რას გვასწავლიან ცხოველები
რას გვასწავლიან ცხოველები
საყვარელო ბავშვებო, ვიცი, რომ ძალიან გიყვართ ცხოველები და ალბათ ხშირად გაგჩენიათ კითხვა, რატომ შექმნა ღმერთმა ისინი. ბიბლია მოგვითხრობს, რომ სამყაროს შექმნას ღმერთმა ექვსი დღე მოანდომა, მეშვიდე დღეს კი დაისვენა. აი, სწორედ მეექვსე დღეს შექმნა ცხოველები, შემდეგ კი ადამიანი. ადამიანი დააყენა ყველა ქმნილების გამგებლად და ბატონ-პატრონად. ყველაფერი მისთვის შეიქმნა - ცაც და დედამიწაც, ფრინველებიცა და ცხოველებიც, მცენარეებიცა და მნათობებიც. პირველმა ადამიანმა, ადამმა დაიარა სამოთხე, დაათვალიერა ყველაფერი და ცხოველებს სახელები დაარქვა. ცხოველები ადამიანს მსახურებივით მორჩილებდნენ; გაგიკვირდებათ, მაგრამ მათ შორის არ იყვნენ ავი და საშიში ცხოველები, სამოთხეში ყველა ტკბილად და მეგობრულად ცხოვრობდა. მაგრამ ეშმაკს შეშურდა მათი და გადაწყვიტა, გაეუბედურებინა ადამიანები და აცდუნა ისინი. მათაც დაკარგეს სამოთხე. ადამიანების შეცდომამ დედამიწაზე ყველაფერს დააჩინა დაღი, შეიცვალა ბუნება, შეიცვალნენ ცხოველები, ზოგიერთი მტაცებელ მხეცად იქცა, სხვები შხამიანად. ბევრი მათგანი საშიში გახდა ადამიანისთვის. მიუხედავად ამისა, ჩემო პატარებო, თუ დავუკვირდებით ცხოველებს, მათ ქცევებს, დავინახავთ, რომ ყოველ მათგანში არის ის თვისება, რომელმაც ადამიანებს მაგალითი უნდა მისცეს, ასწავლოს, რა არის კარგი და რა - ცუდი.

მივბაძოთ ერთგულ და მეგობრულ ცხოველებს
ალბათ ყველას გსმენიათ ძაღლების ერთგულების შესახებ. მადლიერებისა და მეგობრობის უნარით ბევრი ადამიანიც კი ვერ შეედრება ძაღლს. მას არასოდეს ავიწყდება სიკეთე და ყოველთვის ცდილობს ვალში არ დარჩეს კეთილისმყოფელთ. აბა, გაიხსენეთ, თუ ერთხელ მაინც დაგიპურებიათ მოშიებული ძაღლი, მას ეს სამუდამოდ დაუხსომებია და აღარასოდეს შემოუყეფავს თქვენთვის.

KARIBCHEმაგრამ აქლემს დიდხანს მიჰყვება გულისწყრომა და მრისხანება. ოდესღაც ვინმესგან ნაცემი აქლემი წყენას დიდხანს არ ივიწყებს და იხელთებს თუ არა დროს, ბოროტებას ბოროტებით პასუხობს. ასე რომ, უნდა დაფიქრდნენ მრისხანე ადამიანები, ვის ემსგავსებიან, როცა წყენას გულით დაატარებენ და მოყვასს არა თუ პატიობენ შეცდომებს, სამაგიეროსაც უხდიან. ჰოდა, ვეცადოთ, ჩემო პატარა მეგობრებო, რომ ბოღმიან აქლემებს არ დავემსგავსოთ.

საოცარი მეგობრობა სცოდნიათ დელფინებსაც. ისინი ადვილად ეჩვევიან ადამიანებს, ეთამაშებიან, ჭამენ მათი ხელიდან. ცნობილია, ხშირად დელფინი მეგზურობას უწევს გემებს - წინ მიუძღვის უხიფათო გზით. დელფინს არაერთი ადამიანი გადაურჩენია დახრჩობას - ზურგზე შეუსვამს და ნაპირზე გამოუყვანია.

სპილოებიც კარგად ეგუებიან ადამიანს, ეჩვევიან შრომას. მოშინაურებული სპილო არასოდეს გარბის ჯუნგლებში ჯოგთან, იგი ადამიანის ერთგულ მსახურად რჩება. სპილო არასოდეს მიატოვებს გასაჭირში თავის მეგობარ ადამიანს. განსაკუთრებით თბილად ექცევა ბავშვებს.

მზრუნველი და უსამართლო მშობლები
დიდია მშობლებისა და შვილების ურთიერთსიყვარული ცხოველებს შორის. ბატკანი ათას ცხვარში არჩევს დედას და მისკენ გარბის, რაც უნდა რძით სავსე იყოს სხვა ცხვრის ძუძუ, მას მაინც დედის რძე ურჩევნია. დედა ცხვარიც ათას ბატკანში გამოარჩევს თავის შვილს.

შვილების სიყვარულით ნაქებია ყვავი, რადგან იგი მაშინაც დასდევს მათ, როცა უკვე ფრენას იწყებენ, აჭმევს და დიდი ხნის მანძილზე ზრუნავს მათზე.

