სულიერი დარიგებები მართლმორწმუნეთ
სულიერი დარიგებები მართლმორწმუნეთ
(ამონარიდები წმინდა მამათა ნაწერებიდან)
თუ გსურთ, შვილებს სიყრმიდანვე ჩაუნერგოთ ღვთის შიში, მათ საამისო ჩვევების გამომუშავებაში უნდა დაეხმაროთ.

1. ასწავლეთ ბავშვს, თაყვანი სცეს წმინდა ჯვარს, ხატებს, ემთხვიოს მათ;

2. ხშირად ატარეთ ტაძარში;

3. დაანთებინეთ სანთლები ხატებთან, მისი ხელით შეაგზავნეთ მოსახსენებელი, გაიღეთ მოწყალება, გაეცით შესაწირი;

4. ხშირად აზიარეთ;

5. უზმოზე სეფისკვერი და ნაკურთხი წყალი მიაღებინეთ;

6. ასწავლეთ ლოცვა;

7. მიიყვანეთ ხოლმე მღვდელთან დასალოცად;

8. ასწავლეთ გალობა;

9. მისი თანდასწრებით ისაუბრეთ ღმერთსა და სულის ცხონებაზე;

10. მიაჩვიეთ ტკბილეულის (საკუთარი პურის ნაჭრისაც კი) სხვებისთვის გაყოფას.

***
ურთიერთობა ადამიანებთან, რომელთაც ღვთისმოშიშება არ გააჩნიათ, არაფერს გვარგებს. ისინი არას ამბობენ სასარგებლოს, არ ზრუნავენ უფლისთვის, არ საუბრობენ სათნოებებზე, კრძალულებაზე, სიწმინდეზე. მათი სიტყვა სიკვდილის ბადეა, მათი რჩევა - ჯოჯოხეთის უფსკრული, მათთან ურთიერთობა - სულის დაღუპვა.

***
თუ ნაცნობს შეხვდები, ნუ დაელოდები, როდის მოგესალმება, რათა პასუხი გასცე. ეს სიამაყისა და უგუნურების ნიშანია. პირიქით - მოყვარესაც და არაკეთილმოსურნესაც მუდამ პირველი მიესალმე.

***
ბოროტი გულისთქმანი სულის ცხონებაში დაგვეხმარება, თუ მათ ბიწიერებას გავაცნობიერებთ, წინააღმდეგობას გავუწევთ და საქმედ არ ვაქცევთ.

***
ცოდვილი აზრების წინააღმდეგ ყველაზე ძლიერი იარაღი ლოცვაა, განსაკუთრებით - იესოს ლოცვა, თუმცა ბრძოლის სხვა ხერხებიც არსებობს:

1. პატივმოყვარეობის წინააღმდეგ - იმაზე ფიქრი, რომ ოდესმე ჩვენი სხეული მიწად იქცევა და გაიხრწნება;

2. ამპარტავნების წინააღმდეგ - უნდა გვახსოვდეს, რომ მხოლოდ ეს ცოდვაც კი ჩვენს ყველა კეთილ საქმეს გააქარწყლებს;

3. ბოროტი მახსოვრობის წინააღმდეგ - ლოცვა მტერთათვის;

4. განკითხვის წინააღმდეგ - საკუთარი თავის ცოდვებში მხილება და ლოცვა იმისთვის, რომ ღმერთმა ცოდვაში ჩავარდნილი გამოასწოროს და შეიწყალოს;

5. გმობის წინააღმდეგ - ყურადღება არ მივაქციოთ მას და ბოროტის გავლენას დავაბრალოთ, აღსარებაში მოვინანიოთ და ვილოცოთ მისთვის, ვისაც გმობენ;

6. ამაო აზრების წინააღმდეგ - ვიკითხოთ წმინდა წერილი, ვიფიქროთ ღმერთსა და ყოველგვარ ღვთაებრივზე;

7. მრუშობის წინააღმდეგ - გავახსენოთ განკითხვის დღე და მარადიული სატანჯველი.

***
ცნობისმოყვარეობის ცოდვა თითქოს არც ისე დიდი გვეჩვენება, მაგრამ გავიხსენოთ, რომ ლოთის ცოლი, რომელმაც ცნობისმოყვარეობის გამო გახედა სოდომსა და გომორს, მარილის სვეტად იცა.

***
ნუ მოვუსმენთ საკუთარ განსჯასა და გულისთქმას, ყველაფერი კურთხევის თანახმად გავაკეთოთ და არა საკუთარი ნებისაებრ, რათა გავექცეთ თავმომწონეობას, რომლის გამოც შეიძლება ყოველივე დავკარგოთ.

***
მრუშობის ცოდვას ასაზრდოებს სილაღე, სიზარმაცე, ბევრი ძილი, ჯანმრთელობაზე მეტისმეტი ზრუნვა, ნაყროვანება, მემთვრალეობა, უჯერო სიცილი, სხეულის მორთვა-მოკაზმვა, თვალების დაუცველობა, მრისხანება, თავშეუკავებელი, თავისუფალი ურთიერთობა საპირისპირო სქესის ადამიანებთან.

***
იცოდეთ, რომ სულიწმიდას ისე არაფერი გვაშორებს, როგორც ამაო საუბრები.

***
თუ ადამიანი მხოლოდ გარეგნულად მოღვაწეობს: მარხულობს, ასრულებს მეტანიებს, მაგარ საწოლზე სძინავს, ტაძარში დადის და ა.შ., მაგრამ ამავე დროს კი არ აღმოფხვრის თავის ვნებებს - თავმოყვარეობას, ამპარტავნებას, მრისხანებას, სიძუნწეს, თავდაჯერებას, განკითხვას, გაღიზიანებას, მისი ამგვარი ”მოღვაწეობა” თვალთმაქცობა იქნება და სასიკეთოს არაფერს მოუტანს.

***
უნდა ვერიდოთ ისეთ შეხვედრებს, რომელთა დროსაც ბევრი ცუდის ნახვა მოგვიწევს. გვმართებს, ცუდი მაგალითის მომცემი ადგილებისგან შორს გვეჭიროს თავი და მიწვევაზე უარი ვთქვათ. ისიც კი არ უნდა დავუშვათ, რომ მათ შესახებ მოგვიყვნენ. თუ ასე მოვიქცევით, ცუდი მაგალითი ჩვენს გულს ვერ დააზიანებს.

***
ცოდვიანი აზრების გონებაში შეკავება დამღუპველია და ამას ყოველნაირად უნდა გავუწიოთ წინააღმდეგობა. ღირსი თეოდორე ეუბნებოდა ბერ ამაისს: ”რისთვის ფიქრობ გარყვნილ დედაკაცებზე, გონებით რატომ ეხვევი მათ, ზოგჯერ კი წარმოიდგენ, თითქოს საკუთარ ცოლთან წევხარ? ამ აზრებით სხეულს იბილწავ. ან იმაზე რატომ ოცნებობ, თითქოს იბრძვი, იმარჯვებ და ამის საფასურად უფროსებისგან ოქროს იღებ? საერთოდ, რატომ გიპყრობს ქრისტიანისთვის უცხო აზრები?” შემდგომში ბერი სენაკიდან განიდევნა და მას ბოროტი სული დაეუფლა.

მოამზადა
ნიკოლოზ ლანჩავამ
ბეჭდვა
1კ1