განვიღვიძოთ გონება ძილისაგან და გულიც აღვიგზნოთ ღვთისმოშიშების ცეცხლით!
განვიღვიძოთ გონება ძილისაგან და გულიც აღვიგზნოთ ღვთისმოშიშების ცეცხლით!
იმ დღიდან მოყოლებული, ოდეს უფალმა ჩემმა იესო ქრისტემ, თავისი სახიერებითა და მოწყალებით, განმიღვიძა გონება მომაკვდინებელი ძილისაგან, დიდად ვგოდებდი და უნუგეშოდ ვკვნესოდი ადამიანის უძლურების გამო, და ახლაც ხშირად ვფიქრობ: განა რისი მიცემა ძალგვიძს უფლისათვის იმის სანაცვლოდ, რასაც მისგან ამჟამადაც ვიღებთ და მომავალშიც უთუოდ მივიღებთ, ანუ ყოველივე იმისათვის, რაც მას მოუმოქმედია ჩვენი ხსნისათვის?! აკი, თავის ანგელოზებსაც უბრძანა ჩვენთვის ემსახურათ! აკი, თვით წინასწარმეტყველთაც განუჩინა, წინასწარ ეუწყებინათ ჩვენთვის მომავალი და თავის წმინდა მოციქულებსაც უბრძანა, წმინდა სახარება ექადაგათ ჩვენთვის! და ყოველივე ამასაც ხომ განუზომლად აღემატება თვით მისი განგებულება, რომლითაც თავისი მხოლოდშობილი ძე მოავლინა ქვეყნად ჩვენი ხსნისათვის და სიკვდილსაც არა ჰრიდა, რათა ჩვენ გამოვესყიდეთ სიკვდილის, ცოდვის და ეშმაკის ტყვეობისაგან! მაშ, განვიღვიძოთ გონება ძილისაგან და გულიც აღვიგზნოთ ღვთისმოშიშების ცეცხლით!
წმინდა ანტონი დიდი

თუმცა ღმერთი, ყოველი დროის შესატყვისად, ყოველგვარ შესაძლებელ საშუალებას ანიჭებს ადამიანის სულს კურნებისათვის, მაგრამ თავისი განგებულება კაცთა მოდგმის სახსნელად მას არაფრით ისე სრულყოფილად და კეთილმოწყალედ არ გამოუხატავს, როგორც თავისი მხოლოდშობილი ძის ამქვეყნად მოვლინებით - ხორციელქმნითა და განკაცებით გამოხატა, რამეთუ თვით სიბრძნემ და სიტყუამ ღმრთისა, თანადაუსაბამო და მხოლოდშობილმა ძემ კეთილად ინება სრული ადამიანური ბუნება მიეღო საკუთარ თავში, თვინიერ ცოდვისა და განკაცებულიყო... ამგვარად, ხორციელ, ყოველივე ნივთიერთან და ქვეყნიურთან წილნაყარ ადამიანებს, შემოსილთ სხეულებრივი გრძნობებით, რომელთაც გონებით არ ძალუძთ ჭეშმარიტების სრულყოფილი შეცნობა, ღმერთმა დაანახა, თუ რა მაღალი ადგილი უკავია ქმნილებათა შორის ადამიანურ ბუნებას, შექმნილს შემოქმედი ღმერთის ხატად და მსგავსად. ხოლო დაანახა ეს იმით, რომ არათუ ხილული სახით მოევლინა ადამიანებს (რაც მას რაღაც ეთერული სხეულის მეშვეობითაც შეეძლო და რაც ადვილი აღსაქმელი იქნებოდა ჩვენი სხეულებრივი მზერისათვის), არამედ - ჭეშმარიტი ადამიანის სახით, რამეთუ საჭირო იყო ის ბუნება მიეღო შემოქმედ ღმერთს, რომლის გამოსყიდვა და ხსნა ეშმაკის, ცოდვისა და სიკვდილის ტყვეობისაგან კეთილად ინება.

