წმ. პაისი ათონელი - ღვთის უქმნელი ნათლის ხილვის შესახებ
წმ. პაისი ათონელი - ღვთის უქმნელი ნათლის ხილვის შესახებ
- გერონდა, ვინმეს უქმნელი ნათლის ხილვა გრძნობადი თვალებით შეუძლია?

- თუკი წვრილმანებს¹ დაუტევებთ, გეტყვით.

- გერონდა, სანამ წვრილმანებისგან გავთავისუფლდებით, თქვენ მანამდე წახვალთ... გაიღეთ სულიერი მოწყალება.

- კატუნაკიაში² ყოფნისას, ერთ საღამოს, როდესაც სენაკში სკვნილით მწუხრის ლოცვა შევასრულე, ფინჯანი ჩაი შევსვი და განვაგრძე... აღვავლინე სერობის ჟამი და ღვთისმშობლის დაუჯდომელი, შემდეგ კი ლოცვა დავიწყე... რამდენადაც ვლოცულობდი, იმდენად მტოვებდა დაღლა და თავს დასვენებულად ვგრძნობდი. გულში სიხარულს განვიცდიდი, რომელიც ძილს არ მანებებდა. ლოცვას გაუჩერებლივ ვამბობდი.
დაახლოებით ღამის თერთმეტ საათზე, მოულოდნელად სენაკი ტკბილმა, ზეციურმა სინათლემ აღავსო; იგი ძალზე ძლიერი იყო, თუმცა თვალს არ გჭრიდა. მივხვდი, რომ ჩემი თვალებიც "მოძლიერდა", რათა ეს ბრწყინვალება დამეტია...
ამ საღვთო ნათელში, სხვაგან - სულიერ სამყაროში ვიმყოფებოდი. გამოუთქმელ შვებას ვგრძნობდი, ხოლო სხეული შემსუბუქდა, თავისი წონა დაკარგა... ვგრძნობდი ღმერთის მადლს - საღვთო განათლებას (θείο φωτισμό).
ჩემს გონებაში საღვთო აზრები სწრაფად მოედინებოდა, როგორც კითხვა-პასუხები... არ მქონდა საფიქრალი, არც - შეკითხვები რაიმე თემაზე, თუმცა კი ვკითხულობდი და პასუხსაც მაშინვე ვიღებდი. პასუხები ადამიანური სიტყვებით იყო, მაგრამ ამავდროულად ეს თეოლოგიაც გახლდათ, რადგან ისინი ღვთისაგან მოდიოდა. ყოველივე ეს იმდენად აურაცხელი იყო, ვინმეს რომ ჩაეწერა, კიდევ ერთი ევერგეტინოსი³ გამოვიდოდა.
ამ მდგომარეობამ მთელი ღამის განმავლობაში გასტანა - დილის ცხრა საათამდე. როდესაც ეს ნათელი მთლიანად გაუჩინარდა, ყველაფერი ბნელად მეჩვენა. გავედი გარეთ და ღამესავით იყო...
- "რომელი საათია, ჯერაც არ გათენებულა? შევეკითხე იქ გამვლელ მონაზონს. მან შემომხედა და კითხვითვე მომიგო:
- "რა თქვი, მამა პაისი"?
- "რა ვთქვი"?! ვკითხე საკუთარ თავს და შიგნით შევედი. ვუყურებ საათს და მაშინღა გავაცნობიერე მომხდარი...
დილის ცხრა საათი იყო და მზეც ამოსულიყო, მაგრამ მე ღამედ მეჩვენებოდა! ესე იგი, ვხედავდი, რომ მზე სულ ოდნავ ანათებდა, თითქოს დაბნელებულიყო...
ვიყავი ის, ვინც ძლიერი სინათლიდან უეცრად სიბნელეში აღმჩნდა; ისეთი დიდი იყო ეს სხვაობა! იმ საღვთო მდგომარეობის შემდეგ ბუნებრივ, ადამიანურ ყოფაში დავბრუნდი, და ჩემს ყოველდღიურ საქმიანობას შევუდექი.
გავაკეთე პატარა ხელსაქმე, სკვნილით აღვასრულე ჟამნების მსახურება, ცხრა საათის შემდეგ კი მცირედი ორცხობილა დავალბე, რომ მეჭამა, მაგრამ თავს ცხოველივით ვგრძნობდი, რომელიც ხან უსაქმოდაა, ხან დაბორიალობს, ხანაც სახტად რჩება, და ჩემთვის ვფიქრობდი: "აბა, უყურე, რით ვარ დაკავებული! ამდენი ხანი ასე განვლიე.
საღამომდე ისეთ სიხარულს განვიცდიდი, რომ დასვენება არ მჭირდებოდა. ასეთი ძლიერი იყო ეს მდგომარეობა...
მთელი ის დღე ბუნდოვნად ვხედავდი, ისე, რომ ცოტ-ცოტას ვსაქმიანობდი.
და იყო ზაფხული, მზე კაშკაშებდა.
მეორე დღეს საგნებს უკვე ბუნებრივად ვამჩნევდი. შევასრულე იგივე ტიპიკონი, მაგრამ ცხოველივით აღარ ვგრძნობდი თავს.
უაზროდ გაგვყავს ჩვენი დრო და ვკარგავთ მას! ამიტომაც, როცა ფუჭ საქმეებსა და დაკარგულ დროს ვხედავ, ძლიერ განვიცდი...

___________________________________

¹ იგულისხმება ამაო, ფუჭი საქმეები.
² კატუნაკია (ბერძ. κατουνάκια) - ადგილი ათონის მთის უდაბნოში, რომელიც დიდ ლავრას (ათანასეს ლავრა) ექვემდებარება და სადაც ისიხასტირიები მდებარეობს. აქ სულ ოცდაორი ისიხასტირიაა (დაყუდებულთა სამოღვაწეო ადგილი), რომლებიც განთავსებულია მცირე ანას სკიტში, კარულიასა და წმ. ბასილის სკიტში. ეს ტერიტორია კლდოვანი და ციცაბოა. დღესდღეობით კატუნაკიაში დაახლოებით 35 მონაზონი ცხოვრობს.
³ ევერგეტინოსი (ბერძ. ευεργετινός) - მამების სწავლათა კრებული.

ბერძნულიდან თარგმნა ლევან ხატიაშვილმა

წყარო: https://pneumatoskoinwnia.blogspot.com/
ბეჭდვა
1კ1