რაც მეტ ნაბიჯს გადადგამ, მით უფრო მიუახლოვდები ღმერთს
რაც მეტ ნაბიჯს გადადგამ, მით უფრო მიუახლოვდები ღმერთს
ჩემო პატარა მეგობარო, შენთან საუბარი დღეს პირველად მიწევს. სიყვარულით მოგესალმები. მინდა, სულიერი ცხოვრების გზაზე პირველი ნაბიჯის გადადგმაში ცოტათი მაინც დაგეხმარო. თუ პირველი ნაბიჯი უკვე შენი საყვარელი დედიკოს და მამიკოს დახმარებით გადადგი, ეს უფრო გამახარებს. მოდით, ყველამ ერთად შევკრათ უზარმაზარი წრე, მაგრად ჩავჭიდოთ ხელები და უფლის გზაზე ერთად დავიწყოთ სიარული.

ჩემო პატარავ, ყველაფერი ახლის დაწყება ალბათ რთულად გეჩვენება. შესაძლოა - ჩემი ნათქვამიც. ხომ ასეა? მაგრამ თუ ღვთის სიყვარულით ბეჯითად გამოგვყვები, მეორე ნაბიჯსაც გადადგამ და დიდ სულიერ სიხარულს იგრძნობ. რაც მეტ ნაბიჯს გადადგამ, მით უფრო მიუახლოვდები ღმერთს. ღმერთი კი ჭეშმარიტი სიყვარული და სიხარულია.

ალბათ გაოცდი, ასე ხშირად რომ ვახსენებ ღმერთს და ვინ იცის, არც კი იცი, ვინ არის ღმერთი.

ღმერთმა შექმნა ყველაფერი, რაც შენს გარშემოა. თავიდან შექმნა ცა და ქვეყანა, მთელი სამყარო, შენც, მეც, დედიკო, მამიკო, შენი დები და ძმები. ღმერთმა ყველაფერი იცის და ყველაფერი შეუძლია. შენ რომ ცუდად მოიქცე, იმასაც დაინახავს. დედიკოს და მამიკოს როცა აბრაზებ და არ უჯერებ, ამასაც კარგად ხედავს. თუმცა მარტო ცუდს კი არა, კარგ საქციელსაც ამჩნევს. ღმერთი ყველგან არის და ის არასოდეს წავა ჩვენგან.

ეკლესია
ეკლესია ღმერთის სახლია. შენც ხომ გაქვს შენი სახლი. მაგრამ, შენი სახლისგან განსხვავებით, იქ ყველას შეუძლია მივიდეს და გულმხურვალედ ილოცოს. ღმერთს ხომ ყველა ადამიანი უყვარს და ყველას უღებს კარს. როცა ეკლესიაში დადიხარ, უფრო ძლიერი ხარ და ყველგან კარგად იქცევი.

თუ ეკლესიაში ჯერ არ შესულხარ, კარგად დაიხსომე, რასაც გეტყვი. მჯერა შენი, როცა ამბობ, ეკლესიაში მინდა შევიდე და არ ვიცი, როგორ მოვიქცეო. ყური მიგდე. იცი, რომ ეკლესიაში გოგონები შარვლით არ უნდა შედიოდნენ? ჰო, მართლა, თავსაფარიც თან იქონიე.

ეკლესიაში შესვლისას ჯვრის ნიშანს გამოვისახავთ. იცი, როგორ? სამ თითს - ცერს, საჩვენებელს და შუა თითს შევაერთებთ, დანარჩენ ორ მოხრილ თითს კი ხელისგულზე დავაწყობთ.

სამი თითი ყოვლადწმინდა სამებას - მამა ღმერთს, ძე ღმერთს და სულიწმინდას აღნიშნავს, მოხრილი ორი თითი კი ჩვენი მაცხოვრის ორ ბუნებას: ღვთაებრივსა და ადამიანურს.

ამ სამ თითს ჯერ შუბლთან მივიტანთ, მერე მუცელთან და მარჯვენა და მარცხენა მხრებთან.

ეკლესიაში უამრავი წმინდა ხატია დაბრძანებული (ამაზე შემდეგში ვისაუბროთ). კედლებიც წმინდანებითაა მოხატული. ჩვენ მათ წინაშე ვლოცულობთ და სანთელს ვანთებთ. სანთელი მცირეოდენი შესაწირია ეკლესიისთვის. შენც თუ დაანთებ, კარგი იქნება. მანამდე კი ეკლესიის შუაგულში დასვენებულ ხატს ემთხვიე და გულში ილოცე. ილოცე გულწრფელად და ღმერთი შენი პატარა გულიდან ამოსულ სიტყვებს აუცილებლად შეისმენს.

***
ისე, კარგი იქნება, თუ გამიზიარებ შენს პირველ შთაბეჭდილებებს. უფრო კარგად გაგიცნობ და გავიგებ, რომელ სახელს ატარებ. მეც და შენც, ყველას ჩვენი მფარველი ანგელოზი გვყავს. შეიძლება შენ, პატარა მკითხველო, ნინო გქვია ან ანდრია. რომ იცოდე, რა დიდი წმინდანების სახელს ატარებ, დედიკოს სთხოვდი, მათ შესახებ მიამბეო.

KARIBCHE KARIBCHE
წმინდა ნინო                                                         წმინდა ანდრია მოციქული

წმინდა ნინოს ჰყავდა მშობლები - ზაბულონი და სოსანა. მისი სამშობლო კაბადოკია იყო. ის ჩვენგან შორსაა და მას უკვე თურქეთის ტერიტორიას ეძახიან. წმინდა ნინო ჩვენი მთავარი მნათობია, დედა ღვთისმშობლისგან გამოგზავნილი. თავისი თმით შეკრული ვაზის ჯვარი აიღო ხელში და ჩვენს სამშობლოში წამოვიდა ღვთის სიტყვის საქადაგებლად. წმინდა ნინოს ქართველთა განმანათლებელს უწოდებენ. შენ ამ წმინდანის სახელი გქვია. წმინდა ნინო კახეთში, ბოდბის დედათა მონასტერშია დაკრძალული.

შენ კი, ანდრია, იმ წმინდანის სახელს ატარებ, რომელსაც ქრისტეს მოციქულთა შორის პირველწოდებული დაერქვა. ჩვენმა მაცხოვარმა პირველად ანდრიას მოუწოდა, გაჰყოლოდა თან. ანდრიამ ქრისტეს სიყვარული ბევრ ადგილას იქადაგა. მერე საქართველოში გამოემგზავრა ქრისტიანობის საქადაგებლად. ასე რომ, წმინდა ნინოს და წმინდა ანდრიას წყალობით ქართველებმა ჩვენი სარწმუნოება - მართლმადიდებლობა უფრო გააძლიერეს და ღვთის სიყვარული დაგვანახეს...
ბეჭდვა
1კ1