ადამიანები თავის წარსაწყმედად მიესწრაფვიან სიმდიდრის მოხვეჭას - ხორციელ სიამეთა ამ აუცილებელ თანამგზავრს. მან კი გლახაკად ყოფნა ამჯობინა; იმათ ქვეყნიური დიდება-პატივი და ძალაუფლება სწყუროდათ, მან კი არ ისურვა ქვეყნიური მეფობა. ხორციელ შვილთა ყოლას ადამიანები უდიდეს სიკეთედ მიიჩნევენ, მან კი უგულებელყო თავისთვის ქორწინება და ხორციელი შთამომავლობის დატოვება; ისინი უკიდურესი ზიზღით უფრთხიან თავის უპატიო-ყოფასა და დამცირებას, იესო ქრისტემ კი მრავალი შეურაცხყოფა დაითმინა. ადამიანებს ყველაზე მეტად ეშინიათ სიკვდილისა, იგი კი საკუთარი ნებით დაექვემდებარა სიკვდილს თავისი ადამიანური ბუნებით... და ჩვენც ნებისმიერი ცოდვის ჩადენა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგვიძლია, თუკი იმას ვისურვებთ, რაც იესო ქრისტემ მოიძაგა, ანდა თუკი გავექცევით იმას, რაც მან დაითმინა. ამრიგად, მთელი მისი ქვეყნიური ცხოვრება და საზოგადო მსახურება ზნეობრივი მაგალითი და დამოძღვრა იყო. ხოლო მისმა მკვდრეთით აღდგომამ ცხადზე უცხადესად დაგვანახა, რომ ადამიანური ბუნების სულ მცირე ნაწილიც კი არ ისპობა, როცა ყოველივე მასში მრთელი და ჯანსაღია ღმერთის მადლის შეწევნით...
ნეტარი ავგუსტინე

სრულყოფილი ღმერთი სრულყოფილ ადამიანად შეიქნა, რაშიც მისი უსაზღვრო ძლიერება გაცხადდა. რა უნდა იყოს ამაზე აღმატებული, რამეთუ ღმერთი განკაცდა! სიტყუა ღმრთისა ხორციელ-იქმნა დაურღვევლად, - სულიწმიდისაგან და ქალწულ მარიამისაგან, წმინდა, მარადის ქალწულისა და ღვთისმშობელისაგან... და მოგვევლინა შუამავლად ღმერთსა და ადამიანებს შორის, განკურნა ჩვენი ურჩება ადამიანური ბუნების მიღებით და მისაბაძ მაგალითად შეიქნა ჩვენთვის თავმდაბლობისა და მორჩილებისა, ურომლისოდაც შეუძლებელია ჩვენი ცხოვნება.
წმინდა იოანე დამასკელი

ღმერთის ძე და სიტყუა ღმერთი მხოლოდ იმისთვის როდი მოევლინა ქვეყნიერებას და განკაცდა, რომ ადამიანებს ყოვლადწმინდა სამება ერწმუნათ, განედიდებინათ და ეხარებინათ, არამედ იმისთვისაც, - და ეს არის სწორედ ყველაზე მთავარი, - რომ ეშმაკის ბოროტი საქმეები დაერღვია. და თუკი ცალკეულ ადამიანშიც - ქრისტიანშიც - დარღვეულია ეშმაკის ბოროტი საქმეები, მას ღვთისმეტყველებისა და მართლმადიდებელი დოგმატების საიდუმლოც შეიძლება მიენდოს; ხოლო თუკი ადამიანი ქრისტიანად იწოდება, მაგრამ საკუთარ თავში ჯერ არ დაურღვევია ეშმაკისმიერი საქმეები, იგი წარმართს მიემსგავსება და ამიტომ მასაც, ისევე როგორც წარმართს, უნდა აეკრძალოს შესვლაც კი უფლის წმინდა ეკლესიაში, - რომ აღარაფერი ვთქვათ ისეთ დიდ და საპასუხისმგებლო საქმეებზე, როგორიცაა საღმრთო წერილის ახსნა-განმარტება თუ ღვთისმეტყველების საკითხებზე მსჯელობა, რამეთუ როგორც დავით მეფე ამბობს, "ცოდვილსა მას ჰრქუა ღმერთმან: რაისათვის-მე მიუთხრობა შენ სიმართლეთა ჩემთა და აღიღებ აღთქუმასა ჩემსა პირითა შენითა?!" (ფს. 49,16). ამიტომ ასეთმა ცრუ ქრისტიანმა არც კი უნდა წაიკითხოს წმინდა წერილი.
წმინდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი
ბეჭდვა
1კ1