ცრემლის წყარო
ცრემლის წყარო
დილამ ნამძინარევი თვალები მოიფშვნიტა, ფარშევანგის კუდივით გაშლილი მზის სხივები აიკრიფა და სოფელს ნათელი მოჰფინა.
ისეთი ლამაზი იყო მთის პატარა სოფელი, იფიქრებდით, ბუნებამ ზედ გულისპირზე დაიბრძანაო. წიწვნარით დაბურულ, ლაჟვარდამდე აზიდულ მთებს, ანკარა მდინარით დაპურებულ ველ-მინდვრებს, ხევში მხარ-თეძოზე წამოწოლილ ნისლს მთის კორტოხიდან დასცქეროდა და ლოცავდა წმინდა გიორგის საყდარი: უფალმა გაკურთხა და იხარეო.

სოფელი კი უფლის მადლს როდი ხედავდა, დღენიადაგ ჩიოდა, კვნესოდა და მოთქვამდა. ყოველდღიურ მცირე განსაცდელს დიდ უბედურებად მიიჩნევდა და ყოფას იწყევლიდა. ზოგს კარ-მიდამო არ ჰყოფნიდა, ზოგს - სარჩო-სანოვაგე. ვინ დაკარგულ სიყვარულს მისტიროდა, ვინ ხორციელ ტკივილს ვერ უძლებდა...

- იკმარეთ, ხალხო, გმინვა და გოდება, ჩივილით ნუ შეაწუხეთ მამაზეციერი. დასანახი მანამდე დაინახეთ, ვიდრე თვითონ არ დაგანახვებთო, - ქადაგებდა მოძღვარი, მაგრამ ვინ იყო გამგონე?

ერთ დღეს კი მოხდა ისეთი რამ, რამაც ყველას დაუოკა სულის ამაო შფოთვა. მთის მდინარე გაუჩინარდა და ყოველი სულდგმული მწყურვალი დარჩა.

- გვიშველე რამე, შენი ჭირიმე! - მუხლი მოიყარა მოძღვრის წინაშე სოფლის უხუცესმა, - ბუნებაც შემოგვწყრა ისედაც გაუბედურებულ ხალხს!

- გაუბედურებულს, ხომ? მაინც არ იშლით თქვენსას? - გულისტკივილით ამოიოხრა ღვთისმსახურმა, - ჩემთან მოსვლით ტყუილად გარჯილხართ, კეთილო ხალხო. ვინც ეგ მიწა-წყალი, მთა და ბარი მოგცათ, წადით და შეწევნა მას სთხოვეთო.

ლოცულობდა მრევლი. წყალობას შესთხოვდა მამაზეციერს, მაგრამ საშველი არ გამოჩნდა.

სასოწარკვეთილნი წყაროსთავისკენ გაეშურნენ. იქვე, ბორცვზე, ყმაწვილი კაცი იჯდა. ხალხის დანახვაზე წამოდგა და ღიმილით მიმართა მოსულთ:

- რა ხანია გელით, თქვენს დასახმარებლად მოვედი.

- დასახმარებლად? მერედა, როგორ აპირებ ჩვენს დახმარებას? - ამოიოხრა სოფლის თავკაცმა.

- გამომართვით ეს პატარა თასი, სათითაოდ მოყევით თქვენს გასაჭირს და სიმწრის ცრემლები შიგ ჩაღვარეთ. ჭურჭელი რომ აივსება, მდინარის სათავეში ჩაასხით. თუ ეს ჭეშმარიტად უბედურების ცრემლია, უფალი განწმენდს და ანკარა წყაროდ ააჩუხჩუხებსო, - თქვა უცნობმა და თასი მოხუცს მიაწოდა. მერე მოხდენილად მოევლო თეთრ რაშს და გაუჩინარდა.

ხალხს იმედი მიეცა, გვერდიგვერდ ჩამოსხდნენ და მოთქმა-გოდებას მოჰყვნენ. ბევრი ცრემლი ღვარეს, მაგრამ თასს ფსკერიც კი ვერ დაუფარეს...

