სწავლებანი
სწავლებანი
კეთილია მღვდლის ჩინი და მსუბუქია მისი უღელი, მაგრამ მხოლოდ მათთვის, ვინც ისე მიიღებს და შეუდგება მის აღსრულებას, როგორც ეს საჭიროა, ვისაც არ ჰქონია ცდუნება, რომ ღვთის სულის მადლი უკანონოდ შეეძინა. მაგრამ თუ ვინმე ადამიანური ბუნებითა და მიწიერი ძალისხმევით ცდილობს იყიდოს ის, რისი ყიდვაც შეუძლებელია, მაშინ, რამეთუ მოწოდება ზეციდან არ ყოფილა, მისთვის უღელი ძალზე მძიმე აღმოჩნდება, რადგან უღირსად უტვირთავს და მის ძალებს აღემატება. ის მანამ უყვლეფს სასტიკად ქედს მის მტვირთველს და აცლის ძალას, სანამ საბოლოოდ არ გამოფიტავს და დააუძლურებს, თუკი სულაც სამარეში არ ჩაიყვანა.

***
წმინდა ისიდორე ამბობდა: "ბევრი ფიქრობს, ადამიანს სულიერი სიმშვიდის შენარჩუნება მაშინ უჭირს, როცა მის ბედნიერებას უბედურება ენაცვლებაო. მე კი მგონია, მორჩილების შენარჩუნება მაშინ არის ძნელი, როცა უბედობაში მყოფს უეცრად ბედნიერება გეწვევა".

***
ერთმა ვერცხლისმოყვარე კაცმა ვიღაცას უთხრა: "გისურვებ, იღბლის წვეთი გქონოდეს, ვიდრე ჭკუით სავსე კასრიო". ბრძენი კი შეეპასუხა: "მე ჭკუის წვეთი მირჩევნია იღბლის ზღვასო".

***
ბედნიერების საძებრად ცხრა ზღვასა და ცხრა მთას იქით მიდიან და მსოფლიოს ირგვლივ მოგზაურობენ. ბედნიერება კი ჩვენშია, ჩვენს გულში, სადაც თითქმის არასდროს ვიხედებით.

***
ზოგიერთ ადამიანს, როცა ხედავს მოძღვარს, რომლის ცხოვრებაც და საქციელიც მისი მდგომარეობის მნიშვნელობას არ შეესაბამება, ზოგჯერ ეჭვი ეპარება - შეიწირება კი ამ მოძღვრის მიერ აღვლენილი ღვთისმსახურება? ასეთთა დასამშვიდებლად და სანუგეშოდ წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვებს მოვიყვანთ: "მღვდელი მხოლოდ ბაგეებს ამოძრავებს, ყველაფერ დანარჩენს კი უფალი აკეთებს". სრული ჭეშმარიტებაა! მთესველი თესლს ხშირად უსუფთაო ხელით თესავს, მაგრამ, ამის მიუხედავად, ღვთის წყალობით, ველ-მინდვრები ყანებით იფარება.
ბეჭდვა
1კ1