წმინდა მამათა გამონათქვამები
წმინდა მამათა გამონათქვამები
ამქვეყნიური ჩვენი დაშვრომა და ტანჯვა დროისმიერაა სამძიმო, მოსვენება კი მათ შემდგომ დაუსრულებელია, დროის გარეშეა სანეტარო. მაშ, დავშვრეთ მცირეოდენ, რათა სამარადისოდ მოვისვენოთ. აქ, ამქვეყნად ნუ ვეძიებთ მოსვენებას, რადგან ჭეშმარიტ მოსვენებას ვერ ვიპოვით, არამედ იმქვეყნად, ცათა შინა მოველოდეთ მას, სადაც საუკუნოდ დავიმკვიდრებთ ნეტარ სიმშვიდესა და მოსვენებას.
წმინდა იოანე ოქროპირი

შვილო, შენს სნეულებას ნუ წაუყრუებ, არამედ შეევედრე უფალს და განგკურნავს, განაგდე ცდუნება, გაისწორე ხელი და გული განიწმინდე ყოველგვარი ცოდვისგან... მიეცი ადგილი მკურნალს, რადგან უფალმა შექმნა და ნუ მოიშორებ, რადგან გჭირდება იგი. არის ჟამი, როცა მათ ხელშია წარმატება. რადგან ისინიც უფალს ევედრებიან, რომ შეეწიონ სნეულთათვის შვების მისაცემად და მათ სასიცოცხლოდ.
(ზირაქი 38:9,10,12-14)

სიძაბუნე, უძლურება და ტანჯვა ადამიანს განსაკუთრებულ ვითარებაში აყენებს. ეს ვითარება ან უნდა გავიგოთ როგორც ღვთის მოწოდება, მისკენ მოქცევის შესაძლებლობა, სინანული ან მოთმინება იმ ცოდვათაგან განსაწმენდელად, რომელთაგან თავის დაღწევას ჩვენით ვერ შევძლებდით, ან როგორც განსაცდელი, ღვაწლი, რომლითაც ადამიანი მოწამის "გვირგვინს მოიხვეჭს". სწორედ ამაში მდგომარეობს არსი ქრისტიანული შეხედულებებისა ავადმყოფობაზე, როგორც "ღვთის მოწოდებაზე".

***
ავადმყოფის სარეცელი კალოა. რაც მეტია დარტყმა, მით მეტი მარცვალი გადმოიბნევა და ხვავიც უფრო დიდია. ამის შემდეგ ხორბალი დოლაბის ქვეშ უნდა გატარდეს, შემდეგ ფქვილისაგან ცომი მოიზილება, შემდეგ, როგორც პური, ღუმელში შეიდება და ბოლოს ღვთის ტრაპეზზე დაიდება.
წმინდა თეოფანე დაყუდებული
ბეჭდვა
1კ1