წმინდა მამათა გამონათქვამები
წმინდა მამათა გამონათქვამები
ადგილსამყოფელი კი არ აცხოვნებს ადამიანს, არამედ საკუთარი კეთილი ნება. ადამი, ჩვენი პირველმშობელი, სამოთხეშიც დაეცა ცოდვით, მართალმა ლოთმა კი სოდომშიც შეინარჩუნა კეთილმსახურება.
წმინდა ეფრემ ასური

სადაც ეკლესიაა, იქ არის სულიწმიდაც... ამიტომ, ვისაც მასთან (ეკლესიასთან) წილი არა აქვს, იგი არ საზრდოობს ქრისტეს სხეულიდან მომდინარე უწმინდესი წყაროდან, რომელიც მარადიულ ცხოვრებას გვაზიარებს.
წმინდა ირინეოს ლიონელი

ერთია სხეული, შემდგარი მრავალი ნაწილისგან. ეკლესიის ერთიან სხეულს მოციქული ქრისტეს უწოდებს, რადგან იგია თავი ამ სხეულისა.
ნეტარი თეოდორიტე

ეკლესიის არსს მხოლოდ ის მიხვდება და იგრძნობს, ვინც ეკლესიურად ცხოვრობს. გარეშე მაყურებელი კი მხოლოდ მის ზედაპირულ მხარეს ხედავს; სული, ძალა და დიდება ეკლესიისა მისთვის უხილავი და შეუცნობელი რჩება, რადგან თვითონაც უსულოდ ცხოვრობს.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

უბედურზე უბედურია ის, ვინც მომავალ საუკუნო ნეტარებას ცათა შინა მსხვერპლად გაიღებს აწინდელი წუთიერი ქვეყნიური ცხოვრებისათვის.

* ყველა ის სიკეთე, რომლებითაც ადამიანი ამქვეყნად დატკბება, მხოლოდ მცირე წვეთებია ულევი წყაროს სიხარულთან შედარებით, რითაც ნეტარნი განიხარებენ და დატკბებიან ცათა შინა.
წმინდა იოანე ოქროპირი

ქრისტიანმა სულის ხსნა თავის ერთადერთ, უმთავრეს მიზნად უნდა დაისახოს, ყველაფერი დანარჩენი კი საშუალებებად ამ მიზნის მისაღწევად.

ყველა ამქვეყნიური საქმე, რა მნიშვნელოვანი და დიდიც არ უნდა გვეჩვენოს, წვრილმანი საქმიანობაა. უპირველესი და უმნიშვნელოვანესი ყველა საქმეთა შორის ჩვენი ხსნა უნდა იყოს.
მღვდელი აბრამ ნეკრასოვი
ბეჭდვა
1კ1