უნდა ვიფრინოთ ორივე ფრთით, ოღონდ მაღლა და სადმე გადაუხვევლად
უნდა ვიფრინოთ ორივე ფრთით, ოღონდ მაღლა და სადმე გადაუხვევლად
ვისურვებდი, თქვენთან მესაუბრა სულის შემძვრელ საკითხებზე. უნდა ვიფრინოთ ორივე ფრთით, ოღონდ მაღლა და სადმე გადაუხვევლად. იმის გამო, რაც ქრისტემ გაგვიკეთა, მცირე გადახრაც კი დაუშვებელია. მაგრამ თუკი ასეთი რამ მოხდება ჩვენს უნებურად, მაშინვე მოძღვართან უნდა მივიდეთ, რათა მოგვიტევოს ცოდვები. ამიტომაც ნებისმიერი ეშმაკი ვერაფერს დაგაკლებს, თუკი რწმენაში მტკიცედ იდგები. სატანას ყველაზე დიდი მონაგები ჩვენი თავგზის აბნევაა, დაცემის ანდა უძლურების გამოვლენის მერე. ჩემო ძვირფასო, დიდი მანძილის გავლა მხოლოდ ნაბიჯ-ნაბიჯ შეიძლება. მე არ მიკითხავს თქვენთვის, თუ გაგიგონიათ რამე ჯოჯოხეთზე. ალბათ გაგიგონიათ, მაგრამ არ იცით, როგორია! ამ წამიდან შეეცადეთ, სამოთხე შეიცნოთ. თქვენ საკუთარ თავს მხოლოდ პასპორტის მიხედვით იცნობთ, მაგრამ არ იცნობთ საკუთარ თავს, საკუთარ შესაძლებლობებს.

არ არსებობს პატარა ცოდვა
ერთმა კაცმა მითხრა, - პატარა ცოდვა მაქვსო. მაგრამ მის ცოდვაზე პატარა ცოდვაც ვიცი. ადამმა ვაშლი ჩაკბიჩა და მეტი არაფერი. ის ღმერთის მოწინააღმდეგე არ ყოფილა, არ დაეჭვებულა ღვთაებრივი ძალის არსებობაში, მაგრამ ეურჩა უფალს. და ამოატრიალა ზეცა და მიწა. არ არსებობს პატარა ცოდვა! უნდა მოსულიყო ქრისტე ადამიანური ბუნების (არსის) გადასარჩენად და მან იმაზე მეტი მოგვიტანა, რაც ადამმა დაგვაკარგვინა! ქრისტემ განღმრთობის საშუალება მოგვცა. ჩვენ, პატარა არსებებს, ღვთაებრივი ძალები გვაქვს.

ღმერთმა მხოლოდ თავისთვის შეგვქმნა
ჩემო ძვირფასო, ადამიანი ყველა ქმნილებაზე აღმატებულია. ღმერთმა ანგელოზები უდიდესი მისიით შექმნა. მათ ბევრი რამ შეუძლიათ, იმიტომ, რომ წმინდანი არიან. ღმერთმა ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ თავისთვის შეგვქმნა. ჩვენ შეგვქმნა, რათა მასთან ვიყოთ უკუნითი უკუნისამდე. ამიტომაც შეგვქმნა თავისუფალნი და მცველი ანგელოზი დაგვიდგინა, რომელიც თქვენ დაივიწყეთ! ზურგს უკან არ გიგრძნიათ ეშმაკის ყოფნა? მაშინ შეიძლება მივხვდეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, მის მოწინააღმდეგედ მფარველი ანგელოზი რომ გვყავს. ამბობენ, თუ ანგელოზს თავისი ჭეშმარიტი ნათელით მოსილს იხილავ, ცოცხალი ვერ გადარჩებიო. ანგელოზს გრანდიოზულად მნიშვნელოვანი მისია აქვს - ღვთისკენ მიმართული ყველა ჩვენი ფიქრი და სიტყვა ანგელოზს ააქვს მასთან.

სიკვდილი ჩვენთან იმისთვის კი არ მოდის, რომ ყავა მოვუდუღოთ
მრავალგზის ვყოფილვარ სიკვდილის პირას მყოფი ადამიანების გვერდით. საშინლად ყვიროდნენ ისინი საკუთარი ცოდვებისა და დემონთა ხილვის გამო - აი, როგორი ხილვა ეძლევათ უკანასკნელ წუთებში! მაგრამ გადარჩენა ვერ შეძლეს, რადგან სიკვდილი ჩვენთან იმისთვის კი არ მოდის, რომ ყავა მოვუდუღოთ! ის შენს წასაყვანად მოდის. და წაგიყვანს იქ, სადაც მხოლოდ ფაქტებია და არა საუბრები. მათ ყველას სურდა, კიდევ ერთი დღე ეცოცხლა. იტყვით, ეს ძალზე ცოტააო, მაგრამ ხედავთ, როცა სუნთქვა წყდება, რამდენად მნიშვნელოვანია ეს წამი. ღვთაებრივი სამართლიანობა შემოზღუდულია ღვთაებრივი სიყვარულით და ერთი ამოოხვრით შეგვინდობს. ერთმა დიდმა კაცმა თქვა, ეს წამი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცრემლით სავსე ქილაო. ღმერთს ჩვენი წრფელი გული უნდა და არა ათასი ლოცვა. ღვთისთვის დროზე ძვირფასი არაფერია, მან ის ჩვენ მოგვცა, რათა ვცხონდეთ. ის ჩვენ გვითმენს, გველოდება, იქნება ფეხზე წამოვდგეთ. ღვთის ეს მოწყალება გვაკავებს მთელი ცხოვრება! ჩვენ რომ შეგვეძლოს სასუფევლის მკვიდრთ ვკითხოთ, - რით მიაღწიეთ ამ ბედნიერებასო, - გვიპასუხებდნენ: დროის წყალობით. კარგად რომ ვიცხოვრეთ, იმ დროის წყალობითო. ღმერთმა თავისუფალნი შეგვქმნა, რათა ვიბრძოლოთ, რადგან ღვთის მოწყალება ვინმე ბეჩავთან კი არ მიდის, არამედ გმირთან.

