წმინდა მამათა გამონათქვამები
წმინდა მამათა გამონათქვამები
...მე ვაფრთხილებ ჩვენს ხალხს, ჩვენს მორწმუნეთ: იყავით დაკვირვებულნი და ყურადღებიანნი: ნუ დაკარგავთ ჭეშმარიტებას, ნუ დაკარგავთ ჩვენს სარწმუნოებას, მიწიერ საცდურზე ნუ გაცვლით მარადიულ ცხოვრებას, თორემ მერე გვიან იქნება, რადგან ჟამი ახლო არს.

* * *
ჩვენ რთულ ეპოქაში გვიხდება ცხოვრება, ბოროტი ყოველნაირად ცდილობს ეკლესიაში განხეთქილებისა და შფოთის შემოტანას. დღეს მართლმადიდებელ ქრისტიანს დინების აღმა უხდება სვლა, რაც სულ უფრო მეტ წინააღმდეგობებს გვიქმნის, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ მაინც უნდა ვიაროთ ამ გზით.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

სადაც წმინდა სახარება ძევს რწმენითა და ჯეროვანი მოწიწებით, იქ ვერ შევალს ბოროტი სული და ვერ ეცდება ქრისტიანის ცთუნებას.
წმინდა იოანე ოქროპირი

კეთილი, თუნდ მსახური და მონა იყოს, მაინც ყოველთვის თავისუფალია; ბოროტი კი, თუნდ ხელმწიფებდეს, მაინც მონა და ტყვეა, რომელსაც მხოლოდ ერთი ბატონი კი არ ჰყავს, არამედ სწორედ იმდენი, რამდენი მანკიერებაც შეუძენია.
ნეტარი ავგუსტინე

ადამიანს ამაოდ სურს, ინუგეშოს თავი იმით, რაც მსწრაფლწარმავალია: ამაოდ სურს, მიეწებოს იმას, რაც მასთან მუდამ არ იქნება; ამაოდ სურს, თავისი გული დაუდოს იმას, რაც ჩრდილივით ქრება.
წმინდა დიმიტრი როსტოველი

მარადიულად არ ეხსომებათ არც ბრძენკაცი, არც უგუნური; გაივლის ჟამი, ყველაფერი დაივიწყება. ვაგლახ, რომ კვდება ბრძენი კაცი უგუნურივით.

და შევიძულე მე ეს ცხოვრება, რადგან მემწარა ყველაფერი, რაც მზის ქვეშ ხდება, რადგან ყოველი ამაოა, ქარების დევნა.
წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი
ბეჭდვა
1კ1