კაცს, რომელსაც გულში ღმერთი ჰყავს, ყველა სიკეთე აქვს
კაცს, რომელსაც გულში ღმერთი ჰყავს, ყველა სიკეთე აქვს
წმინდა კოზმა ეტოლიელი - იგავები
I იგავი. ერთი ვაჭარი, რომელსაც უგუნურს ეძახდნენ, 40-50 წელი ვაჭრობდა ისე, რომ სარგებელი არა ჰქონდა. ერთხელ შუა გზაზე განძით სავსე ტომარა იპოვა. იქვე იდო ერთი ალმასიც. აიღო და ზარაფთან წაიღო გასასინჯად. ზარაფმა - ალმასის გარდა ყველაფერი ყალბიაო. ვაჭარმა არ დაუჯერა და სხვა ზარაფთან წავიდა. მანაც იგივე უთხრა. ვაჭარი დაღონდა. ხელი მოჰკიდა ტომარას და შინისაკენ გასწია.

გზაზე ერთი ბრმა შეხვდა და გადაწყვიტა შეემოწმებინა, რა ძალა ჰქონდა ნაპოვნ ალმასს. როგორც კი შეახო, მაშინვე აეხილა თვალი. გაიხარა ვაჭარმა. გზა განაგრძო. შეხვდა ყრუ-მუნჯი. ალმასი შეახო თუ არა, მაშინვე ყურიც აეხსნა და ენაც. განრღვეულს შეხვდა - განკურნა. ღარიბი გაამდიდრა, მოხუცი გააყმაწვილა, მკვდარი გააცოცხლა. ვაჭრის გული სიხარულით აივსო, ტომარა ზღვაში მოისროლა, მხოლოდ ალმასი დაიტოვა და შინ დაბრუნდა.

მოახლოვდა ვაჭრის სიკვდილის ჟამი. მოუხმო ყველა ახლობელს და უთხრა: - 40-50 წელი ვვაჭრობდი, მაგრამ განსაკუთრებული მოგება არ მიმიღია. ვიპოვე ტომარა, რომელშიც ყალბი ოქროს დუკატები, გროშები და მარგალიტები იყო, მათთან ერთად ერთი ნაღდი ალმასი. ის მკვდრებს აღადგენს, ღარიბებს განამდიდრებს, ბრმას თვალს აუხელს, ყრუს სმენას უბრუნებს და კურნავს ყველა სნეულებას. ახლა, როცა ვკვდები, მემკვიდრეობით სხვას ვერაფერს გიტოვებთ, ამ ალმასის გარდა. თქვენ მას შესაფერისი ადგილი უნდა განუჩინოთო.

ნათესავებმა ბევრი ეძებეს ალმასის შესანახი ადგილი. ბოლოს იპოვეს ტოლგვერდებიანი მარმარილოს სამკუთხედი, მასზე დადეს ალმასი, მაგრამ არ გაჩერდა. სადგამს თეთრი, რბილი ქსოვილი დაუდეს. მაინც არ გაჩერდა. კიდევ ერთი ქსოვილის ნაჭერი დაუფინეს და ალმასიც გაჩერდა. გაიხარეს და ღმერთი ადიდეს.

პირველად უნდა გავარკვიოთ - თუ ვინ არის ეს ვაჭარი, მეორე - რას ნიშნავს ტომარა, მესამე - რა არის გროშები, მეოთხე - რა არის დუკატები, მეხუთე - რას ნიშნავს მარგალიტები, მეექვსე - რას ნიშნავს ალმასი, მეშვიდე - ვინ არიან ზარაფები, მერვე - ვინ არიან ვაჭრის ნათესავები, მეცხრე - რა არის მარმარილო, მეათე - პირველი ქსოვილის ნაჭერი, მეთერთმეტე - რას ნიშნავს ქსოვილის მეორე ნაჭერი.

