მტრების სიყვარული არის აბსოლუტური მიმსგავსება ადამიანისა ღმერთთან
მტრების სიყვარული არის აბსოლუტური მიმსგავსება ადამიანისა ღმერთთან
ამჯერად უფლის კიდევ რამდენიმე სწავლებასთან დაკავშირებით ვისაუბრებთ, რომლებსაც მაცხოვარი თავისი სამწლიანი მოღვაწეობისა და ქადაგების პერიოდში ასწავლიდა და აძლევდა ადამიანებს...

არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):

გულისთქმით შეხედვა (მათე 5,27-30)
- როდესაც ადამიანი გულში ფიქრობს რომელიმე ცოდვაზე, ამ შემთხვევაში მრუშობის ცოდვეზე, თუკი შესაძლებლობა მიეცემა, აუცილებლად აღასრულებს, ანუ ის ამ ცოდვას ვერ ასრულებს რაღაც გარემო პირობების და არა თავისი ნებისა და ღვთის სიყვარულის გამო. ცოდვა იყოფა რამდენიმე კატეგორიად. ცოდვის ჩადენამდე ადამიანის გონებაში შემოდის ბოროტისგან მოწოდებული აზრი, მაგრამ თუ ადამიანი არ ღებულობს ამ აზრს, მაშინვე ეწინააღმდეგება, მას ეს არ მოეკითხება, მაგრამ თუკი ადამიანმა მიიღო ეს აზრი და დაეთანხმა, ამის შემდეგ უკეთური აზრი ფესვს გაიდგამს ადამიანში, ანუ ხდება ადამიანის შეპყრობა ამ აზრით - ეს არის ვნება და ფაქტობრივად ადამიანი აღმასრულებელია იმ ცოდვისა, რომელიც მასში ვნების სახით ბუდობს. თუნდაც არ აღასრულებდეს მხოლოდ და მხოლოდ გარემო პირობების გამო და არა იმის გამო, რომ არ სურს ამ ცოდვის აღსრულება.Bბოლო საფეხური არის უკვე, როდესაც ადამიანი მიწიერად, მატერიალურად აღასრულებს ცოდვას. ე.ი. თავად აზრი არ არის ცოდვა და არ მოგვეკითხება, თუკი მაშინვე ვეწინააღმდეგებით და არ დავეთანხმებით მას. თუ დავეთანხმებით, უკვე მოგვეკითხება, მაგრამ დათანხმების შემთხვევაშიც ადამიანის გონებაში მიმდინარეობს ბრძოლა - მიიღოს თუ არ მიიღოს უკეთური, ბოროტისგან მოწოდებული აზრი. როდესაც ადამიანი უკვე მთლიანად ამ აზრით არის მოცული, ფაქტობრივად ეს აღსრულებული ცოდვაა, რადგან, როგორც კი საშუალება მიეცემა, აუცილებლად აღასრულებს, ამიტომაც ბრძანებს უფალი - ვინც გულისთქმით შეხედა დედაკაცს, უკვე იმრუშა მასთან თავის გულშიო. შესაძლოა გულში შემცოდემ არ მიიღოს ის სასჯელი, რასაც აღსრულებული ცოდვისთვის მოიწევდა, მაგრამ სასჯელს მაინც მიიღებს, რადგან ცოდვამ გადასძლია.

შესაძლოა ადამიანმა არ აღასრულოს ცოდვა, სისრულეში არ მოიყვანოს უკეთური აზრი, მაგრამ არც სინანულში ჩავარდეს იმის გამი, რომ ასეთი აზრი აქვს. ამის გამო დაისჯება, ხოლო აღმასრულებელი ცოდვისა, რომელსაც სინანული გაუჩნდება და მიტევებას ითხოვს, გადარჩება და გამოიხსნება ამ ცოდვისგან. ამიტომ შესაძლოა ცოდვის აღმასრულებელს მიეტევოს და არაღსრულებული ცოდვა მოეკითხოს და დაისაჯოს. მიტევება ხდება მხოლოდ და მხოლოდ ღვთის წყალობით, ღვთის ნებით. მხოლოდ უფალს ძალუძს ადამიანისთვის ცოდვების მიტევება, მაგრამ როდესაც სინანულში ვართ ცოდვის გამო, უფალი წყალობას მოგვცემს იმისათვის, რომ რაღაცას მაინც ვაკეთებთ - სინანულში ვართ, მიტევებას ვითხოვთ და გადავწყვეტთ, რომ ეს ცოდვა საბოლოოა ჩვენში და აღარ აღვასრულებთ არასოდეს. როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, უტყუარი ნიშანი იმისა, რომ ცოდვა მოგვეტევა, არის სწორედ ის, რომ ამ ცოდვას აღარ ჩავდივართ და მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ აღარასოდეს ჩავიდენთ.

