შეიგნეთ, რომ ყვირილი სიმართლისათვის მხოლოდ გარეგნულია, შიგნით კი-ომი მიმდინარეობს "მე"-ს დამკვიდრებისათვის
შეიგნეთ, რომ ყვირილი სიმართლისათვის მხოლოდ გარეგნულია, შიგნით კი-ომი მიმდინარეობს "მე"-ს დამკვიდრებისათვის
წმინდა თეოფანე დაყუდებული მრისხანებას ასე განმარტავს: "თქვენ ავად ხართ; მე კი თქვენი მდგომარეობა სხვაგვარად მესმოდა; ამიტომ ვაპირებდი ყველაზე მკაცრი საყვედური მეთქვა თქვენთვის იმ ადამიანის მიმართ ვინც თქვენ გაგაბრაზათ. ახლა კი ვხედავ, რომ ეს ყველაფერი ავადმყოფობის შედეგად გაღიზიანებული ნერვების ბრალია. დაე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა განგამტკიცოთ! მხოლოდ ცნობისათვის გეტყვით, რომ ამგვარი აფეთქებები საკმაოდ არასათნო რამაა. ეს არის ჭეშმარიტად ნათლის ანგელოზად გარდაქმნილი სატანა. გარეგნულად სამართლიანობის გრძნობის მეტი არაფერი ჩანს. გული ისე დუღს, თითქოს მზად არის სიმართლისათვის დანაზე წამოეგოს, ენა კი სხვის მიერ დარღვეულ და დავიწყებულ სიმართლეს ღაღადებს. ეს სხვა კი, რომელმაც გაბედა მისი დარღვევა, არარაობად და ბოროტგანმზრახველადაც კი გვეჩვენება. და ჩვენს მიერ გამართული სასამართლო ჩვენს თვალში იმდენად სამართლიანი ჩანს, მთელი სამყაროც რომ ესწრებოდეს, ისიც კი ჩვენ გაგვამართლებდა. ხედავთ, როგორი ნათელი და კანონიერია ყველაფერი! მაგრამ ასეა მართლაც, სინამდვილეში? საქმის არსს თუ ჩავწვდებით, მუდამ აღმოჩნდება, რომ დარღვეული სიმართლის შეგრძნებას ყოველთვის საფუძვლად უდევს შეურაცხყოფილი თავმოყვარეობა, ჩვენი ღირსების დამცირება, ანდა მისთვის შესაფერისი პატივის, შესატყვისი ფასის არ მიგება. სიმართლისადმი მოშურნეობის ცეცხლი სრულიადაც არ ანთია იმისათვის, რომ ძვირფასია სიმართლე, არამედ იმიტომ, რომ ვიღაცამ გაბედა დაერღვია იგი ჩვენთან მიმართებაში. სხვასთან მიმართებაში რომ ყოფილიყო, კიდევ ასატანი იქნებოდა, იქნებ კბილებს შორისაც გამოგეცრათ: ბოდიში, ცუდად გამომივიდაო. შეიგნეთ, რომ ყვირილი სიმართლისათვის მხოლოდ გარეგნულია, შიგნით კი-ომი მიმდინარეობს "მე"-ს დამკვიდრებისათვის! აი, მაშინ დაინახავთ, ვინ არის ანგელოზის სამოსში! ეს ყველაფერი გაგახსენეთ მე ყოველი შემთხვევისათვის! თქვენი სული საკმაოდ ბრძენია. კარგ მდგომარეობაშია იგი თუ ცუდში მისი სიმშვიდით ან აფორიაქებით მჟღავნდება. თუ თქვენი სული აფორიაქებულია, რაზედაც უნდა ბრაზობდეს იგი, არ დაუჯეროთ მას იმ წუთებში: ყველაფერს იტყუება, რასაც ამბობს. სატანა აწვდის იმ დროს აზრებს, რა თქმა უნდა, არამაცხოვნებელს; სული კი, საწყალი, იმ დროს მთელ ძალებს ფიტავს. გულის წყრომამან კაცისამან სიმართლე ღმრთისაი არა ქმნის (იაკ. 1, 20). ღვთიური კი ყველაფერი წყნარი, მშვიდობიანი და ტკბილია, სულშიც ამ სიტკბოს ტოვებს, გარშემოც უხვად აფრქვევს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ თითქოს გლანძღავს კიდეც. ამ შემთხვევაშიც სითბოა, უფრო მეტიც, მხურვალებაა, ოღონდ სხვაგვარი: ჩუმი, მოალერსე. ახლა გიაგეთ?
ბეჭდვა
1კ1