წმინდა მამათა გამონათქვამები
წმინდა მამათა გამონათქვამები
არაფერია ლოცვაზე ძლიერმოქმედი და ღვთის სათნოსაყოფად მასზე სასარგებლოც არაფერია.
წმინდა მარკოზ განშორებული


თუკი გსურთ წარმატებულად იღვწოდეთ სათნოებათა მოსაპოვებლად და სრულყოფილად აღორძინდებოდეთ სულიერად, მარადის მშვიდნი და აღუშფოთველნი იყავით გულით. თუ ამას შეიძლებთ, არასდროს იქნებით სირცხვილეულნი ეშმაკისაგან. თუ ეს ნამდვილად გსურთ, ძმანო, მთლიანად დაემორჩილეთ თქვენს სულიერ მამებსა და მოძღვრებს, ყველა მათი რჩევა-დარიგება შეისმინეთ და მაშინ ესევითარნი, შემოსილნი ქრისტესმიერი თავმდაბლობითა და მორჩილებით, არასდროს დაეცემით.
წმინდა მაკარი დიდი, ეგვიპტელი

როგორც დათესილი მარცვალი საჭიროებს წვიმას, ასევე ჩვენთვისაც აუცილებელია ცრემლთა ღვრა. როგორც მიწას ესაჭიროება მოხვნა თუ დაბარვა, ასევე ჩვენი სულისთვისაც აუცილებელი ყოფილა განსაცდელნი, საცდურნი და მწუხარებანი, რათა მან ღვარძლი არ აღმოავლინოს, არ გაამპარტავნდეს და სასტიკი არ შეიქმნას. საგულდაგულო დამუშავების გარეშე ხომ მიწაც არ გამოსცემს კეთილ ნაყოფს!
წმინდა იოანე ოქროპირი

ღმერთის წინამძღვრობით წარმართებული ადამიანი საკუთარი თავისუფალი ნებით იყენებს ამქვეყნიური ცხოვრების სიძნელეებს იმისთვის, რომ სულის სიმტკიცე შეიძინოს. სიამეთა სიუხვისა და წარმავალ სიკეთეთა საცთურის წინაშე გამოცდის იგი თავშეკავების უნარს და კეთილკრძალული ხდება. ცდუნებასა და განსაცდელთა შორის სწავლობს კეთილმოშიშებას და გონიერებით აღვსილი, ცდილობს, არასდროს არაფერში დაუთმოს მათ და კიდევ უფრო გულმოდგინე იყოს ჭეშმარიტების სიყვარულში, რომელიც არასდროს გვატყუებს და არასდროს გვარცხვენს.
ნეტარი ავგუსტინე

ბეჭდვა
1კ1