იალქნიანი ნავი
იალქნიანი ნავი
როცა ბამბაქულამ იალქნიანი ნავი პირველად დაინახა, ძალიან გაოცდა და ნიავს ჰკითხა, ნავზე თეთრი ფარდები რად ჩამოუფარებიათო? სწორედ ასე თქვა, თეთრი ფარდებიო.

ნიავმა ამ სიტყვებზე იმდენი იცინა, კინაღამ სული შეეხუთა და ძლივსღა ამოთქვა:

- ეს ფარდები კი არა, იალქნებია, ბამბაქულა.

- რისთვის სჭირდება მერე ეს იალქნები?

- რისთვის და მაგით მოძრაობს. მე ვუბერავ იალქნებს და ნავი ზღვის ტალღებზე მისრიალებს.

- აი, თურმე რა.. - ჩაილაპარაკა ბამბაქულამ, - იალქნიანი ნავიც შენი მეგობარი ყოფილა, არა?

ნიავი დაეთანხმა, შენს შემდეგ ჩემი უახლოესი მეგობარიაო. ბამბაქულა დამშვიდდა, ნიავმა პირველი ადგილი მას რომ მიაკუთვნა და დაკვირვებით დაუწყო თვალთვალი ნიავს. რაც უფრო მეტს შეჰყურებდა, მით უფრო მოსწონდა.

- მე რომ ბამბაქულა არ ვიყო, იალქნიან ნავად ყოფნას ვინატრებდი, - ბუტბუტებდა თავისთვის, - რა კოხტაა და მოქნილი. რა მსუბუქად მისრიალებს ტალღებზე. გეგონება სულ ცოტაც და ჰაერში აფრინდებაო. ცოტათი მგავს კიდეც.

აღფრთოვანებული ბამბაქულა ზღვის ზედაპირს მიუახლოვდა, რათა იალქნიან ნავს უფრო კარგად გასცნობოდა.

- ძალიან მომწონს შენი მსუბუქი სრიალი, - უთხრა გულითადი ღიმილით.

იალქნიანმა ნავმა ქათინაური დაუბრუნა:

- მეც ძალიან მომწონხარ, სიმსუბუქით ვერავინ შეგედრება, თვით მეც კი.

ბამბაქულამ კიდევ უფრო გაიხარა. იალქნიანი ნავისგანაც გულითადობის გამომხატველი სიტყვები რომ გაიგონა და მაშინვე მასთან დამეგობრება გადაწყვიტა. უკვე წარმოიდგინა კიდეც, ერთად როგორ ისრიალებდნენ ზღვის ტალღებზე და როგორ დაეხმარებოდათ ნიავი. აკი ორივეს მეგობარი იყო. წინასწარ სიამით ეღიმებოდა, რა კარგ დროს გავატარებთო.

- მე ბამბაქულას მეძახიან, შენ რა გქვია? - ჰკითხა იალქნიან ნავს. ჯერ ხომ უნდა გასცნობოდა თავის მომავალ მეგობარს.

- ძალიან სასიამოვნოა. მე ფრთათეთრას მეძახიან, - უპასუხა იალქნიანმა ნავმა. - აი, ხედავ? გვერდზე მაწერია ჩემი სახელი. კითხვა ხომ იცი?

ბამბაქულას ცოტათი ეწყინა იალქნიანი ნავის შეკითხვა, მაგრამ არ შეიმჩნია. მაშინვე დაეშვა ზღვის ზედაპირზე, რათა წარწერა წაეკითხა და იალქნიანი ნავის წინაშე გამოემზეურებინა თავისი ცოდნა. მაგრამ თავისდა გასაოცრად, როცა ძალიან მიუახლოვდა, წარწერას ვინღა დაეძებდა, თვით იალქნიანი ნავიც ვეღარ დაინახა.

- სადა ხარ, ფრთათეთრავ? - დაუძახა ბამბაქულამ. - ვეღარ გხედავ!

- ვერც მე გხედავ, ბამბაქულავ, - მოესმა სულ ახლოდან. ბამბაქულამ თვალები დააცეცა, მაგრამ მაინც ვერ დაინახა.

"ალბათ შემეშალა და სადღაც სხვაგან დავეშვი ზღვის ზედაპირზე", - იფიქრა ბამბაქულამ და ისევ მაღლა აიწია. ზევიდან კარგად დაათვალიერა ფრთათეთრას სამყოფელი, არ შემეშალოსო, და ისევ ჩამოეშვა დაბლა. მაგრამ როგორც კი ზღვის ზედაპირს შეეხო, ისევ დაჰკარგა მხედველობიდან.

- სად დაიკარგე, ფრთათეთრავ? - დაუძახა ბამბაქულამ.

- მე კი არა, შენა ხარ დაკარგული, - მოესმა ფრთათეთრას ხმა. ძალიან ახლოდან კი მოისმოდა ეს ხმა, მაგრამ ბამბაქულამ მაინც ვერაფერი დაინახა.