ამგვარად, უგუნური, ზარმაცი, ლოთი და უსაქმური ვაჭარი მე ვარ, რომელიც 40-50 წელი ვსაქმიანობდი - მთელი ორმოცი წელი სწავლას მივუძღვენი. ღმერთმა ღირსი გამხადა, ტომარა მეპოვა. ეს რას ნიშნავს? ეს წმინდა სახარებაა. გავხსენი და ყალბი დუკატები ვიპოვე. რა არის ეს დუკატები? ისინი იუდეველები არიან, რომლებიც ამბობენ, რომ მათ სწამთ, მაგრამ რწმენა ტყუილია და ეშმაკისგან გამოდის. ასევე ყალბი გროშებიც ვიპოვე. რას ნიშნავს? ისინი უწმუნდურები (მუსლიმანები) არიან, რომლებიც ამბობენ, რომ სწამთ და მათი რწმენა ეშმაკისაა და სიცრუეა. რაღას ნიშნავს ყალბი მარგალიტები? ერეტიკოსები, რომლებიც ამბობენ, რომ სწამთ სამება, მაგრამ მათი რწმენა ყალბია და ეშმაკისგან გამოდის. ალმასი - უფალი და ღმერთია, ჩვენი იესო ქრისტეა. ზარაფები - წინასწარმეტყველნი არიან, რომლებიც წინასწარ გვაუწყებდნენ მამა ღმერთის სიტყვას და ძეზე, დაუსაბამოსა და ყოვლადძლიერზე. ვაჭრის ნათესავები კი ღვთისმოშიში ქრისტიანები არიან, ძენი და ასულნი ქრისტესი. რას ნიშნავს მარმარილოს სამკუთხედი? ეს კაცია, წმინდა სამების მორწმუნე, მაგრამ მხოლოდ რწმენით ვერ გადარჩება. კიდევ რა არის საჭირო? ქსოვილის პირველი ნაჭერი - იგი კაცია მორწმუნე, წმინდა სამებისა და მოყვარული ღვთისა. ქსოვილის მეორე ნაჭერი იმისთვისაა საჭირო, რომ ალმასი დამაგრდეს - წმინდა სამების მორწმუნე, ღვთისა და თავისი ძმების მოყვარული კაცი და მას ძალუძს დაიკავოს ალმასი - უფალი ჩვენი იესო ქრისტე.

კაცს, რომელსაც გულში ღმერთი ჰყავს, ყველა სიკეთე აქვს და შეცოდება არ შეუძლია. მაგრამ როცა გულში არის ეს ალმასი - ანუ ქრისტესმიერი სიყვარული, მაშინ მას გულში ეშმაკი ეყოლება. ხოლო ვისაც გულში ეშმაკი ჰყავს, ყველანაირი ბოროტებით არის შეპყრობილი და ყველა ცოდვას სჩადის. ასე რომ, ჩემო ძმებო, უნდა დაგტოვოთ, მაგრამ არ ვიცი, უფალი კიდევ თუ ღირსმყოფს, თქვენთან ურთიერთობით დავტკბე. ამ ალმასის გარდა არაფერი მაქვს, რომ დაგიტოვოთ. მას განუმზადეთ შესაფერისი ადგილი. ეს ალმასი შეიცავს ხორციელ და სულიერ სიკეთეებს და ბედნიერი იქნება ის, ვისაც პატივად ხვდება, თავის გულში ეს უძვირფასესი საგანძური მოათავსოს და მისი მფლობელი გახდეს.

II იგავი. ერთხელ ერთმა მოსაგრემ უფალს სთხოვა, მრავალი გამოცხადება და საიდუმლო ცოდნა მიეცა. ერთი დაბისკენ მიმავალს ანგელოზი შეხვდა. უბრალო ადამიანად მიიღო. გზა ერთად გააგრძელეს. ერთგან მკვდარი ცხენი იპოვეს. ასკეტმა ცხვირზე ხელი მოიჭირა, ანგელოზმა კი არა. ცოტა გაიარეს და მკვდარი ხარი დაინახეს. განდეგილმა კვლავ ცხვირზე ხელი მოიჭირა, ანგელოზმა - არა. მერე მკვდარ ძაღლს გადააწყდნენ, ასკეტმა ცხვირი ისევ დაიხშო, ანგელოზმა - არა. სოფლის თავში მშვენიერი ქალწული დაინახეს, ძვირფასი სამკაულებით განმშვენებული. მაშინ უკვე ანგელოზმა აიფარა ცხვირზე ხელები. განდეგილმა ჰკითხა: "ვინ ხარ, ანგელოზი თუ ეშმაკი? მკვდარი, აყროლებული ცხენის, ხარის და ძაღლის ნახვისას ცხვირი არ მიაბრუნე, ახლა კი, ამ მშვენიერ გოგონას რომ შეხვდი, ხელებს იფარებო?"

