"რა არს სახელი შენი?!"
"რა არს სახელი შენი?!"
სიტყვა მხოლოდ ინფორმაციის საშუალება კი არა, სულიერ სამყაროსთან კავშირის გზაცაა. ალბათ, ამ მიზეზით ადამიანს პატრისტიკაში ხშირად სიტყვიერ არსებადაც იხსენიებენ.

წმინდა მამებს თუ დავესესხებით, სიტყვის ორი სახე არსებობს: შინაგანი ლოგოსი, მისტიკური სიტყვა, ანუ ენდეოტეტური ენა როგორც სულის თვისება, და გარეგანი, პროფორისტული სიტყვა, რომელიც ბგერათა თანწყობის შედეგია, რაც სულის კი არა, სამშვინველის თვისებაა.

ადამიანთა და ანგელოსთა შინაგანი სიტყვა თავისი ბუნებით ერთია: ეს გახლავთ მოვლენათა და საგანთა არსის უშუალოდ წვდომის, მათში ჩადებულ ღვთაებრივ აზრთა ჭვრეტის უნარი. ასეთი უნარი გააჩნდა ადამს ცოდვით დაცემამდე. ბიბლიური გადმოცემით, მან ყოველ სულიერ არსებას დაარქვა სახელი, რაც, წმინდა მამათა თანახმად, იმის მოწმობაა, რომ ადამიანი ჭვრეტდა მათ არსს, გარეგნულ გამოვლინებზე უფრო ღრმად დამარხულს.

ადამიანის სახელი გამოხატავს არსების მთავარ თვისებას ანუ იდეას... სწორედ ამაზე გვესაუბრება მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი:

"შესაძლოა, გაიკვირვოთ კიდეც ჩემი ამგვარი ინტერესი სახელების მიმართ, მაგრამ ამას იმ მიზეზით ვიქმ, რომ ლოცვა უშუალოდ ღმრთისადმი აღევლინება და მასთან პიროვნულად გვაკავშირებს. თუმცა, ნაწილობრივ, ლოცვა - კავშირიცაა გარესამყაროსთან და როდესაც სამყაროსთვის ვლოცულობთ, ღმერთთან სახელები მიგვაქვს და სხვა არაფერი, მაგრამ ეს სახელები ან აზრითაა დამუხტული, ან სრულებით ცარიელია, იმის მიხედვით, რამდენად ძალგვიძს ან, საერთოდაც, ძალგვიძს თუ არა საკუთარი ნათქვამის სიღრმე გავაცნობიეროთ.

თუ ღვთის წინაშე ადამიანებს ისე ვასახელებთ, რომ მათ სახელებს არც კი ვაცნობიერებთ და მათ ყოველგვარ სიღრმეს მოკლებული იარლიყივით წარმოვთქვამთ, მაშინ ჩვენი ურთიერთობანი ფასს კარგავს, მაგრამ თუ ამა თუ იმ სახელის წარმოთქმაში არის რაღაც ნაწილი იმ მოცულობისა, რომლის მოკლედ გადმოცემასაც ვცდილობდი, ამ შემთხვევაში ლოცვა არა მარტო მიიყვანს ჩვენს მიერ მოხსენიებულ ადამიანს ღმერთამდე, არამედ ჩვენც გვაკავშირებს მასთან სიღრმისეულად - არა თანაგრძნობისა და სიყვარულის, არამედ იგივეობრიობის, ერთიანობის, სოლიდარობის სულ სხვაგვარი ერთობით.

ეს ყოველივე სხვა მიმართულებითაც სამართლიანია. თუ უფლისთვის ზუსტი სახელის მოძიება არ შეგვიძლია, მაშინ მასთან თავისუფალი, რეალური, სიხარულის მომნიჭებელი და გახსნილი მიახლება შეუძლებელია.

ვიდრე უფლისადმი ფორმალური სახელით მიმართვა გვიხდება, როგორიცაა, მაგალითად, "ყოვლადმაღალო", "უფალო ღმერთო", რითაც თითქოს ოდენ მის კატეგორიებს აღვნიშნავთ, თანაც ისე, რომ ამგვარ მიმართვას ანონიმურ, კრებით ტერმინად ვაქცევთ, მაშინ ვერც იმას შევძლებთ, რომ სიტყვა საკუთარი სახელივით გამოვიყენოთ.