ბამბაქულა დაიბნა, ვერაფერი გაეგო. ისევ აიწია მაღლა. კიდევ ერთხელ სცადა ფრთათეთრას მიახლოვებოდა და კიდევ დაჰკარგა მხედველობიდან.

- ერთი მითხარი, მე თუ მხედავ, ფრთათეთრა! - დაუძახა მოთმინებადაკარგულმა ბამბაქულამ.

- შენ კი არა, ვეღარც ლურჯ ცას ვხედავ, - მოესმა ფრთათეთრას ხმა. - მხოლოდ იმ ტალღას ვარჩევ, რომელზეც ამ წუთში მივცურავ და იმასაც ძალიან ბუნდოვნად.

ბამბაქულამ აღარ იცოდა, რა ეღონა. ფრთათეთრაც დაბნეული იყო, გაუბედავად ირწეოდა ტალღაზე. ისევ ნიავმა უშველათ. დაუბერა და მაღლა აიტაცა ბამბაქულა. ახლა კი დაინახა ბამბაქულამ ფრთათეთრა, იმანაც თამამად გააგრძელა გზა ლურჯ ტალღებზე.

- მე კარგად გხედავ, ფრთათეთრავ, - ჩამოსძახა ბამბაქულამ ზევიდან. - შენც ხომ მხედავ?

- მეც კარგად გხედავ, - გამოეპასუხა ფრთათეთრა, - ლურჯ ცასაც ვხედავ, ჰორიზონტსაც.

ვერც ბამბაქულას და ვერც ფრთათეთრას ვერ გაეგოთ, თუ რა ხდებოდა, რატომ ეკარგებოდათ ერთმანეთი მიახლოებისას. ისევ ცალ-ცალკე გააგრძელეს თავიანთი გზა, შორიდან ესიყვარულებოდნენ ერთმანეთს, თან გულში ფიქრობდნენ: "სიშორე ჩვენს მეგობრობას სულ ერთია, ვერაფერს დააკლებსო". - ნიავმა ალბათ ყველაფერი კარგად იცოდა, მაგრამ საჭიროდ არ ჩათვალა, მათთვის რაიმე განემარტა, მხოლოდ ჩუმად ქირქილებდა თავისთვის.


მარტოობა
ქონდრისკაცები - მწვანე ტყის ნამცეცა ბინადრები, ძალზე ჭკვიანები და მოხერხებულები არიან. ყველაფერი ემარჯვებათ, მათ შორის მიბაძვაც და ხშირადაც ბაძავენ ადამიანებს, თუმცა ხანდახან სასაცილო მდგომარეობაშიც ვარდებიან ხოლმე. ასე დაემართა ერთ-ერთ მათგანს, პაწაწინა ქონდრისკაცს, სახელად წინწკალას, რომელსაც თავზე მუდამ სოკოს წინწკლებიანი ქუდი ეხურა, ამიტომაც შეარქვეს ასეთი სახელი. შესახედავადაც ისე ძალიან ჰგავდა სოკოს, მისგან ვერაფრით გამოარჩევდით, სანამ ხმას არ ამოიღებდა.

წინწკალამ იმასაც მოჰკრა ყური, ადამიანები მარტოობას განიცდიან და ამისგან ძალიან იტანჯებიანო. ჰოდა, ამ საქმეშიც გადაწყვიტა ესინჯა თავი. რაც შეიძლებოდა გაჯავრებული იერი მიიღო... ამგვარი იერი აქვთ ადამიანებს, როცა რაიმე აწუხებთ... და ასეთი სახით აიტუზა მწვანედ მობიბინე მდელოზე, ვარდისფრად აბდღვრიალებული ასკილის ბუჩქის მახლობლად.

KARIBCHEმისი უჩვეულო იერი შეუმჩნეველი არ დარჩენილა. სულ მალე გულწითელა შეეხმიანა ასკილის ტოტიდან.

- რა დაგემართა, რა ცხვირ-პირი ჩამოგტირის, წინწკალავ!

- მარტოობისგან ვიტანჯები - მიუგო წინწკალამ.

- განა შენ მარტო ხარ? - გაიკვირვა გულწითელამ. - მიიხედ-მოიხედე, ვინ აღარაა შენ გვერდით. ჩირგვებიდან კურდღელი იჭვრიტება, შენს ცხვირწინ ჩხართვი დაგოგმანებს მწვანე მოლზე, ასკილის ბუჩქს უთვალავი ფუტკარი ახვევია. პეპელა ლამის მაგ წინწკლებიან ქუდზე დაგასკუპდეს.

- მერე რა. ადამიანები მაინც განიცდიან მარტოობას, ვინც არ უნდა იყოს გვერდით, მარტოსული მარტოობისგან ყველაზე მეტად მაშინ იტანჯება, როდესაც მარტო არ არის.

ამას რომ ამბობდა, ისე შეეცოდა საკუთარი თავი, რომ ცრემლები გადმოუგორდა თვალებიდან.