- როდესაც უფალი ადამიანებს გულისთქმით შეხედვის შესახებ სწავლებას აძლევს, ბრძანებს: თუ შენი თვალი ან ხელი გაცდუნებს, უმჯობესია მოიკვეთო და გადააგდო, ვინაიდან უმჯობესია ერთი ასოთაგანი დაგეღუპოს, ვიდრე მთელი შენი სხეული გეენაში ჩავარდესო. რა არის ამ სწავლების არსი?

- როდესაც უფალმა ეს სწავლება წარმოთქვა, ადამიანთა ნაწილი ფიქრობდა, რომ ეს იყო პირდაპირი გაგებით ნათქვამი, თითქოს უფალი ამით იმას ეუბნებოდა ადამიანებს, ფიზიკურად ამოითხარეთ თვალი, როდესაც თვალი ხდება თქვენი ცდუნების მიზეზი, ან ხელი მოიჭერითო... ცხადია, ეს ასე არ არის. საკუთარ თავზე მიყენებული ფიზიკური სასჯელი რაიმე ცოდვის მოსაკვეთად არათუ საქებარია ღვთისგან, არამედ ფაქტობრივად ეს არის თვითმკვლელობის თანაზიარი ცოდვა. როდესაც უფალი გვასწავლის - თუ თვალი გაცდუნებს, ამოითხარე და გადააგდეო, ამით იმას გვეუბნება, რომ თუ ჩვენი მხედველობიდან მოდის ცოდვა, მხედველობა უნდა ვაკონტროლოთ, მოვცილდეთ იმ ადგილს. თუ ცოდვა ხელიდან მოდის, ამ საქმეებს უნდა მოვცილდეთ, ანუ უნდა მოვიცილოთ ჩვენი ცოდვის მიზეზი. არა თვალი, ხელი ან ფეხია ჩვენი ცოდვის მიზეზი, არამედ ჩვენი სულიერი მდგომარეობა. უფალი სწორედ იმას გვაუწყებს ამ სწავლებით, რომ ჩვენი სულიერი მდგომარეობა ვაკონტროლოთ, ჩვენი ცოდვის მიზეზი მოვიკვეთოთ, რათა არ დავაკლდეთ სასუფეველს.

"იყოს შენი ჰო - ჰო და არა - არა" ( მათე 5,33-37)
- მათეს სახარების ამ მუხლებში გადმოცემული სწავლების თანახმად, უფალი კრძალავს ფიცს...

- ძველი აღთქმის პერიოდში სიმართლეზე დაფიცება არ იკრძალებოდა, ეს იყო ჩვეულებრივად მიღებული წესი, მაგრამ მოვიდა რა უფალი ხორციელად და ადამიანებს მისცა ახალი სჯული, ახალი სწავლება, საერთოდ აკრძალა ფიცი, დაფიცება. რა შემთხვევაშია საჭირო ფიცი? როდის ხდება საჭირო ჩვენი ნათქვამის ფიცით დამტკიცება? - როდესაც ადამიანები მიჩვეულნი არიან, რომ ხშირად ვცრუობთ. თუკი მართალ პიროვნებად გვიცნობენ, ჩვენი ჰო არის ჰო და არა - არა. სწორედ ამას გვასწავლის უფალი - ისე უნდა მოვიქცეთ და ისეთი უნდა იყოს ჩვენი ყოველი ნათქვამი, ყოველი სიტყვა, რომ ადამიანებს არ დასჭირდეთ ჩავენგან ფიცის მოთხოვნა, ჩვენი ნათქვამის ფიცით დადასტურება. თუმცა მაშინაც კი უნდა ვეკრძალოთ თუნდაც სიმართლეზე დაფიცებას, როდესაც კაცთა წინაშე უკვე შემჩნეულნი ვართ ხშირად სიცრუის თქმაში და მხოლოდ ჩვენს სიტყვას არ უჯერებენ. შესაძლოა წლებიც კი დასჭირდეს იმის მიღწევას, რომ მხოლოდ ჩვენი სიტყვა იყოს დამაჯერებელი ადამიანებისთვის, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ იმისკენ, რომ ჩვენი სიტყვა ფიცის გარეშე მიიღონ ადამიანებმა.

