წმინდა მამათა გამონათქვამები
წმინდა მამათა გამონათქვამები
ქრისტიანულ ღვთისმოსაობაში სალოსობა ერთ-ერთი ურთულესი და უდიდებულესი გმირობაა, რომელსაც ღვთისა და მოყვასის სიყვარულისათვის თავს იდებდნენ ღვთისმოსაობის განსაკუთრებული მოშურნეები. "სალოსობა იმდენად იშვიათი, მძიმე და ამავე დროს მაღალი ქრისტიანული გმირობაა, რომ მხოლოდ განგების რჩეულთა - სულითა და ხორცით უძლიერესთა ხვედრია".

* * *
ეს მამაცი მოსაგრეები, მწვავე მოშურნეობით და ღვთისადმი მგზნებარე სიყვარულით აღგზნებულნი, ნებით განუდგნენ არა მარტო ამქვეყნიურ კეთილდღეობასა და სიკეთეს, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა უპირატესობას, ყველაზე ახლობელ და სისხლით ნათესავებს, არამედ მთელი თავიანთი შინაგანი თვითშეგნებით უარი თქვეს ამქვეყნიურთა შორის ადამიანის ყველაზე არსებით განმასხვავებელზე - ჩვეულებრივი გონის გამოყენებაზე.

* * *
სალოსები ნებით იღებდნენ სულელის და ხანდახან ზნეობრივად დაცემული ადამიანის სახესაც კი, რომელმაც არც ქცევის ნორმები იცის და არც სირცხვილის გრძნობა აქვს. ზოგჯერ თავს იმის ნებასაც კი აძლევდნენ, რომ მაცდუნებელი საქციელი ჩაედინათ. სალოსები, სულელის ნიღბით, არცთუ იშვიათად ისეთ მოქალაქეობრივ გმირობებს ჩადიოდნენ ამა ქვეყნის ძლიერთა წინაშე, რომლებიც შიშით თუ ამქვეყნიური ანგარებისა და სხვადასხვა მოსაზრების გამო, ვერ ხელეწიფებოდა მათ, ვისაც თავი ბრძენი ეგონა (1 კორ. 3,18).

* * *
მუდამ მგზნებარე სულით, ზეცის მიმართ გონებისა და გულის თვალით მიქცეული ეს მოსაგრეები, ძველ წინასწარმეტყველთა - ღვთის დიდების მოშურნეთა მსგავსად, არ ერიდებოდნენ პირში ეთქვათ ამა ქვეყნის ძლიერთათვის მწარე სიმართლე. ისინი სიტყვით თუ უცნაური საქციელით ჩამოგლეჯდნენ ნიღაბს და ელვასავით თავს ატყდებოდნენ ძლიერთ და ძლევამოსილთ, უსამართლოთ და ღვთიური ჭეშმარიტების დამვიწყებელთ, ხან კი გაზაფხულის კეთილისმყოფელ მზესავით ამშვიდებდნენ და სიხარულით ავსებდნენ ღვთისმოსავ და ღვთისმოშიშ ადამიანთა გულებს.
ბეჭდვა
1კ1