KARIBCHEშვილებს მზრუნველობენ ისეთი მრისხანე და საშიში ცხოველებიც, როგორებიცაა ლომი, ვეფხვი, მგელი... ძუ ლომებს ბოკვრები ხშირად გადაჰყავთ ერთი ადგილიდან მეორეზე, რომ მტაცებელს კვალი აუბნიონ.

არწივი კი მეტად უსამართლოა შვილების გაზრდისას. გამოჩეკს რა ორ მართვეს, ერთს ფრთას დაჰკრავს დ მიწაზე ჩამოაგდებს, მეორეს კი ზრდის. ასე სასტიკად იმიტომ იქცევა, რომ საჭმელის შოვნა უჭირს. უსამართლო არწივის მსგავსად იქცევიან ის მშობლები, რომლებიც სიღარიბის საბაბით შვილებს იშორებენ.

ადამიანები არ უნდა დაემსგავსონ სისასტიკით იმ ფრინველებს, რომლებიც დაფრთიანებულ შვილებს ბუდიდან ყრიან და მათზე აღარ ზრუნავენ.

ცხოველებსაც სცოდნიათ სიყვარული და ზრუნვა
უჩვეულო სიყვარული მოსდგამთ ერთმანეთისა ღამურებს. ისინი ერთმანეთს ჯაჭვისებურად დაეკიდებიან და ასე ატარებენ დიდ დროს. ადამიანებს კი როგორ უჭირთ მსგავსი ერთობის მიღწევა, კარგი კი იქნებოდა, მიებაძათ ამ პატარა არსებებისთვის.

საოცრად მზრუნველები არიან წეროები. როდესაც ერთნი იძინებენ, მეორენი გარს უვლიან და მათ სიმშვიდეს იცავენ. როცა დრო გაუვა, მოდარაჯე დაიყივლებს და იძინებს. მას კი სხვა შეენაცვლება და ა. შ.

KARIBCHEანტილოპა და ირემი სხვებზე ზრუნვის საოცარ თვისებებს ავლენენ. თუ რომელიმე მტაცებელმა ისინი უმწეო მდგომარეობაში ჩააგდო, მსხვერპლი გამოსცემს პანიკის გამომხატველ განსაკუთრებულ სურნელს. ამ სუნზე დანარჩენი ცხოველები თავს გაქცევით შველიან. თანამოძმეებზე ამგვარი ზრუნვის შედეგად მხოლოდ ერთი ცხოველი იღუპება.

სტუმართმოძულე ადამიანებმა კი დაე, ყვავების სტუმართმოყვარეობას მიბაძონ. როდესაც ყარყატები თბილ ქვეყნებში მიფრინავენ, მათ ხვდებიან და მიაცილებენ ყვავები მტრულად განწყობილი ფრინველებისგან დასაცავად. ამას ისიც ადასტურებს, რომ ყვავები შინ დაჭრილები ბრუნდებიან.

ყარყატები საოცრად ზრუნავენ მოხუც მშობლებზე. ისინი გარს ერტყმიან სიბერისაგან ბუმბულგაცვენილ მამას, საკუთარი ფრთებით ათბობენ, საჭმელსაც უხვად უზიდავენ, გადაფრენის დროს კი ფრთებით უჭირავთ და ისე მიჰყავთ. თუ ფრინველები ასე ზრუნავენ მოხუც მშობლებზე, მით უფრო ევალებათ ეს ადამიანებს, რომლებიც ხშირად ივიწყებენ მშობლების ამაგს და სიბერის დროს უყურადღებოდ ტოვებენ.

ცხოველებსა და ფრინველებს ერთად ცხოვრება უყვართ. ზოგიერთებს უფროსებიც ჰყავთ, რომლებსაც ემორჩილებიან. ალბათ გაგიგიათ ფუტკრების ოჯახზე. იქნებ რომელიმე თქვენგანს ფუტკრის სკა შინაც აქვს. ჰოდა, გეცოდინებათ, რომ მათ ერთი სახლი აქვთ და ერთ საქმესაც ემსახურებიან. რაც ყველაზე საოცარია, ფუტკრებმა იციან უფროს-უმცროსობა - ემორჩილებიან დედა ფუტკარს. ყოველ საქმეს მისი ბრძანებით იწყებენ. ვიდრე არ დაინახავენ, რომ მათი წინამძღოლი აფრინდა, თავს ნებას არ აძლევენ, მინდვრებს მიაშურონ. ფუტკრები გამრჯე და დაუზარელი მუშაკები არიან.

KARIBCHEადამიანისთვის სიბეჯითისა და შრომისმოყვარეობის მაგალითია ჭიანჭველაც, რომელიც ზამთრის მარაგს ზაფხულშივე აგროვებს. ალბათ ბევრს გინახავთ, თავისზე სამჯერ დიდ ტვირთწამოკიდებული ეს პაწაწინა მწერი.

კიდევ ბევრი მაგალითის მოყოლა შეიძლებოდა, ჩემო პატარა მეგობრებო, მაგრამ ჯერ ეს ვიკმაროთ. ხედავთ, თურმე რამდენი კარგი რამის სწავლა შეიძლება ცხოველებისგან. მე სიამოვნებით გავაგრძელებ თქვენთან მეგობრობას და გპირდებით, რომ ერთად ბევრ საინტერესო ცხოველს გავიცნობთ.
ბეჭდვა
1კ1