წმინდა მამათა გამონათქვამები
წმინდა მამათა გამონათქვამები
ეცადე, ახალგაზრდობის წლებში დაძლიო ცუდი მიდრეკილებანი, ჩვევები და ვნებები, რომლებსაც ჯერ კიდევ ღრმად არ გაუდგამთ ფესვები შენს გულში. რაც მეტად გადადებ ამის გაკეთებას, მით უფრო ძნელი იქნება, შეუდგე ამ მძიმე საქმეს - შენი სულის ცხონებას.

***
ვნება, მართალია, წარმოადგენს უმძიმეს სნეულებას, მაგრამ განუკურნებელი არაა. იგი იკურნება და წარმოიდგინეთ, უფრო ადვილად, ვიდრე ფიზიკური სნეულება. საჭიროა მხოლოდ ჩვენი დიდი სურვილი ვნების დაძლევისა და შევძლებთ მის დაცხრომას.
წმინდა იოანე ოქროპირი

სიმშრალით დასუსტებულ ბაგირებს ასპარეზობისთვის დასაჭიმად წყლით ატენიანებენ; შენც დაატენიანე მხურვალებისაგან დასუსტებული ვნებები, შენი გამომშრალი სული კი ცრემლიანი ლოცვით და გონებაც განგიმტკიცდება, რათა დაგიფაროს აზრობრივი და ვნებების ქარებისაგან.

***
თუ ინებებ, მონა ხდები ვნებებისა; თუ ინებებ, თავისუფალი ხარ და არ მოუდრკები ვნებებს, რადგან ღმერთმა თვითუფლებრივად შეგქმნა შენ და ვინც დასძლევს ხორცის ვნებებს, უკვდავების გვირგვინს დაიდგამს, ვინაიდან ვნებები რომ არ ყოფილიყო, არც სათნოებები იქნებოდა, არც გვირგვინები, ღვთისგან ღირსეულთ რომ ენიჭებათ.
წმინდა ანტონი დიდი

ლოცვა გულის და გონების აღმართვაა ღვთისაკენ. აქედან გამომდინარე, სრულიად ნათელია, რომ ვერ ილოცებს ის, ვისი გულიცა და გონებაც ძლიერადაა გადახლართული ხორციელთან, ფული იქნება ეს, პატივი თუ გულში ჩადებული სხვა რამ ვნება. ადამიანს, ჩვეულებრივ, ვნება კრავს და ავიწროებს, მაშინ როცა ღმერთი სიხალასეს და ჭეშმარიტ თავისუფლებას ანიჭებს მას.
წმინდა იოანე კრონშტადტელი
ბეჭდვა
1კ1