ატყდა ვაი-ვიში.

ეკლესიის ახლოს ერთი ქვრივი ცხოვრობდა. იმ ზამთარს ერთადერთი შვილი მიაბარა მიწას. მუდამ თავდახრილს, თავმობურულს, მოტეხილს, სალოცავში თუ ნახავდა კაცი...

ხმაურზე ქალი ეზოში გამოვიდა, წყაროსთავთან შეკრებილ თანასოფლელებს გადახედა და გული შეუქანდა:

- უთუოდ რაღაც უბედურება მოხდა, წავალ, გავიგებ, ნუგეშის სიტყვით მაინც შევეწევიო, - გაიფიქრა. კოკა მხარზე შეიდგა და ჩაუყვა ბილიკს.

მისი გამოჩენისთანავე ირგვლივ სიჩუმე ჩამოვარდა.

- არ იტყვით, რა მოხდა? - იკითხა შეშფოთებულმა ქვრივმა.

ამის თქმა იყო და ყველა ერთხმად აყაყანდა. როგორც იყო, გააგებინეს თავიანთი გასაჭირი.

ქალმა დამშრალ კალაპოტს გახედა. მერე ყველას გასაოცრად თავსაბურავი მოიხადა, მხრებში გაიმართა და თანასოფლელებს მიმართა:

- წადით სახლებში, საქმეს მიხედეთ, ეს თასი კი მე დამიტოვეთ. თქვენ რა იცით, რა არის სიმწრის ცრემლი, ნურც გაგემებინოთ გამჩენმა... ვიცი, ყოველ თქვენგანს თავისი სატკივარი აქვს, მაგრამ გულმოწყალე უფლის შეწევნით ყველაფერს ეშველება. დღეს თუ არა, ხვალ თვალზე ცრემლი შეგაშრებათ, დარდი სიხარულით შეგეცვლებათ, სიძულვილი - სიყვარულით. შეხედეთ ამ წალკოტს, ჩაიხედეთ თქვენს გულებში და დაინახავთ, რომ ის, რაც სხვას აკლია, თქვენ უხვად გაქვთ. პირჯვარი გადაიწერეთ და მამაზეციერს შეჰღაღადეთ: გმადლობთ, უფალო.

თავჩაქინდრულნი, მდუმარენი გაბრუნდნენ უკან დარცხვენილი სოფლელები.

მზეს ჯერ კიდევ არ აეკრიფა სხივები, მდინარის ჩუხჩუხმა რომ გამოაღვიძა სოფელი.

წმინდა გიორგის საყდრისკენ მიმავალ აღმართს მიუყვებოდა მადლიერი მრევლი. მხურვალე ლოცვის შემდეგ წყაროსთავისკენ გაემართნენ.

ხალხი უხმოდ შეაცქერდა ქვაზე ჩამომჯდარ თვალცრემლიან ქალს.

უცებ ათიოდე წლის ბიჭი მიუახლოვდა. დაიხარა, ღაწვზე ჩამოგორებულ ცრემლში თითი დაისველა და ყურადღებით დააცქერდა.

- ეს არის, დედი, ნამდვილი სიმწრის ცრემლი? - იკითხა გულუბრყვილოდ.

- ჰო, შვილო, - მწუხარე ღიმილით მიუგო ქალმა.

- მართლა არასოდეს შრება?

- როგორც ალმოდებული სანთელი იღვენთება, სანამ არ ჩაიწვება, ასევე არ დაშრება მგლოვიარე ცრემლი, ვიდრე მისი მიწიერი ცხოვრების გზა არ დასრულდება, - სევდიანად ამოიოხრა ქალმა, კოკა წყლით აავსო, მხარზე შეიდგა და აუყვა ბილიკს.

მადონა ნატრიაშვილი
ბეჭდვა
1კ1