ობოლი ვანო
ობოლი ვანო
შობის წინა ღამე იყო. უხვად ბარდნიდა. საბრალო ობოლი ვანო გზადაბნეული მიაბიჯებდა ტრიალ მინდორზე. დაგლეჯილ-დაფლეთილ ტანისამოსში გახვეული სიცივით ძაგძაგებდა. სახეზე უსაზღვრო ნაღველი ეწერა. სად მიდიოდა, თვითონაც არ იცოდა. დღესასწაულებში უფრო გრძნობდა თავის ობლობას.

რვა წლის სოფლელ ბიჭს შეეძლო ოჯახში ბევრი საქმის გაკეთება და ღვთის წინაშე არც მუქთამჭამელი იყო, მაგრამ ოჯახი, რომელმაც აიყვანა, ხშირად ლუკმა-პურს აყვედრებდა. მეტადრე დღეს გაუმწარეს სიცოცხლე და აიძულეს, სოფლიდან გამოვარდნილიყო.

დაბინდდა. მიდის შეუსვენებლივ ვანო, ნაღვლიანი ვერ გრძნობს ყინვას. აი, ტყეშიც შევიდა, თოვამ თანდათან უმატა, თოვლით შეპენტილი ხეები ბინდბუნდში უცნაურად გამოიყურებოდნენ. ვანო ჯოხით იკვლევდა გზას, ზურგს მოგდებული ფუთა, რომელშიც სარჩო-საბადებელი ჰქონდა, ოდნავ ათბობდა. ბოლოს, ღონემიხდილმა დაყარა ძირს ჯოხი და ფუთა, დაეცა მუხლებზე და დაიწყო მხურვალედ ლოცვა. ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა, მერე დაეშვა თოვლზე, გაბრუვდა...

უცბად შორიდან გალობა მოესმა, თითქოს ზეცაში ანგელოზები ადიდებდნენ ქრისტეს შობას. ვანომ უკანასკნელი ღონე მოიკრიბა, წამოვარდა ფეხზე და სმენად იქცა. ქარი თანდათან ძლიერდებოდა, ნამქერს ვანოს პირისახეზე აყრიდა.

ამ ქარსვე მოჰქონდა გალობის ხმა. აი, შობის ალილოც გაისმა. სუნთქვაშეკრული ბავშვი ყოველ სიტყვას ყლაპავდა. მერე სწრაფად გასწია იმ ხმისკენ.

მალე გამოჩნდა კიდეც განათებული ოდა. მიუახლოვდა სარკმელს და დაინახა, რომ კედელზე გაკრულ ერთ დიდ სურათს გარს შემოხვეოდა ოჯახი. ზოგი ბავშვი მასავით პატარა იყო.

ვანომ დააკაკუნა სარკმელზე. მაშინვე გაუღეს, შეიყვანეს, გაათბეს, გააშრეს და დაანაყრეს. ყველამ დაუწყო გამოკითხვა, საიდან მოდის, ვინ არის და ან ამ ავდარში რამ აიძულა ტყე-ტყე სიარული. როდესაც შეიტყვეს, ობოლიაო, იშვილეს.

ყმაწვილები დაუმეგობრდნენ ვანოს, მიიყვანეს სურათთან, რომელზეც ეხატა ახალშობილი ქრისტე და რომელსაც ადიდებდნენ ანგელოზები და ხალხი გაოცებით თაყვანს სცემდა. ყმაწვილებმა ხელმეორედ მწყობრად იგალობეს:

"შობის მახარობელი ვართ, ალილო!
ბეთლემს გამოჩნდა ვარსკვლავი, ალილო!
შობის მომასწავებელი, ალილო!
ჩიტი შემოჯდა ღობესა, ალილო!
იძახის ქრისტეს შობასა, ალილო!
შობა ღმერთმა გაგითენოთ, ალილო!
შობა-ახალწელიწადი, ალილო!"


ვანო სიამოვნებით უსმენდა ამათ. ბოლოს თვითონაც ბანი მისცა ყმაწვილებს.

ამ მოთხრობიდან კარგად ჩანს, თუ როგორ არ ტოვებს უფალი განსაცდელში ჩავარდნილ ადამიანს. მეტადრე ობოლ ბავშვს, რადგან ფსალმუნში წერია: "ობოლი და ქვრივი შეიწყნაროს". (ფს. 145,9). უფალი განსაკუთრებით ზრუნავს ასეთ ადამიანებზე, რადგან იგია "მამა ობოლთა და მსაჯული ქვრივთა". ჩვენც, ადამიანებს უფალი გვეუბნება, რომ ვიყოთ მოწყალენი ჩვენივე მსგავსი ადამიანების მიმართ: "უსაჯეთ ობოლსა, ღარიბი და მწირი განამართლეთ". თავად უფალი, ზეცისა და ქვეყნის შემოქმედი, დამდაბლდა, ადამიანური ხორცი შეიმოსა, იშვა ბაგაში და იტვირთა სიღარიბე, სივალალე, რათა ჩვენთვის, ადამიანებისთვის ებოძებინა თავისი მოწყალების სიმდიდრე.

განსაცდელში განსაკუთრებით მხურვალეა ლოცვა. ვანოს ლოცვა ნატკენი გულის სიღრმიდან იყო ამოსული. უფალმა აჩვენა პატარას თავისი მოწყალების ძალა. მისი გული გათბა და ბავშვმა სულ სხვა ძალით, ცხოვლად ირწმუნა, რომ "უფალი სუფევს" და რომ მისი დიდება ვლინდება არა მარტო "მაღალთა შინა", არამედ ქვეყანაზე, კაცთა შორისაც.
ბეჭდვა
1კ1