხვთისოც იმ დროს იქ იყო და მწარედ ტიროდა.

მთელი დღე ხვთისოს ფიქრები პატარას საფლავს დასტრიალებდა, რომელიც იმას მეტისმეტად აშფოთებდა. ამ საფლავმა იმ ღამეს, ძილის წინ, სხვა მოუნათლავი ბალღების საფლავები მოაგონა, საერთო სასაფლაო, ქვევით, სადღაც, მოშორებით, სადაც ბევრჯერ ჰყოლია ზაფხულობით ხბოები. მოაგონდა ისიც, "არა ცხონდებიანო". გული მწუხარებით აევსო და დაიწყო ტირილი: "დალოცვილო ღმერთო, - ამბობდა ის, - ნუ დაჰკარგავ, ნუ დაჰღუპავ ამათ. შენ შეინახე და შეიბრალე ის უბედურები!"

იმ ღამეს ხვთისომ სიზმარიც ნახა: ვითომ გარეთაა, ცა განათებულია და მოისმის საოცარი ხმები. მაღლიდან ჯერ ერთი ანგელოზი დაეშვა. ჩამოჯდა ახალგარდაცვლილი ბავშვის საფლავზე, ამოიყვანა ის და შეისვა მხრებზე. დაეშვა ახლა მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე... ბევრნი ჩამოვიდნენ ხვთისოს საჯავრო ბალღების საფლავებზე, ამოსხეს შიგ მწოლიარენი, ჩაიკრეს გულში და ღვთის სადიდებელი საგალობლებით გასწიეს უსაზღვრო ცის სივრცისკენ.

ხვთისოს გახარებულს გამოეღვიძა, პირჯვარი გადაიწერა და სასოებით წარმოთქვა: "დიდება, დიდება, უფალო, შენს მრავალმოწყალებასო!"

მერე აღარც უდარდია.

ამ მოთხრობიდან ჩანს, რომ უკიდურეს შემთხვევაში, როცა სხვა გამოსავალი არ არის, ნათლისღების საიდუმლო (თუმცა არასრულად) შეიძლება აღსრულდეს მღვდლის გარეშეც. უბრალოდ, საჭიროა სამგზის წყალში შთაფვლა ან წყლის დასხმა მონათლულისთვის და ამ ფორმულის თქმა: "სახელითა მამისათა, ამინ, და ძისათა, ამინ, და სულისა წმიდისათა, ამინ".

ნათლისღების საიდუმლოს უდიდესი ძალა აქვს. მაგრამ უდიდესი ძალა აქვს ლოცვასაც, მით უფრო უმანკო ბავშვის ლოცვას. პატარა ხვთისოს გულისტკივილმა, თანაგრძნობამ უფლის მოწყალება მოიზიდა. სახარებაშიც ხომ წერია: "ითხოვეთ და მოგეცემათ". თანაც გააჩნია, რას ითხოვ. ხვთისოს გული უმანკო ბავშვებისადმი სიყვარულით იყო სავსე, ამიტომაც გახდა იგი ღირსი ასეთი სიზმრისეული გამოცხადებისა, უფლისმიერი ნუგეშისა.

ადამიანი არა მარტო თავისი სულის ცხონებისთვის უნდა ზრუნავდეს, არამედ სხვათა გადასარჩენადაც.


ბაჩანა რაზიკაშვილი
ბეჭდვა
1კ1