მაგრამ სულიერ მწერლებს, შესაძლოა, წამოსცდეთ მიმართვა, რაღაც მეტსახელის მსგავსი, სიტყვა, რომელსაც სხვა ვერავინ, ვერანაირი მიმართებით ვერ წარმოთქვამდა, სიტყვა, რომელიც შესაძლებლისა და შეუძლებლის ზღვარზე იმყოფება და რომლის წარმოთქმაც ოდენ იმიტომ შეიძლება, რომ რეალური ურთიერთობა არსებობს.

გაიხსენეთ ფსალმუნი, რომელშიც დავითი უაღრესად თავშეკავებულ ფორმებს მოაყოლებს: "სიხარულო ჩემო!.." ამ წამიდან მთელი ფსალმუნი ცოცხლდება...

როდესაც ვამბობ: "შენ ხარ უფალი ჩვენი!"; "ჰოი, ყოვლისმპყრობელო!" და ასე შემდეგ, თითქოს უფალს მის შესახებ ფაქტებს ვთავაზობთ, მაგრამ როდესაც აღმოგვხდება: "სიხარულო ჩემო!", - ეს სულ სხვა საქმეა.

როდესაც შეგიძლია, უფალს ამგვარად მიმართო: "სიხარულო!" ან უთხრა: "ჰოი, ჩემი ცხოვრების ტკივილო... ჰოი შენ, რომელიც ჩემი ცხოვრების გულისგულში ტკივილის წყაროსავით ხარ, როგორც პრობლემა და როგორც ქვა დამაბრკოლებელი..." როდესაც შეგიძლია, მიმართო ცხარედ, გრძნობით, მაშინ ლოცვითი ურთიერთობა შემდგარია.

გარკვეულ პერიოდში ღმერთთან ჩვენი ურთიერთობის რომელიმე ასპექტს მეტად ვეხმაურებით, სხვა პერიოდში კი - სრულიად სხვა ასპექტს, ისევე, როგორც ადამიანური ურთიერთობისას.

არსებობს მიმართვ - "ყოვლისმპყრობელო", არის მიმართვა - "შემოქმედო", "სიბრძნეო"... მაგრამ არსებობს ასევე ძალიან უბრალო სახელი - იესო, რომელსაც მე ქრისტიანულ სახელს ვუწოდებდი.

შესაძლოა, უცნაურად ჟღერდეს, რომ ქრისტეს "ქრისტიანული" სახელი აქვს, მაგრამ, ვიმედოვნებ, მიხვდებით, რა მქონდა მხედველობაში. ეს ერთი ქალბატონის ამბავს მახსენებს ჩემი მრევლიდან, რომელიც არაქრისტიანზე იყო გათხოვილი... ქმარი ორმოცი წლის განმავლობაში ცდილობდა, მისთვის ქრისტიანობის არარაობა დაემტკიცებინა და ერთ მშვენიერ დღეს ქალმა უპასუხა: - "როგორ შეგიძლია ასე ლაპარაკი, როცა თვით ღმერთი იუდეველი იყო და შემდეგ გახდა ქრისტიანიო?!"

და როდესაც ვამბობ, რომ იესო "ქრისტიანული სახელია", ეს მეტად პრიმიტიული სვლა მაგონდება და თუ მუდამ გვემახსოვრება ეს და მივხვდებით, როგორ გვაახლოებს ეს სახელი ქრისტესთან, მაშინ გავიგებთ, რატომ იყო ასე ძვირფასი ეს სახელი ქრისტიანთა თაობებისთვის. ალბათ, არა იმიტომ, რომ, როგორც პავლე მოციქული ამბობს: "სახელისა მიმართ იესო ქრისტესისა ყოველი მუხლი მოდრკეს".

მიუხედავად ამ ნათქვამის ჭეშმარიტებისა, სახელს იგი ამგვარი სითბოთი და სიყვარულით როდი მოსავს. პავლეს სიტყვები უფრო მეტად "ყოვლისმპყრობელისა" და "უფლისადმი" მიემართება, მაგრამ სახელი იესო - ცოცხალი, რეალური, პირადი სახელია.

შეგიძლიათ, უამრავი სხვა სახელი იპოვოთ... დარწმუნებული ვარ, თუ ოდესმე აღმოგხდა: "ჰოი, სიხარულო!" ან ნებისმიერი მსგავსი შეძახილი, ესე იგი, ამ მომენტში ღმერთთან შენი პირადი ურთიერთობა იპოვე.

