ილია მეორის ეპისტოლეებიდან
ილია მეორის ეპისტოლეებიდან
მეცნიერების განვითარების გარეშე ქვეყანას მომავალი არ აქვს, რადგან ერის სულიერებისა და განათლების ერთ-ერთ უმთავრეს ძალას სწორედ ის წარმოადგენს.

ჩვენ თავს ვხრით და დიდად ვაფასებთ იმ თავდადებას, რომელიც კომუნისტური რეჟიმის პერიოდში გამოიჩინეს ჩვენმა მეცნიერებმა და ათეისტური ყოფის მიუხედავად, შეძლეს ხალხისათვის სწორი ორიენტირების შენარჩუნება.

გავიხსენოთ ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე ჯავახიშვილი, პავლე ინგოროყვა, დიმიტრი უზნაძე, თედო სახოკია, გრიგოლ ლორთქიფანიძე, შალვა ნუცუბიძე, ივანე ბერიტაშვილი, მაქსიმე შარაძე, ფილიმონ ქორიძე და სხვა მრავალნი.

მიუხედავად იმისა, რომ ისინი იყვნენ შევიწროებულნი,დამცირებულნი და ყოველდღე ელოდნენ დაპატიმრებას, მათ არა მარტო დაიცვეს, არამედ გაამდიდრეს ჩვენი ეროვნული ფასეულობანი, დაიცვეს როგორც თავისი, ისე ქვეყნის ღირსება.

***
ქვეყანამ არ უნდა დაკარგოს ის სამეცნიერო პოტენციალი, რაც მას გააჩნია. ამის მაგალითია ბალტიისპირეთის ქვეყნები, რომელთაც თითქმის სრულად გამოიყენეს საბჭოთა პერიოდის სამეცნიერო თუ ეკონომიკური მიღწევები, რამაც განაპირობა ამ ქვეყნების სწრაფი განვითარება. ჩვენთან პროცესები, სამწუხაროდ, სხვაგვარად განვითარდა. დაიშალა ქვეყნის ეკონომიკური სისტემა და გაუქმდა მთელი რიგი საწარმოები.

არ შეიძლება იგივე ბედი ეწიოს მეცნიერებას. მრავალ დარგში საქართველოს მსოფლიოში აღიარებული მკვლევრები ჰყავს. საერთოდ, ნებისმიერი ქვეყნის განვითარებაში სამეცნიერო სფერო გადამწყვეტ როლს ასრულებს; მის ჩამოყალიბებას დიდი თანხა და დიდი დრო სჭირდება. გამოუსწორებელი შეცდომა იქნება, ქვეყანამ არ გამოიყენოს ის სამეცნიერო პოტენცია, რომელიც მას გააჩნია.

ბეჭდვა
1კ1