ერთი შეხედვით უსუსური ჭიანჭველა
ერთი შეხედვით უსუსური ჭიანჭველა
ბავშვებო, დედამიწაზე უამრავი ჭიანჭველაა. ისინი ერთად, ჯგუფურად ცხოვრობენ და ყველას თავისი საქმე აქვს: ზოგი დედაა, ზოგი - მამა, ზოგი - მონადირე, ზოგიც - მეომარი თუ მზვერავი და ჩხუბიც იშვიათად მოსდით.

ჭიანჭველები საცხოვრებლად ბუდეებს აგებენ, რომლებიც ერთმანეთთან ბილიკებითაა დაკავშირებული. ალბათ იმიტომ, რომ ერთმანეთთან სტუმრადაც იარონ... ბუდეს მუშა ჭიანჭველები აგებენ. საამისოდ ხმელ ტოტებს იყენებენ. ბუდე დაყოფილია, აქ ყველას და ყველაფერს თავისი ადგილი აქვს. ცალკე აწყობენ ზამთრის მარაგს, ცალკე აქვთ ჭუპრების საბუდარი... ჭიანჭველები დღენიადაგ ზრუნავენ თავიანთ საცხოვრებელზე და იცავენ მის სისუფთავეს. ნახეთ, ბავშვებო, ჭიანჭველას თურმე ბევრ ადამიანზე მეტად ჰყვარებია წესრიგი. ბუდე მიწის ქვეშ ერთი მეტრის სიღრმეზეა, იქ ზამთარშიც კი ზომიერი ტემპერატურაა.

ყველამ ვიცით, რომ ჭიანჭველა ყველაზე მშრომელი მწერია მთელ დედამიწაზე. ისიც ყველას გაგვიგონია, რომ მას თავისზე ორჯერ მძიმე ტვირთის ზიდვა შეუძლია. ჭიანჭველებს ეხერხებათ მუყაითი და ნაყოფიერი შრომა, თუმცა მათთვის უცხო არ არის სხვისი შრომის გამოყენებაც. მაგალითად, ბუდის აგების დროს ერთი სახის ჭიანჭველები ეხმარებიან სხვა სახის ჭიანჭველებს და ეს ხშირად ურთიერთშეთანხმებით ხდება. თუმცა ჭიანჭველებში არსებობს მონათმფლობელობაც. "მონების" მოსაპოვებლად მეომარი ჭიანჭველები რაზმებად გამოდიან ბუდიდან და მეზობელი ბუდისკენ მიემართებიან. იქნებ, თქვენც მოგიკრავთ თვალი ამგვარი მსვლელობისთვის... იწყება სასტიკი ბრძოლა, რომელშიც უამრავი ჭიანჭველა იღუპება. გამარჯვებული ჭიანჭველები იჭრებიან მოწინააღმდეგის ბუდეში, იტაცებენ ჭუპრებს და თავისთან მიჰყავთ. ზოგ ჭუპრს ჭამენ, დანარჩენს კი ზრდა-განვითარებას აცლიან. სწორედ ესენი ხდებიან "მონები". ხშირად ასეთი მონა-ჭიანჭველები შემდგომში თავადაც მონაწილეობენ დამპყრობლურ ლაშქრობებში.

საკვების ბრძნულად შეგროვება
სხვადასხვა ჯიშის ჭიანჭველა განსხვავებულ საკვებს ეტანება - აფრიკაში ხორციჭამია ჭიანჭველებიც ბინადრობენ. თუმცა ყველაზე ხშირად ჭიანჭველები მარცვლეულით ან სოკოებით იკვებებიან. ისინი ზამთრის სარჩოს შეგროვებას ზაფხულში იწყებენ და ამ დროს დიდ სიბრძნესაც ავლენენ: თითოეულ მარცვალს შუაზე კვნეტენ, რომ არ აღმოცენდეს და საკვებად უვარგისი არ გახდეს. თუ შეამჩნიეს, რომ დანესტიანდა, დაობებისგან დასაცავად აშრობენ და გასაშრობად მიწის ზედაპირზე მხოლოდ დარში გამოაქვთ. ამინდის გამოცნობა კი ჭიანჭველას არ ეშლება, თამამად შეიძლება ვენდოთ: ბავშვებო, თუკი დავინახავთ, რომ იგი მარაგს აშრობს, ესე იგი არ გაწვიმდება.

მარცვლეულის შესაგროვებლად ჭიანჭველა შორ მანძილზე სიარულსაც არ ერიდება. ჭირნახულში ზოგჯერ ნახშირის ნამცეცები და მინის ნამსხვრევებიც ერევა, მაგრამ საგანგებო ნამცეცა მუშა ჭიანჭველები ნადავლს საგულდაგულოდ ახარისხებენ და ბუდიდან გამოაქვთ ყველაფერი, რაც საკვებად უვარგისია. თურმე ნუ იტყვით და, ჭიანჭველებს საკვები თავადაც მოჰყავთ. კერძოდ, იციან, როგორ გაამრავლონ სოკო, რითაც თავიანთ მატლებს კვებავენ. ხედავთ, რამხელა სიბრძნეს ავლენს უსუსური ჭიანჭველა საკვების შეგროვებისას?!

ჭიანჭველები რომ უჭკუონი არ არიან და თავისებურად აზროვნებენ კიდეც, ამას ადასტურებს ის ორი ამბავიც, რომლებსაც ახლა მოგიყვებით: სამხრეთ ამერიკის ერთ ქალაქში თურმე ჭიანჭველების გზა ტრამვაის ლიანდაგზე გადიოდა. ტრამვაი წამდაუწუმ ჟლეტდა მათ. ჭიანჭველებიც ადგნენ და ლიანდაგის ქვეშ გვირაბი გაიყვანეს. როცა ადამიანებმა განზრახ შეუშალეს ხელი, გვირაბი სხვა ადგილას გაჭრეს...

ერთხელ მეცნიერებმა იმ ხის ღეროს, რომელზეც ჭიანჭველები დაფუსფუსებდნენ, ფისის რგოლი შემოარტყეს. ამ მოულოდნელ დაბრკოლებას მწერები დიდად არ შეუშფოთებია: მიწა და კენჭები მოზიდეს და რგოლზე ხიდი გადეს... მოდით და ამის შემდეგ ვთქვათ, ჭიანჭველას სიბრძნე აკლიაო...

ტყის მცველი ჭიანჭველები
ბავშვებო, თურმე ტყისა და მოსავლის უპირველესი დამცველები ჭიანჭველები არიან.

ისინი მუსრს ავლებენ მრავალ საშიშ მავნებელს. მათ თვალს არ გამოეპარება ბუნებასთან შეხამებული მატლებიც კი. ასეთ მატლს მწერიჭამია ფრინველი ვერ ამჩნევს. ამიტომაც ჭიანჭველა ათჯერ მეტ მავნებელს ანადგურებს, ვიდრე ფრინველი აპრილიდან ოქტომბრამდე. ამ მოუსვენარ, გამრჯე პაწაწინას თითო ოჯახი 3-დან 5 მილიონამდე მავნე მწერს სპობს. ისინი ყველგან ნადირობენ: მიწაში, ბალახზე, ბუჩქებსა და ხეებზე. ამიტომ, ჩემო პატარებო, ტყეში ჭიანჭველების განადგურება დანაშაულია.
ბეჭდვა
1კ1