გულწითელას ძალიან შეებრალა წინწკალა და თანაუგრძნო - რას იზამ, ძნელი საქმე გიკისრია და როგორმე უნდა გაუძლოო... მერე გაფრინდა და მთელ ტყეს მოსდო ეს ახალი ამბავი. ძალზე დიდი გამოხმაურება პოვა წინწკალას მარტოობამ. ტყის ბინადრებს ყური კი მოეკრათ, რომ ადამიანები მარტოობისგან იტანჯებიან, მაგრამ რა იყო ეს მარტოობა, ჯერ თვალით არავის ენახა. ამიტომ გაიგეს თუ არა, ეს ახალი ამბავი, ყველამ მაშინვე გაანება თავი ყოველდღიურ ჩვეულ საზრუნავს: დათვმა მიატოვა თაფლით სავსე სკა, მელაკუდა შუა გზაზე მობრუნდა საქათმისკენ მიმავალი ბილიკიდან, ციყვმა თავი ანება ნაძვის ტოტებზე ხტუნვას, თაგუნამ გვერდზე მიაგდო სანახევროდ გამოღრღნილი თხილი, მთელი ტყე ერთბაშად დაცარიელდა, ყველა ერთად დაიძრა წინწკალასაკენ.

- გამარჯობა, წინწკალა, მართლა მარტო ხარ?

- მარტო ვარ, - თავს სევდიანად აქნევდა წინწკალა.

ტყის ბინადრები ცნობისმოყვარეობით ათვალიერებდნენ ყოველი მხრიდან, ირგვლივ შემოუვლიდნენ ხოლმე, ეძებდნენ რაიმე სიახლეს, მაგრამ თუ არ ჩავთვლით წინწკალას ზომაზე მეტად დაღრეჯილ ცხვირ-პირს, ვერავითარ სხვაობას ვერ პოულობდნენ წინანდელი წინწკალასაგან.

- აბა, სად არის მარტოობა? - კითხულობდნენ გაოცებით. - რა ფერისაა?

- მარტოობას ვერ დაინახავ, ვერც ხელს ახლებ, - პასუხობდნენ უფრო მცოდნენი.

- ალბათ მწარე გემო აქვს, არა?

- გემო სრულებითაც არ აქვს.

- იქნებ სუნი აქვს უსიამოვნო?

- არც სუნი აქვს.

- ხომ არ იკბინება?

- კბენა სრულებითაც არ იცის.

- რა უცნაურია. როგორ უნდა იტანჯებოდე იმისგან, რასაც არც ფერი აქვს, არც სუნი და არც იკბინება...

- მართლა გაუგებარია, მაგრამ ადამიანები რას არ მოახერხებენ.

- ჩვენი წინწკალაც რა ყოჩაღი ყოფილა, როგორ მოახერხა.

ზოგიერთები ახლოსაც არ ეკარებოდნენ წინწკალას, აქაოდა მარტოობა არ გადაგვედოსო. ასე იქცეოდა მაგალითად კურდღელი. არც თავისი ბაჭიები მიუშვა ახლოს. შორიდან უთვალთვალებდნენ წინწკალას, როგორც რაღაც საოცრებას. მაგრამ ასეთები შედარებით ცოტანი იყვნენ. უმეტესობა ახლოს მიდიოდა, ხელს თანაგრძნობით ართმევდა და, უნდა გაუძლოო, არიგებდა.

- ვუძლებ, მეტი რა გზაა, - ოხრავდა წინწკალა.

სულ ბოლოს მწვანე კალიამ მოაკითხა, ძლივს გაიკვლია გზა უამრავ მნახველში და აუწყა: ჩვენი გუნდი ამჟამად ძალზე შორს, უდაბნოსკენ მიფრინავს. შენი მარტოობის ამბავი გავიგეთ და მე სასწრაფოდ გამომგზავნეს შენთან. ჩვენ, კალიებმა, ძალიან კარგად ვიცით, რას ნიშნავს მარტოობა... განა ერთი და ორი მარტოსული გვინახავს უდაბნოში... მთელი ჩვენი გუნდი მოკითხვას გითვლის და სოლიდარობას გიცხადებსო.

- გმადლობთ, - უთხრა გულაჩუყებულმა წინწკალამ და ღვარივით წასკდა ცრემლები. იქვე მოფარფატე პეპელამ მზრუნველად შეუმშრალა თავისი ჭრელი ფრთებით.

მხოლოდ გვიან ღამით დაიშალა მთელი ეს თავყრილობა. დაღლილმა წინწკალამ მაშინვე დაიძინა. იმდღევანდელი დღით ფრიად კმაყოფილი იყო. "მარტოობა ძალზე მხიარული რამ ყოფილაო", ფიქრობდა. ალბათ ამიტომაც ვეღარ ელევიან ადამიანები...

ნუნუ ქადაგიძე
ბეჭდვა
1კ1