მე მთელი ჩემი ძალისხმევით ვლოცულობ ხოლმე თქვენთვის
მე მთელი ჩემი ძალისხმევით ვლოცულობ ხოლმე თქვენთვის
ანტონი დიდის სწავლებანი
*უნდა ვებრძოლოთ საკუთარ თავს, რათა მრისხანებამ არ იმძლავროს ჩვენს სულში და ბილწი გულისთქმა არ მთავრობდეს ჩვენზე, რათა, როგორც საღმრთო წერილი გვასწავლის, ”გულისწყრომამან კაცისამან სიმართლე ღმრთისაი არა ქმნის” (იაკობი 1:20) და ”მერმე გულისთქუმაი იგი მიუდგის და შვის ცოდვაი და ცოდვაი იგი სრულ იქმნის და შვის სიკვდილი” (იაკობი 1:15).

მაგრამ თუკი ამგვარ ცხოვრებას შევუდგებით, დიდად უნდა ვიფხიზლოთ და საღმრთო წერილის სიტყვისამებრ მოვიქცეთ, როცა ის გვასწავლის: ”და ყოველი საცოი დაიმარხე გულსა შინა შენსა, რომლისაგან არიან გამოსავალნი ცხოვრებისანი” (იგავნი სოლომონისნი 4:23), რადგანაც ღვთის სათნომყოფელი ცხოვრებით მცხოვრებ ადამიანს საშინელი და მზაკვარი მტრები - ბოროტი სულები - აღუდგებიან წინ.

*თუ გვინდა, თავი დავიცვათ ცოდვისაგან, უნდა შევისმინოთ და აღვასრულოთ მოციქულის სიტყვა, როცა შეგვაგონებს: ”თავნი თვისნი გამოიცადენით, უკუეთუ ხართ სარწმუნოებასა შინა. თავნი თვისნი განიკითხენით, ანუ არა უწყნითა თავნი თვისნი, რამეთუ იესო ქრისტე თქვენ შორის არს? გარნა თუ გამოუცდელ რაიმე ხართ?” (II კორ. 13:5). ამიტომ ყოველმა ჩვენგანმა ყოველდღე უნდა ჩააბაროს საკუთარ თავს ანგარიში თავისი დღისა თუ ღამის საქციელის გამო და თუ ოდესმე შესცოდავს, მოინანიოს და კვალად ნუ შესცოდავს. თუკი არ აღმოაჩნდება რაიმე შეცოდება დღისა თუ ღამის განმავლობაში, ნუ დაიქადებს ამას და თავსაც ნუ მოიწონებს, უცოდველი ვარო, რათა საცდურს არ ეწიოს; დაე, სათნოებით ჰგიებდეს და გულმოდგინება ნუ მოაკლდება; ნუ განიკითხავს თავის მოყვასს და საკუთარ თავსაც ნუ მიიჩნევს მართლად. ხშირად ხომ ჩვენგანაც დაფარულია, რასაც ვიქმთ. მაგრამ უფალი ყოველივეს ხედავს და თავის დროზე ყველაფერს გამოააშკარავებს, თუნდაც ჩვენ არ ვუწყოდეთ ჩვენი შეცოდებანი. ამიტომ საჭიროა, ყველაფერში უფლის განსჯას მივენდოთ და შემწყნარებელნი ვიყოთ ერთმანეთისადმი, თითქოს ერთმანეთის მოვალენი ვართ. და, როგორც პავლე მოციქული გვასწავლის, ერთმანეთის სიმძიმე ვიტვირთოთ და ”ესრეთ აღვასრულოთ შჯული იგი ქრისტესი” (გალ. 6:2).

*მე მთელი ჩემი ძალისხმევით ვლოცულობ ხოლმე თქვენთვის ღვთის წინაშე, რათა მან თქვენს გულებში წმინდა ცეცხლი აღაგზნოს, ის ცეცხლი, რომლის დასანთებადაც მოვლინებულა უფალი ამქვეყნად, როგორც ამას თვითონ ბრძანებს წმინდა სახარებაში: ”ცეცხლსა მოვედ მოფენად ქუეყანასა ზედა, და რაი მნებავს, რაითა აწვე აღეგზნეს” (ლუკა 12:49).

*როცა ქარი ზომიერად ქრის და ზღვაზე დიდი ღელვა არ არის, ყოველ მეზღვაურს შეიძლება დიდი წარმოდგენა შეექმნას საკუთარ თავზე და იქადოდეს კიდეც თავისი ოსტატობით, მაგრამ მხოლოდ ქართა ანაზდეული ცვალებადობისა და ამით გამოწვეული მღელვარების დროს ვლინდება ხოლმე ნამდვილად გამოცდილ მესაჭეთა ხელოვნება.

*ჭეშმარიტად დიდებულია სულიერი მოღვაწეობა და ამ ღვაწლში მოსაგრეთ მრავალი მოწინააღმდეგე ჰყავთ. ვისაც ნამდვილად სურს, სრულყოფილებას მიაღწიოს ამგვარ მოღვაწეობაში, იგი არავითარ ბოროტს არ უნდა დაემონოს. ვინც რაიმე ცუდს ემონება, იგი დიდად არის დაშორებული სულიერ სრულყოფილებას.

*უფალსა და მაცხოვარს ჩვენსას იესო ქრისტეს არ უთქვამს, რომ ამქვეყნიურ ცხოვრებაში მივიღებთ დამსახურებულ საზღაურს შრომათა და ტანჯვათათვის. არამედ მან თქვა, რომ ამქვეყნად მხოლოდ განსაცდელი, ჭირი, იწროება, გაჭირვება და მწუხარება იქნება ჩვენი ხვედრი, ხოლო საზღაური ყოველივე ამისათვის იმქვეყნიურ ცხოვრებაში მოგვეგება. ეს ცხოვრება ღვაწლთა და საცდურთა გზაა.

*თუკი იქნებით ყოველივეში მოთმინენი, მორჩილნი და დამჯერნი თქვენი სულიერი მამებისა, მაშინ უფალი მშვენიერ საზღაურს მოგაგებთ. სიმდაბლე და მორჩილება ის ღვაწლია, რომელიც უადრეს ყოვლისა იქნება მოხსენიებული უფლის წინაშე. ვინც თავის სულიერ მამას ემორჩილება, იგი ამით უფალს ემორჩილება და მის ნებას აღასრულებს, ხოლო უფლის ყველა მორჩილი ამქვეყნად თავის სულიერ მოძღვარსაც დაემორჩილება.

*უპირველეს ყოვლისა, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ვიწამოთ, თაყვანი ვცეთ მას და ყოველივეში დავემორჩილოთ; მისი ნება აღვასრულოთ ხოლმე ყოველ ჟამს და ყოველ წამს.

მოამზადა
ხათუნა რაქვიაშვილმა
ბეჭდვა
1კ1