წმინდა მამათა გამონათქვამები
წმინდა მამათა გამონათქვამები
ვიტიროთ ისე, როგორც ქრისტე ტიროდა ლაზარეს. იგი ტიროდა იმისათვის, რომ შენთვის ეჩვენებინა ზომიერება; განა რისთვის უნდა ეტირა იმ ადამიანის გამო, რომელსაც სულ ცოტა ხანში მკვდრეთით აღადგენდა? მან ეს იმისათვის გააკეთა, რომ მიმხვდარიყავი, თუ რამდენად უნდა მიეცე მწუხარებას, რათა მხოლოდ ადამიანური ბუნებისათვის დამახასიათებელი თანაგრძნობა გამოხატო და არ მიემსგავსო ურწმუნოთ.

* თუ ჩვენ იმის გამო ვწუხვართ და ვტირით, რომ გარდაცვლილი უღირსი ადამიანი იყო, არ არის სწორი. ამის გამო, პირიქით, ღმერთს უნდა ვმადლობდეთ, რადგან სიკვდილმა შეწყვიტა ამ ადამიანის ბოროტების გზით სვლა; ხოლო თუ იმიტომ ვტირით, რომ ეს ადამიანი კეთილი და სულგრძელი იყო, ესეც უნდა გვიხაროდეს, რომ მას უკვე მოუწოდა ღმერთმა: "რათა არა უკეთურებამან სცვალოს გულისხმისყოფა მისი, ანუ ზაკვამან აცთუნოს სული მისი" (სიბრძ. 4,11); ახლა კი მან გადაინაცვლა იქ, სადაც აღარ არსებობს საშიშროება იმისა, რომ მისი სული შეიცვლება; ან იქნებ იმიტომ ტირი, რომ ახალგაზრდა იყო?! განა ამის გამო უფრო არ უნდა ადიდო უფალი, რომ მას ასე მალე მოუწოდა უკეთესი ცხოვრებისაკენ?! ან იქნებ ის გატირებს, იგი მოხუცი რომ იყო? ამისთვისაც მადლობა შესწირე უფალს.
წმინდა იოანე ოქროპირი

ილოცე მიცვალებულთათვის, რომ მათ, როდესაც ნეტარ ცხოვრებაში შევლენ, შენთვის ილოცონ.

* ყოველ გაზაფხულზე, როდესაც დედამიწაზე ახალი ცხოვრება მოევლინება, აღდგებიან მცენარეები და ათასობით გაყინული, მკვდარი მწერი გაცოცხლდება. განა მიწა არ წარმოადგენს საყოველთაო აღდგომისა და ახალი უკვდავი ცხოვრების წინასახეს?
წმინდა ეფრემ ასური

როგორც ყვავილებს აჭკნობს სიცივე, ასევე ცოდვილი აზრები და სურვილები სუსტდებიან სიკვდილზე ფიქრში.
ამბა ისაია

რა არის მორწმუნისათვის საფლავი, რომელშიც მიცვალებულის სხეული განისვენებს? - მხოლოდ ვიწრო კარი, რომლის გავლითაც სული, რომელმაც სხეული დატოვა, გადადის უმაღლეს სამყაროში და ნაპრალებს შორის მარადიული სიცოცხლის სამოთხისეული შუქი ციალებს.
წმინდა ისააკ ასური
ბეჭდვა
1კ1