ამით იმის თქმა არ მსურს, რომ ზოგადი სახელით არ უნდა მიმართო უფალს. მისთვის გვაქვს სიტყვები, რომლებიც ყველას ერთად გვეკუთვნის, მაგრამ არსებობს სიტყვები, რომლებიც ან მხოლოდ ჩემი კუთვნილებაა, ან - მხოლოდ შენი. ისევე, როგორც ადამიანურ ურთიერთობებში არსებობს გვარი, ნათლობის სახელი ან მეტსახელი. კარგი იქნება, თუ გაქვს სახელი, რომლითაც შეგიძლია ყოვლისმპყრობელ ღმერთს მიმართო და ამ სახელში ჩადო მთელი შენი გულის სიღრმე და სითბო. ეს კი ნიშნავს: "ჩემს განუმეორებლობაში ამგვარად ვიღებ შენს განუმეორებლობას".

თუ ძიების პროცესში, როცა უფალთან გაუცხოებული და შორეული დგახარ, დადგება დრო კარზე რეკვისა და მაშინ უფრო და უფრო ღრმად შეაბიჯე, ლოცვა საკუთარი თავისკენ მიმართე, იმ წერტილისკენ, რომელშიც კარი, სადაც რეკენ, შეიძლება გაიღოს, და დადგება წუთი, როდესაც იგი განიხვნება და საიმდროოდ უცილობლად უნდა გქონდეს ნაპოვნი სახელი, უნდა შეძლო, აღმოთქვა სიტყვა, რომელიც დაამოწმებს, რომ მას სწორედ შენ ეძიებდი, არა ვიღაც ადამიანური არსება, რომელიც ანონიმურ ღმერთს ეძიებს, არამედ - შენ...

ძიების პროცესში ტკივილს განიცდი, წუხილს, იმედს, მოლოდინს და ადამიანურ ემოციათა მთელ სპექტრს... ღმერთი იქნება სასურველი, იქნება იმედგაცრუებაც, იგი ის იქნება, ვინც გენატრება და ისიც, ვინც გძულს, იმიტომ რომ ხელიდან გისხლტება... იგი იქნება ის, ვინც სამყაროს გირჩევნია, ვის გარეშეც სიცოცხლე არ შეგიძლია და ისიც, ვისაც ვერ აპატიებ, რომ არ გეხმაურება... და კიდევ ბევრი რამ... და ამ ძიების განმავლობაში იშვება სიტყვები, რომლითაც შეგიძლია უფალს მიმართო და რომლებიც პირადად შენ გეკუთვნის...

შესაძლოა, აღმოაჩინო, რომ ბევრი მათგანი იმ სიტყვებს ემთხვევა, რომელთაც სხვებიც იყენებენ, მაგრამ ისინი მაინც დაკარგავენ ანონიმურობას... ეს ის სიტყვები იქნება, რომელთაც სხვა ადამიანებთან იყოფ, მაგრამ, ამავდროულად, მხოლოდ შენი კუთვნილებაცაა... მაგრამ ნუ გამოიყენებ სიტყვებს საერთო ლექსიკონიდან, სიტყვებს, რომლებიც შენი არ არის... როდესაც კარზე ჯაჭვის ჩხაკუნი შემოგესმება, როდესაც იგრძნობ, რომ კარი იღება, მზად გქონდეს შენი საკუთარი სიტყვები და იმ სახელით მოუხმე უფალს, რომელიც მან მოიპოვა, მოიძია შენს ცხოვრებაში... სწორედ ამ მომენტში ხდება თქვენი შეხვედრა...

ჩაუღრმავდი იმ ურთიერთობებს, რომლებიც შემდეგ გექნება, რადგან დიდი დრო დაგრჩება საიმისოდ, რომ სხვა სიტყვები იპოვო, რომლითაც სიძულვილსა და შიშის სიტყვებს გადაფარავ და გამოცხადების წიგნში ნახსენებ მოწამეთა დარად გაიმეორებ: "მართალ და ჭეშმარიტ არიან გზანი შენნი" (15,3) და ეს სიტყვები შეარყევენ მწარე სიტყვებს, ყოველგვარ მიმართვას, სასტიკად რომ ჟღერდა, და დარჩება ყოველი სიტყვა და სახელი, რომელიც პირადია, შენ გეკუთვნის და ცოცხალ უფალს ეძღვნება.

...ეძებე სახელი, მაგრამ თუ მას ვერ იპოვი, ნუ გაგიკვირდება, რომ შენი არავის ესმის. ეს იმიტომ ხდება, რომ თავად არ უხმობ".
ბეჭდვა
1კ1