სწავლება მტრების სიყვარულზე (მათე 5,43-48)
- რატომ ითხოვს უფალი ახალ აღთქმაში ადამიანისგან მტრების სიყვარულს და რას გულისხმობს მტრების სიყვარულის მცნება?

- ეს არის უმაღლესი სწავლება ქრისრიანობისა, რომელიც არც ერთ რელიგიურ მიმდინარეობას არ აქვს. მტრების სიყვარული არის აბსოლუტური მიმსგავსება ადამიანისა ღმერთთან. მტრების სიყვარულით ადამიანი ყველაზე მეტად ემსგავსება უფალს - თუ ჩვენ მოყვასი გვიყვარს, თუ უფალი გვიყვარს, ამით არ ვართ მიმსგავსებულნი უფალს, რადგან, როგორც თავად უფალი გვეუბნება - წარმართებსაც კი უყვართ თავიანთი ახლობლები.

როდესაც უფალმა ღვთაებრივი მსხვერპლშეწირვა აღასრულა, ჯვარს ეცვა, ჯვარზე ავიდა ადამიანთა ხსნისთვის, ყველა ადამიანს მიტოვებული ჰყავდა იგი. ერთადერთი ავაზაკი იყო, რომელმაც ჯვარზე გაკრული ქრისტე მხსნელად აღიარა. ამ დროს ფაქტობრივად ყველა ადამიანი მტერი იყო უფლისა. ყოველ შემთხვევაში, მოყვასი არავინ ყოფილა. ზოგიერთები შიშის გამო დასცილდნენ, ზოგი - ვერცხლისმოყვარეობის გამო. ზოგი ისედაც მტერი იყო მაცხოვრისა. უფალი სწორედ მტრებისთვის, ცოდვილთათვის ეცვა ჯვარს. ამის შემდეგ ნახეს ადამიანებმა, თუ რა აღასრულა უფალმა ცოდვილი ადამიანებისთვის. უპირველესად ეს შეიმეცნეს მოციქულებმა, რომლებმაც შემდგომ თავიანთი ქადაგებით უამრავი ადამიანი მოაქციეს უფლისკენ და უკვე თავადაც შეიქნენ იმ მაგალითის, მტრების სიყვარულის აღმასრულებელნი, რომელიც უფალმა მოგვცა. თითქმის ყველა მოციქულმა მოწამებრივად დაასრულა სიცოცხლე და მარტვილობის დროს ლოცულობდნენ თავიანთი მტრებისთვის, უფალს შესთხოვდნენ მიეტევებინა მათთვის, ისევე როგორც ჯვარცმული უფალი ლოცულობდა და შეჰღაღადებდა ზეციურ მამას: მამაო, მიუტევე მათ, რამეთუ არა იციან, რას იქმანო.

რას გულისხმობს მტრების სიყვარული? - კონკრეტულად ეს ადამიანები უნდა გვიყვარდეს და არა მათი ბოროტი საქმეები. თუ ჩვენ მათ ბოროტ საქმეებს ვერ გავარჩევთ ამ ადამიანებისგან, ჩვენც მათი ბოროტი საქმეების აღმასრულებელნი გავხდებით. რაც უფრო დიდ ბოროტებას სჩადის ადამიანი, მით მეტად უნდა გვებრალებოდეს და ვლოცულობდეთ მისთვის ღვთის წინაშე, მნიშვნელობა არ აქვს, ამ ბოროტებას ჩვენ წინაშე სჩადიან თუ სხვების წინაშე. ნებისმიერი ბოროტება, რასაც ადამიანი სჩადის, მისი სულის დაღუპვისკენაა მიმართული. ჩვენ კი უნდა გვებრალებოდეს და ვლოცულობდეთ ყველა ადამიანის სულისთვის, რომელიც დასაღუპადაა განწირული.
ბეჭდვა
1კ1