ანგელოზმა გაამხილა ვინაობა და განდეგილს უთხრა: - ისე არაფერი სძაგს უფალს, როგორც ამპარტავნებაო და მაშინვე გაუჩინარდა.

ასკეტმა კი თავისი კელიისაკენ ისწრაფა და თავის ცოდვებზე იწყო ტირილი, შეევედრა ღმერთს, ეშმაკის საფრთხეთაგან დაეფარა, რათა სიამაყეში არ ჩავარდნილიყო და სული არ დაეღუპა.

III იგავი. ერთი კაცი 15 წელი ერთ მოძღვართან ამბობდა აღსარებას. ერთხელაც მასთან მივიდა აღსარებაზე და მრუშობის ცოდვაზე წაასწრო, - ღმერთო ჩემო, ნამდვილად ჯოჯოხეთი მელოდება. ყველაფერი, რაც შემინდო, შეუნდობელი დარჩაო, - თქვა ეს და მაშინვე წავიდა.

გზად წყურვილმა აიტანა. რუ დაინახა, რომელიც იმდენად წმინდა იყო, რომ კაცმა თქვა:

- თუ ეს წყალი ასე წმინდაა და გამჭვირვალე, რაოდენ წმინდა იქნება წყარო, საიდანაც მოედინებაო. დაეწაფა და შესვა. ამის მერე ამ წყაროს თავამდე მივიდა. იგი მკვდარი ძაღლის პირიდან მოედინებოდა. კაცმა მძიმედ ამოიოხრა: - ღმერთო ჩემო, შევიბილწეო.

მაშინ უფლის ანგელოზმა უთხრა: - რატომ მაშინ არ იგრძენი თავი შებილწულად, წყალი რომ დალიე, ახლა კი, როცა იხილე, რომ ძაღლის ლეშიდან მოდის, რად შეიზიზღე? იგი, რა, ღვთისაგან არ არის, რომელმაც ცა, მიწა და ყოველივე შექმნა? თუ ძაღლი მწიკვლევანია, ნუ ჯავრობ, წყალი მას არ ეკუთვნის. ასეა მოძღვარიც, რომელთანაც აღსარებას ამბობდი. შენდობა, რომელსაც ის გაძლევდა, მას კი არა, სულიწმინდას ეკუთვნის, და რადგანაც მას მღვდლის ხარისხი აქვს, მეფეებსა და ანგელოზებზე აღმატებულია. თუ ის მრუშია, შენ რა? ის განასახიერებს ძაღლის ხახას და შენ არ უნდა იჯავრო. ყველაფერი, რაც გაპატია, შენდობილია. შენ მხოლოდ მოძღვართან უნდა წახვიდე და შეინანო, თვითონ მას კი ღმერთი განსჯისო და გაუჩინარდა.

კაცი მივიდა თავის მოძღვართან, ყველაფერს მოუყვა და შეინანა, ისე როგორც ანგელოზმა ასწავლა. მოძღვარი ატირდა, შეინანა და ცხონდა. ჩვენც გვმართებს, ყველაფერში საკუთარი თავი დავადანაშაულოთ და მაშინ ვცხონდებით.

IV იგავი. ერთმა კაცმა დიდი სიმდიდრე შეაგროვა. მას არასოდეს ჰქონია არც აღსარების და არც მოწყალების გაცემის სურვილი. ათი წლის ბიჭი ჰყავდა. ერთხელ მდიდარი მძიმედ ავად გახდა. ახლობლები ურჩევდნენ, აღსარება თქვი და რაიმე გააკეთე შენი სულის საცხონებლადო. მან კი უპასუხა: "დაე, ჯანმრთელად იყოს ჩემი ვაჟი, ის ყველაფერს გააკეთებს ჩემი სულისთვის". ის ეშმაკს დაეტყვევებინა და ვერაფერს შეეძლო მისი შეხედულების შეცვლა.

