გაღვიძებისთანავე წამოდექი, ჩაიცვი ტანსაცმელი და დაიწყე დილის ლოცვები
გაღვიძებისთანავე წამოდექი, ჩაიცვი ტანსაცმელი და დაიწყე დილის ლოცვები
მეჩვენება, წამოიზარდე და ფიზიკურ ზრდასთან ერთად სულიერადაც მაღლა და მაღლა მიდიხარ. თუმცა შენი მეგობარი ისევ ურჩობს და არ ცდილობს მოგბაძოს. წამითაც არ ჩაიდო წყენა პაწია გულში, თუ შენი საყვარელი ადამიანისგან ნამცეცისოდენა რამ ცუდად მოგეჩვენება. შენ შენი წესიერი ცხოვრებით უჩვენე სხვებს მაგალითი, თან ისეთი, რომ ყველგან მყოფ ღმერთს გაუხარდეს. შეიძლება ბევრჯერ მეგობრის ერთმა დაუფიქრებელმა სიტყვამ ისე გატკინოს გული, რომ მთელი დღე ამაზე ფიქრობდე და დედიკოსაც ვერც უმხელდე.

წმინდა მამები გვირჩევენ, რომ ასეთ დროსაც უნდა ვილოცოთ. ლოცვით მივმართავთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, წმინდა ანგელოზებს, წმინდანებს, რომელთაც ღვთის წინაშე შეუძლიათ ჩვენი თხოვნა მიიტანონ.

ყოველი დღე რომ ლოცვით უნდა იწყებოდეს და მთავრდებოდეს, ალბათ იცი. თუ ამას ჯერ ვერ ახერხებ, არაფერია, თანდათან შეეჩვევი და მერე სხვასაც ასწავლი. ლოცვების წიგნი თითქმის ყველა ეკლესიაშია და თუ არ გაქვს, დედას სთხოვე, შეგიძინოს. იქ ყველა ლოცვას ნახავ და წაკითხვის შემდეგ შენც კმაყოფილი იქნები.

მანამდე გეტყვი, რომ გაღვიძებისთანავე წამოდექი, ჩაიცვი ტანსაცმელი და დაიწყე დილის ლოცვები ვიდრე ისაუზმებ, კარგი იქნება, ეკლესიიდან წამოღებულ სეფისკვერს და ნაკურთხ წყალს თუ მიიღებ. ხომ იცი, სადილის და სწავლის დაწყების წინაც უნდა ილოცო. ამ ყველაფერს იმ ლოცვების წიგნში ამოიკითხავ.

***
თუ გაინტერესებს, ერთ ამბავს მოგიყვები, რომელიც სადილის წინ ლოცვას ეხება:

"ერთ მდიდარ ოჯახში სადილად მღვდელი მიიწვიეს. მან შენიშნა, რომ მასპინძელი სადილის წინ არ ლოცულობდა და მხოლოდ მღვდლის გასაგონად წაიკითხა ლოცვა. მღვდელმა მასპინძელს სთხოვა, სადილ-ვახშმის წინ მომავალშიც ილოცეთო. ორი წამის სიჩუმის შემდეგ მასპინძელმა მღვდელს უთხრა: - სიტყვები, რომლებიც ყოველდღე უნდა გაიმეორო, კარგავენ ყოველგვარ აზრსო.

სანამ ამაზე მღვდელი უპასუხებდა, მასპინძელს მისმა შვიდი წლის შვილიშვილმა უთხრა: - საყვარელო ბაბუა! მაშ, არც მე უნდა გითხრა ყოველ დილას ერთი და იგივე "დილა მშვიდობისა, ბაბუა" და ყოველ საღამოს - "საღამო მშვიდობისა, ბაბუა"?

კვლავ სიჩუმე ჩამოვარდა. მღვდელმა ალერსით გადაუსვა ბავშვს თავზე ხელი და თქვა: "პირითა ყრმათა ჩვილთა მწოვართაითა დაამტკიცე ქებაი" (ფსალმუნი 13,2).

***
როცა ლოცვას ვიწყებთ, ჩვენ მოსახელე წმინდანს ვთხოვთ ხოლმე შემწეობას და თუ შენ თამარი ხარ, მეფე თამარივით ლამაზი და მოხდენილი, მიბაძე მას ღვთის, სამშობლოს სიყვარულში.

თამარი მეფე იყო და მას ეს ადგილი თავისი წინაპრებისგან, მამისგან, ბაბუისგან და კიდევ მისი მამებისგან ერგო. თამარი გონიერი და ძლიერი ხელმწიფე გამოდგა. მან ყველა მოწინააღმდეგე დაამარცხა - ზოგი ჭკუით და მოხერხებით, ზოგიც ძალით.

KARIBCHEჩვენი სამშობლოს ისტორიამ შემოგვინახა პატარ-პატარა ამბები თამარ დედოფლის ცხოვრებიდან. ერთხელ თურმე თამარ მეფე წირვაზე აპირებდა წასვლას გელათში (იმერეთში, ქუთაისშია) და სამეფო შესამოსელზე ძვირფას თვლებს - ლალებს ამაგრებდა. ფარეშმა უთხრა, - მონასტრის კართან მათხოვარია და შენგან წყალობას, დახმარებას ითხოვსო. მეფეს მასთან მისვლა დააგვიანდა, როცა გარეთ გამოვიდა, მათხოვარი ვეღარ იპოვა. შეწუხდა, რომ ამ ღარიბი დედაკაცის სახით უარი უთხრა თვით უფალ იესოს. მერე მოიხსნა ის, რამაც ასე დააგვიანა და ღვთისმშობლის ხატს შესწირა.

***
თამარის დროს აშენდა ვარძიის მონასტერი. ის დიდ კლდეშია გამოკვეთილი. აქაურ ქვაბებში ბევრი წმინდა მამა ცხოვრობდა და გულმხურვალედ ავედრებდა ღმერთს შენი და ჩემი სამშობლოს კეთილდღეობას.

აქვეა აშენებული ტაძარი ღვთისმშობლის მიძინების სახელზე. ის თამარ მეფემ და მისმა მამამ, გიორგი III-მ დაგვიტოვა. მათი გამოსახულება ტაძრის კედლებს ამშვენებს. როცა ვარძიის მონასტერს მოილოცავ, იქ ნახავ მათ გამოსახულებას, რომელსაც საეკლესიო ენაზე ფრესკა ჰქვია.

თავად ვარძიისთვის სახელის დარქმევაც თამარ მეფეს უკავშირდება. გადმოცემით, პატარა თამარი ბიძას წაუყვანია ამ ადგილებში სასეირნოდ. გოგონა თვალს მიეფარა. შეშფოთებულმა ბიძამ დაუძახა, - სადა ხარო. თამარმა - აქა ვარ, ძიაო, - გამოსძახა. მერე აქ მონასტერი, ღვთის სახლი დაფუძნდა. ეს ძალიან ლამაზი და მადლიანი ადგილია. აუცილებლად ნახე და შენი სახელობის წმინდანს სთხოვე შემწეობა.

დღემდე საიდუმლოებითაა მოცული თამარ მეფის საფლავის ადგილსამყოფელი. წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის ხსენების დღეა 14 მაისი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ დღეს დიდი სიყვარულით აღნიშნავს. შენც ასევე მიეგებე, ჩემო თამარ...
ბეჭდვა
1კ1