წმინდა მამათა გამონათქვამები
წმინდა მამათა გამონათქვამები
ღმერთის ძე იმისთვის შეიქნა კაცის ძედაც, რომ ჩვენ, კაცნი, ღმერთის შვილებად ვექციეთ და ადამის მთელი მოდგმაც იმ მადლთან ეზიარებინა, რაც იმთავითვე ბუნებრივი იყო მისთვის - უფალი ღმერთისთვის. მან ხელმეორედ გვშვა ჩვენ სულიწმიდით და მეყვსეულად წარგვიძღვა ცათა სასუფევლისაკენ, უფრო სწორად კი, წყალობით მოგვხედა და ცათა სასუფეველი თვით ჩვენშივე დაამკვიდრა (ლუკა 17,21), რათა ჩვენ მისი მოპოვების ოდენ იმედით კი არ გვეარსება, არამედ უკვე დამკვიდრებულთ მასში, ასე გვეღაღადა: "ცხორებაი ჩვენი დაფარულ არს ქრისტეთურთ ღმრთისა თანა!" (კოლას. 3,3).
წმინდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი

უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ თავისი ღვთაებრივი ბუნების ადამიანის გონებისათვის მიუწვდომელი დამდაბლებით ადამიანური ბუნებით დაჰფარა თავისი ღვთაება. ასე რომ, ყველანი კაცთაგან (და ბოროტ სულთაგან) მას აღიქვამდნენ, როგორც მხოლოდ ადამიანს, სინამდვილეში კი იესო ქრისტე მხოლოდ ადამიანი როდი იყო, არამედ - განკაცებული ღმერთი, როგორც ამის შესახებ სახარებაში წერია: "და სიტყუაი იგი ხორციელ-იქმნა და დაემკვიდრა ჩვენ შორის" (იოანე 1,4). მაგრამ ამ განკაცებით უფალი არ მოჰკლებია თავის ღმრთაებას და უამღმრთაებოდ არც არასდროს დარჩენილა თავისი ამქვეყნიური ცხოვრებისა და ვნების ჟამს, რაც აუცილებელი იყო ჩვენი - ცოდვილი და მოკვდავი ადამიანების - ხსნისა და ცხოვნებისათვის, და არც შემდგომში, თავისი მკვდრეთით აღდგომისას და ზეცად ამაღლებისას არ მოჰკლებია ადამიანურ ბუნებას და მარადის ამ ბუნებით ჰგიებს თავის საღმრთო დიდებაში.
წმინდა ანტონი დიდი

ქრისტე ჩვენი მსგავსი შეიქნა, რათა ჩვენც მისი მსგავსნი შევექენით; უკვდავი მოკვდავებთან გარდამოხდა ზეცით, უკვდავებად გვაქცია ჩვენ, სიკვდილს დაქვემდებარებული ადამიანები, და კვლავ ზეცად ამაღლდა მამასთან, რათა ჩვენც ამა ქვეყნიდან იქ აღგვამაღლოს.
წმინდა ეფრემ ასური
ბეჭდვა
1კ1