თუ მტრების სიყვარული არ შეგვიძლია, არ გვძულდეს მაინც
გიყვარდეთ თქვენი მტრები - ეს მცნებაა და არა რჩევა! მე მრავალ ადამიანთან მისაუბრია და ვგრძნობდი ხოლმე, რომ მათ სურდათ ჩემთვის ეთქვათ: "მამაო, არ შემიძლია! რაც გინდათ, ის მიყავით, გნებავთ, დღეში ათასი მეტანია დამინიშნეთ, ოღონდ ნუ მეტყვით, რომ ჩემი მტერი შევიყვარო". ხედავ ეშმაკის ბრჭყალებს, თითოეულზე რომ მბრძანებლობს? თუ არ შეგიძლია შენი მტრის შეყვარება, ნუ შეიძულებ მაინც. და მაშინ უკვე ჭაობში კი არა, საფეხურზე დგახარ. მოდი, ყველაფერი ვაჭარივით ავწონოთ. სხვა ადამიანები დამნაშავეები არ არიან, დამნაშავეები ვართ ჩვენ, რომ არ შეგვიძლია მათი სიყვარული და დაფასება! თუ ვისაუბრებთ მაცხოვნებელი გზის დეტალებზე, რა გავაკეთეთ ამ სამყაროსთვის, - აი, ამას მოგვკითხავენ. ჯოჯოხეთის ცეცხლი - რეალობაა და არა მოძღვრებისა და მღვდლების მიერ რელიგიური აღზრდისათვის მოგონილი საფრთხობელა. ჯოჯოხეთი საშინელი რეალობაა! და თუ შენ არ პატიობ, საუკუნო ცეცხლში მიდიხარ. იქაური ცეცხლი ათასჯერ ძლიერია, ვიდრე აქ არის და ის ცეცხლი ნათელს არ გამოსცემს. ვერავის ხედავ, და იქ მცირე ხნით კი არ რჩები, არამედ სამუდამოდ! შეეცადე იმის გაგებას, თუ რამდენად საშინელებაა ეს! ვინაიდან არა მხოლოდ ფიზიკური ტკივილი გტანჯავს, არამედ იმის შეგრძნებაც, რომ სამუდამოდ განვარდი ღვთაებრივი სიყვარულისგან. მაძრწუნებს ასეთი მარადისობა, ჩემო ძმაო!

ორმოცი წელი - ეს დროა და არა მარადისობა
ერთ კაცს ჯოჯოხეთის სატანჯველი განეცხადა: მან კოჭებამდე ცეცხლის ალში მდგარი კაცი იხილა, რომელიც საშინლად ყვიროდა. ჰკითხა, - ასე რად ყვირიო. იმიტომ, რომ ამ ცეცხლში საუკუნოდ ვარ ჩავარდნილიო. წინ წავიდა და იხილა კისრამდე ცეცხლში ჩავარდნილი კაცი, რომელიც დროდადრო ხარობდა. მე სხვებზე მეტად ვიტანჯები, - თქვა მან, - მაგრამ მახარებს ის, რომ ჩემი რომელიღაც ნათესავი მღვდელი გახდება და ორმოცი წლის შემდეგ ამომათრევს აქედანო. ხედავთ, ორმოცი წელი - ეს დროა და არა მარადისობა. ის ბედნიერი იყო, რადგან იმედი ჰქონდა. ძმანო, ღვთის სამსჯავროზე გვკითხავენ: რატომ არ გიყვარდათ ერთმანეთი? რატომ მტრობდით, რატომ განიკითხავდით, რატომ კლავდით?! იბრძოლეთ! რატომ არ ითხოვთ ღვთის მადლს? კერპებივით ნუ დადგებით, თითოეული მომენტი განიცადეთ. ეს ძნელია, მაგრამ ღმერთს ესმის და თქვენი დახმარება უნდა. ის ჩვენ გვერდითაა, რადგან ვუყვარვართ. მოდი, ჩვენც შევიყვაროთ ერთმანეთი.
ბეჭდვა
1კ1