იმ ადგილას ერთი ღვთისმოშიში მამა ცხოვრობდა. მან წვერი მოიპარსა, ერისკაცული სამოსი ჩაიცვა და მდიდრის სახლში მივიდა. რა გინდაო? - ჰკითხეს.

- უცხოტომელი ვარ. შემთხვევით თქვენს სოფელში აღმოვჩნდი და შევიტყვე, რომ თქვენი მმართველი ავადაა. ექიმი ვარ და მის სანახავად მოვედი.

მაშინვე მიიღეს. ავადმყოფის ნათესავები მოძღვრის გარშემო შეიკრიბნენ.

- თავს როგორ გრძნობს ავადმყოფი? - იკითხა მან.

- ცუდად ვარ, - უპასუხა სნეულმა.

- რას გეუბნებიან თქვენი სოფლის ექიმები?

- ვერ გადარჩებიო.

ექიმმა-მოძღვარმა ხელი მოჰკიდა და უთხრა: - ერთი წამლის შოვნა რომ შეიძლებოდეს, გადარჩებიო.

- ასეთი რა წამალია და სად ვიპოვი?

მოძღვარმა თავი მოაჩვენა, თითქოს არ ესმოდა და ჰკითხა:

- რამდენი შვილი გყავს?

- მხოლოდ ერთი.

- ნუ გეშინია. შენი წამალი ნაპოვნია და გპირდები, არ მოკვდები.

მან ჭიქა წყალი და ფქვილი მოითხოვა, ერთმანეთს შეურია და ისე მოაჩვენა, თითქოს მასში რაღაცა ჩაურია და თქვა.

- შენი წამალი მზადაა, ოღონდ საჭიროა, რომ შენი ვაჟი აქ მოვიდეს, ნემსით ვუჩხვლეტ, სამ წვეთ სისხლს ჩავურევ წამალში, შესვამ და გამოკეთდები.

ამ დროს მდიდრის ვაჟი ეზოში თამაშობდა. შემოიყვანეს მამასთან.

- შვილო, მოდი, ნემსს გიჩხვლეტ და სამ წვეთ სისხლს გამოგადენ, რათა მამაშენს წამალი მოვუმზადო, - უთხრა მოძღვარმა.

- რას ამბობ, თითს ხომ არ გავიფუჭებ.

- შვილო, შენზეა დამოკიდებული, მამაშენი გადარჩება თუ მოკვდება. ვერ ხედავ, რამხელა სიმდიდრე შეაგროვა, რომ დაგიტოვოს?

- სულ ერთია, ცოცხალი იქნება თუ არა, ხელს მაინც არ გავიფუჭებ.

მაშინ ექიმმა უთხრა მმართველს:

- მე ამ მხარის მოძღვარი ვარ, და ეს იმის საჩვენებლად გავაკეთე, რომ შენი შვილისგან არ უნდა ელოდო შენი სულისთვის ზრუნვას.

ავადმყოფმა თავი წამოსწია და თქვა: - მე ჩემი ვაჟისთვის დავიღუპე სული, ამდენი მემკვიდრეობა დავუტოვე, მას კი ჩემი სიცოცხლის გადასარჩენად სამი წვეთი სისხლის გაღება შეენანა. მართალი ხარ, მამაო.

მაშინვე დახია ანდერძი. მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა, ვაჟს კი არაფერი არგუნა და დააგლახაკა. მან სამოთხე მოიპოვა და საუკუნოდ იხარებს.

თქვენ, ვისაც შვილები გყავთ, ნუ დააყრდნობთ მათზე იმედს და ნუ იტყვით, კარგები არიან და ჩვენი სულისთვის იზრუნებენო. კაცი რასაც ამ ცხოვრებაში ჩაიდენს, მას იმ ცხოვრებაში პოვებს.
ბეჭდვა
1კ1